16:02 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
54120

„სკოლა ის რთული სამყაროა, სადაც სუსტები არ არსებობენ, სადაც აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა პიროვნული და პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის” – ასე ფიქრობს თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის მასწავლებელი მარი მაჭარაშვილი.

პროფესიით ფიზიკოსს, შემოქმედებითი ბუნება მოსწავლეებთან, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობას უადვილებს. ტექნიკური განათლება კი პრობლემებზე ორიენტირებაში და მათი გადაწყვეტის გზების ძიებაში ეხმარება. თვლის, რომ სასკოლო სისტემაში ბევრი რამაა შესაცვლელი და მათ ამ ინტერვიუშიც კონკრეტულად მიმოიხილავს.

წერა პედაგოგიურ საქმიანობამდე დაიწყო. წერს ლექსებს და პროზაულ ნაწარმოებებს, რომელთაგან რამდენიმე დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ინტერნეტ-გაზეთში „არა მხოლოდ პოეზია“, ჟურნალებში „ანეული“ და „წმინდა ნინოს ჯვარი”. მისი ლექსები პოეზიის ახალ ანთოლოგიაშია შესული.

მარი მაჭარაშვილი
photo: courtesy of Mari Matcharashvili
მარი მაჭარაშვილი

- ქალბატონო მარი, რადგან ფიზიკოს-ლირიკოსთა კატეგორიაში გადიხართ, საკუთარ თავზე მხატვრულად როგორ მოყვებოდით ამბავს?

-  მე ვარ ქალი, დედა, მეუღლე, მეგობარი და მასწავლებელი და ყველა ამ როლს პასუხისმგებლობით ვეკიდები და კარგად ვართმევ თავს. ბავშვობა გავატარე იმერეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. სადაც არ უნდა ვიცხოვრო, ვგრძნობ, რომ ჩემი ფესვები იქაა და ამაყი ვარ. არ მიყვარს მოწყენილობა და სიბნელე, არ ვინაგვიანებ სულს ბოღმით, შურით, სხვისი განკითხვით, ან რთული და მძიმე ფიქრებით. მიყვარს და მიხარია სიცოცხლე. მიყვარს სიცოცხლე ჩემში, ჩემი შვილების და მეუღლის თვალებში. არ შემიძლია ადამიანების გულის ტკენა, მათი ჩიხში მომწყვდევა და იმ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. მაკვირვებენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით მომხვეჭელობაზე ფიქრობენ, ხვალინდელი დღის გეგმებს აწყობენ და ზუსტად იციან, რას გააკეთებენ ერთი კვირის მერე. მებრალებიან ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებას იმდენად დიდ დროს უთმობენ, რომ საკუთარი ხელიდან ეცლებათ. ვინახავ მხოლოდ ლამაზ მოგონებებს, რომელთაც სულის თაროზე ვაწყობ. მწამს ერთი ღმერთის და ნამდვილი სიყვარულის, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში...

კოლეგებთან
photo: courtesy of Mari Matcharashvili
კოლეგებთან

- ასეთმა შემოქმედებითმა პიროვნებამ ფიზიკოსობა რატომ აირჩიეთ?

- მახსოვს დამრიგებლის სიტყვები ბოლო ზარზე, როცა ყველა მოსწავლეს გვკითხა სად ვაბარებდით და ჩემიც გაიგო, მითხრა – მეგონა ფილოლოგიურს აირჩევდი, ძალიან მეცოდები, რადგან ეგ პროფესია შენი არაა და გაგიჭირდებაო. ახლა ვაცნობიერებ მის სიტყვებს. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა დავქორწინდი ჩემ თანასოფლელ ბიჭზე, რომელსაც წლები ვუყვარდი. უკვე ორი შვილი (გოგო და ბიჭი) წამოზრდილი მყავდა, როცა პირველი სამსახურის შანსი გაჩნდა. ეს იყო კერძო სკოლა “კანდელი“, სადაც მათემატიკის მასწავლებელი სჭირდებოდათ. სწორედ იქიდან იწყება ჩემი „მოწამვლა“ ამ საქმიანობით. იქ რამდენიმე წელი ვიმუშავე და შემდეგ პატარას გამო დავანებე თავი.

