კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: 21 წლის მასწავლებელმა 31 ბიჭი ჩავიბარე

© photo: courtesy of Nana Siamashviliნანა სიამაშვილი
ნანა სიამაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის დასამყარებლად მასწავლებლისთვის ალბათ აუცილებელია ე.წ. „საიდუმლო გასაღების“ პოვნა და, რაც მთავარია, მისი ზუსტად მორგება...

„ყველაზე საინტერესო ჩემს პროფესიაში ისაა, რომ ბავშვში აღმოაჩინო სხვებისთვის შეუმჩნეველი ისეთი თვისება, რის დაფარვასაც რაღაც კომპლექსის გამო თავადაც ცდილობს" - ასე ფიქრობს ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა სიამაშვილი.

სკოლამდე საკავშირო მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ასწავლიდა, პირველი გამოცდილებაც იქ შეიძინა, რაც მომავლისთვის წარმატებული პროფესიული საქმიანობის საწინდარი გახდა.

© photo: courtesy of Nana Siamashviliნანა სიამაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: 21 წლის მასწავლებელმა 31 ბიჭი ჩავიბარე - Sputnik საქართველო
ნანა სიამაშვილი

- ქალბატონო ნანა, თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევები პირველად, ასე ვთქვათ, მოზრდილ მოსწავლეებზე დატესტეთ?

- ასე გამოდის. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1986 წლის სექტემბერში მუშაობა დავიწყე ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მაშინ ესთეტიკის საგნის საათებიც მომცეს. ის ტექნიკუმი  დაკომპლექტებული იყო მერვე და მეათეკლასიანების ბაზაზე, ასაკი შეზღუდული არ იყო, ამიტომ მოსწავლეებს შორის იყვნენ 30-35 წლის ზრდასრულებიც, გათხოვილებიც და ცოლშვილიანებიც. მაშინ 21 წლის ვიყავი, მე - მასწავლებელი, ისინი - მოსწავლეები. ამიტომ ადვილი არ იყო გაკვეთილზე მასწავლებელი ყოფილიყავი ზომიერი სიმკაცრით და სკოლის მიღმა კი მათთან მეგობრული ურთიერთობა გქონოდა. სკოლაში მისვლის დროიდანვე დირექტორმა სადამრიგებლოდ ჩამაბარა მერვე კლასის ბაზაზე დაკომპლექტებული მექანიზაციის პირველი კურსი, რომელშიც 31 ვაჟი ირიცხებოდა. თან, არ დაგვავიწყდეთ, კომუნისტების დროს პროფტექნიკუმსა და ტექნიკუმში ძირითადად რვა კლასის შემდეგ უშვებდნენ იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში არ ან ვერ სწავლობდნენ, ან მიდიოდნენ ისინი, რომელთაც კარგი ატესტატი უნდოდათ და სკოლაში ამის იმედი არ ჰქონდათ. 

© photo: courtesy of Nana Siamashviliგაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: 21 წლის მასწავლებელმა 31 ბიჭი ჩავიბარე - Sputnik საქართველო
გაკვეთილზე

- როგორ გაართვით თავი ამ რთულ ამოცანას?

- მართლაც არ იყო ადვილი, როცა 21 წლის მასწავლებელმა 31 მოსწავლე ჩავიბარე და ყველა ბიჭი იყო. მათი ნდობა და კეთილგანწყობა უნდა მომეპოვებინა და ეს შევძელი კიდეც, რადგან ორი წლის განმავლობაში მათ არცთუ ურიგო დამრიგებლობა გავუწიე. მაღალი კურსის მოსწავლეებთან და მთელ კოლექტივთან ძალიან კარგი ურთიერთობა დავამყარე. მიუხედავად სიძნელეებისა, დღესაც სიამოვნებით ვიგონებ იმ დროს და ჩემს ყოფილ მოსწავლეებთანაც ისევ ვმეგობრობ.

© photo: courtesy of Nana Siamashviliექსკურსიაზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: 21 წლის მასწავლებელმა 31 ბიჭი ჩავიბარე - Sputnik საქართველო
ექსკურსიაზე

- ქართული ენის პედაგოგობა ლიტერატურის სიყვარულით აირჩიეთ?

- პედაგოგობა ოჯახური ტრადიცია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ წიგნის კითხვის ტრადიცია ჩვენს ოჯახში ნამდვილად იყო. თავიდან ეკონომისტობას ვფიქრობდი, მაგრამ სკოლის დამთავრების ბოლო წელს გადავიფიქრე. სტიმული წიგნის კითხვის სიყვარულმა და ბიცოლამ მომცა, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ ლიტერატურაზე საოცრად შეყვარებული.

© photo: courtesy of Nana Siamashviliგაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: 21 წლის მასწავლებელმა 31 ბიჭი ჩავიბარე - Sputnik საქართველო
გაკვეთილზე

- უკვე სამი ათეული წელია ქართულის გაკვეთილებს ატარებთ, ყველაზე დიდი სიამოვნებით რომელი მწერლების შემოქმედებას ასწავლით?