- რადგან ამ პროფესიით მოიწამლეთ, შესაბამისად, კიდევ გაგიჩნდებოდათ სკოლაში დაბრუნების სურვილი...

მარი მაჭარაშვილი მოსწავლეებთან ერთად
photo: courtesy of Mari Matcharashvili
მარი მაჭარაშვილი მოსწავლეებთან ერთად

- დიახ, როცა ჩემი პატარა წამოიზარდა, ისევ დავიწყე სამსახურის ძებნა. რეზიუმე გავამზადე და ახლომდებარე სკოლაში წავიღე, და აქაც გამიმართლა. მახსოვს, როცა სკოლაში მივედი, ფოიეში ხელოსნები სკოლის შიდა ფასადს ღებავდნენ. მითხრეს, დირექტორი არ არისო. ერთ-ერთმა ხელოსანმა, როცა ჩემი მისვლის მიზეზი გაიგო, რამდენიმე კითხვა დამისვა. მე გულწრფელად ვპასუხობდი მის კითხვებს. შემდეგ რეზიუმე გამომართვა და დამპირდა, დირექტორს გადავცემო. უხალისოდ წამოვედი, იმედი არც მქონდა. მახსოვს, კვირა დღე იყო, რომ დამირეკეს, დირექტორი გიბარებსო. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა კაბინეტში შესულს ის ხელოსანი დამხვდა, ვინც რეზიუმე გამომართვა. მივხვდი, რომ ადამიანი, რომელსაც ასე თამამად ვესაუბრე, დირექტორი ყოფილა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გამართლება, დიდი გამოცდაც და შანსიც პროფესიულ საქმიანობაში. ადამიანმა ასე უბრალო გასაუბრებით ირწმუნა ჩემი და ახლა საჭირო იყო ამ ნდობის გამართლება. მალე ახალბედა მასწავლებლისთვის თანმდევი ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, თუმცა შემდგომ პრობლემები შესაძლებლობად იქცა, რომელთა დაძლევამაც დროთა განმავლობაში ბევრი სიხარული და წარმატება მომიტანა.

მარი მაჭარაშვილი მოსწავლეებთან ერთად
photo: courtesy of Mari Matcharashvili
მარი მაჭარაშვილი მოსწავლეებთან ერთად

- მოსწავლეებთან ურთიერთობაში რა თვისებები გეხმარებათ?

- არასდროს გამჭირვებია ბავშვებთან ურთიერთობა, საერთოდ არ მახსენდება რთული ბავშვი, რომელიც ჩემს პიროვნულ ღირსებას შეურაცხყოფდა და განსაკუთრებული ზომების მიღება დამჭირდებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ისინი. მასწავლებელმა უნდა შეძლოს თითოეული მოსწავლის განწყობის ამოცნობა, მიხვდეს მის პრობლემას, გააჩნდეს თანაგანცდის უნარი. თუ მასწავლებელს ეს თვისებები არ გააჩნია და მხოლოდ თვის ბოლოს ელოდება, რომ ხელფასი აიღოს, მას გაუჭირდება ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვები ჩვენზე კარგი ფსიქოლოგები არიან, ისინი ზუსტად ხვდებიან, მათ მიმართ მასწავლებლის დამოკიდებულება რამდენად გულწრფელია.

მარი მაჭარაშვილი
photo: courtesy of Mari Matcharashvili
მარი მაჭარაშვილი

- „რას შევცვლიდი სასკოლო სისტემაში“ – თუ გიფიქრიათ ამაზე?

- სასკოლო სისტემაში ბევრი რამაა შესაცვლელი, მე რამდენიმე მათგანს გამოვყოფ, რაც პირადად მეხება. პირველი: შეიძლება ძველმოდურია, მაგრამ სასკოლო ფორმების საკითხს მოვაწესრიგებდი და მკაცრად გავაკონტროლებდი. სკოლა უნდა იყოს ის დაწესებულება, სადაც მოსწავლეც და მასწავლებელიც უნდა იცნობოდეს და შეხედვისთანავე უნდა გაგიჩნდეს მათ მიმართ მოკრძალება. მეორე საკითხი – ინფრასტრუქტურაა. მოსწავლეებმა რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ამისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თავს ნამდვილ მოსწავლეებად იგრძნობენ. სკოლებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. მერამდენე წელია ვიხვეწებით კომპიუტერებს, რვა კომპიუტერზე 30 მოსწავლე მოდის, რაც ქაოსს იწვევს გაკვეთილზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული მეცნიერება ასე განვითარდა და მასზე მოთხოვნა მაღალია, სკოლებში საერთოდ არ ექცევა ყურადღება ამ საგანს, სახელმძღვანელო წიგნიც კი არ არსებობს. მორიგი პრობლემა სკოლებში, მათ შორის ჩვენთანაც, სპორტული დარბაზის არარსებობაა. სად გაგონილა სპორტის გაკვეთილები საკლასო ოთახში, ან რამდენად ნორმალურია მუსიკის გაკვეთილები პიანინოს გარეშე და კომპიუტერის გაკვეთილები კომპიუტერის გარეშე?! მესამე: ქაღალდომანია. ბევრ დროს ვკარგავთ რაღაც ფურცლების შევსება–მზადებაში წლის განმავლობაში, რომელსაც არავინ კითხულობს. ეს ფუჭი შრომა და თავის მოტყუებაა. მასწავლებელი მთლიანად გადართული უნდა იყოს გაკვეთილის ხარისხზე და არ უნდა კარგავდეს დროს ამ ფურცლებზე.

- მე ვიცი, რომ სკოლაში 12-წლიან სწავლასთან დაკავშირებითაც საკუთარი მოსაზრება გაქვთ, რაც რეპეტიტორების პრობლემას მოხსნიდა...

- ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ცხრა კლასის განათლება საკმარისია მოსწავლისთვის, რომ ყველა საგანში ზოგადი ცოდნა ჰქონდეს. ამ ასაკის მოსწავლეს უკვე მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს ვინ უნდა გამოვიდეს და მშობელი ამის მერე იწყებს რეპეტიტორების ძებნას. ამას მოჰყვება ის, რომ მაღალ კლასებში მოსწავლეები გაკვეთილებს აცდენენ, განსაკუთრებით იმ დღეებს, როცა მათთვის საჭირო საგნები არ აქვთ, ან უარესი – არ უსმენენ იმ მასწავლებელს, რომელი საგანიც არ სჭირდებათ. ეს კი ძალიან შეურაცხმყოფელია მასწავლებლისთვის.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ჩემი აზრით, უმჯობესია მეათე კლასის გასაგრძელებლად მოსწავლეებს არჩევანის უფლება ჰქონდეთ. ისინი უნდა ირჩევდნენ იმ კონკრეტულ საგნებს, რაც სჭირდებათ მისაღებ გამოცდებზე და მხოლოდ ამ საგნებს ახმარდნენ დროს და ენერგიას. მომდევნო სამი წელი მხოლოდ ეს საგნები უნდა ისწავლონ გაძლიერებულად და ამაში ხელი უნდა შეუწყოს მასწავლებელმა. ამით მშობლებს ყველაზე დიდ პრობლემას, რეპეტიტორების პრობლემას მოვუხსნით და მოსწავლეც არ აარიდებს სკოლას თავს, რადგან მის მიერ არჩეულ საგნებს ისწავლის. სწავლას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება და ცოდნასაც გამოიყენებს.

- რას შეადარებდით სკოლას, მასწავლებლისთვის რა სამყაროა ეს?

- სკოლა ის რთული სამყაროა, სადაც სუსტები არ არსებობენ. მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა, სადაც აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა პიროვნული და პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის, რადგან მასწავლებელს უჭირავს მთავარი ბერკეტი, რაც მომავალი თაობის პიროვნებად ჩამოყალიბებაში აუცილებელია. დღეს ცხოვრება სკოლისა და მოსწავლების გარეშე ვერ წარმომიდგენია. ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, იძულებით სწავლას მახსოვრობის უნარი არ გააჩნია, ასე რომ, ასწავლე სიყვარულით და უფალი გაგიკვალავს გზას წარმატებისკენ ბრძოლაშიო...

 

მთავარი თემები