- ძალიან მიყვარს მე-19 საუკუნის მწერლობა. მართალია, ამ საუკუნის დასაწყისი ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად საკმაოდ ტრაგიკულია, მაგრამ სწორედ ამ დროის მწერლობამ მისცა ის მუხტი ჩვენს ლიტერატურას, რომელიც ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს. მედალს ორი მხარე აქვს: მართალია, დამოუკიდებლობა დავკარგეთ, მაგრამ ევროპისკენ გავიხედეთ. კულტურა არასოდეს აკლდა ქართველ არისტოკრატიას, მაგრამ ევროპამ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი შესძინა განათლების მხრივაც. ჩემს ფანტაზიაში სულ იმ დროში ვმოგზაურობ ხოლმე და ვფიქრობ, ნეტავ ახლა ალექსანდრე ჭავჭავაძის, მანანა ორბელიანის და სხვათა სალონებში შემახედა-მეთქი...

© photo: courtesy of Nana Siamashviliნანა სიამაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: 21 წლის მასწავლებელმა 31 ბიჭი ჩავიბარე - Sputnik საქართველო
ნანა სიამაშვილი

- რას შეცვლიდით სასწავლო პროგრამაში, თანამედროვე მწერლებიდან და პოეტებიდან ვის შეიყვანდით და რატომ?

- სასწავლო პროგრამაში? აუცილებლად ცალ-ცალკე საათებს დავუთმობდი ენასა და ლიტერატურას, რადგან ქართული ენის გრამატიკა საკმაოდ რთულია და ლიტერატურული მასალის ბოლოში მიწერილი ზმნის პირისა და რიცხვის ნიშნები ან სტილისტური ხარვეზები და ა.შ. ადვილად გასაგები არ არის. ამიტომ ისევ მასწავლებლებს გვიწევს წვალება და ლიტერატურისთვის გაკვეთილების საათების „მოპარვა", ისიც დაბალ კლასებში, ზედა კლასებში ესეც ძნელია. კიდევ, უნდა შეიცვალოს ქულების დაწერის სისტემა, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ბავშვისა და მშობლის მენტალიტეტი. ხშირად მშობელს მაღალი ქულა სჭირდება სხვასთან თავის მოსაწონებლად ან სხვის ჯიბრზე, თუმცა იცის, რომ მის შვილს არა აქვს შესაბამისი ცოდნის ბაზა. ბავშვისთვის კი ქულებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მშობელს ვერ უწევს წინააღმდეგობას.

© photo: courtesy of Nana Siamashviliმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: 21 წლის მასწავლებელმა 31 ბიჭი ჩავიბარე - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- თქვენ თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე - როგორ შეიძლება თანამედროვე ბავშვს წიგნის კითხვა შევაყვაროთ?

- მე ვფიქრობ, წიგნის კითხვის სიყვარული ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახმა უნდა ჩაუნერგოს, შემდეგ საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, რომ სკოლაში უფრო განუვითარდეს ეს ჩვევა. მერე კი, რა თქმა უნდა, ეს სკოლაში, მასწავლებლის ძალისხმევით უნდა მოხდეს. თუმცა მთავარი ისევ ბავშვია - ძალდატანებით არაფერი გამოვა. პრაქტიკამ მიჩვენა, რომ მასწავლებელი მაშინ ეხმარება ამ უნარის განვითარებაში, როცა ბავშვში სულ პატარა მარცვალი მაინც ღვივის.

- სკოლა მუდმივად მოითხოვს მასწავლებლისგან თვითგანვითარებას...

- თუ სკოლაში გადაწყვიტე მუშაობა, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ სიახლეების არასოდეს შეგეშინდეს. მახსენდება, 90-იან წლებში დამატებით მომცეს საგანი „ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია". მაშინ არათუ მსგავსი საგანი, ეს ტერმინიც ახალი და უცხო იყო ჩვენთვის. არავინ არაფერი იცოდა, სახელმძღვანელოც არ არსებობდა. ერთ დღეს მეძახის დირექტორი და მეუბნება - 10 დეკემბერს სრულდება ამ დეკლარაციის მიღების 10 წელი, მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს, რესურს-ცენტრიდან დარეკეს, რომ თქვენმა სკოლამ ამ თემაზე სარაიონო გაკვეთილი უნდა ჩაატაროსო. ძალიან არ მომეწონა, მაგრამ უარს ხომ ვერ ვიტყოდი. მოვიძიე თითქმის მთელი წლის ჟურნალ-გაზეთები, საიდანაც ამოვკრიბე ჩვენში თუ საზღვარგარეთ ამ თემაზე დაწერილი სტატიები. შესავალი სიტყვა, სქემები, თვალსაჩინოება - ყველაფერი გავამზადე. იმ გაკვეთილზე დასასწრებად ჩამოვიდნენ მასწავლებლები სხვადასხვა სკოლებიდან და რესურს-ცენტრიდან, მათ შორის ჟურნალისტიც იყო. ჩემდა გასაოცრად, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ბავშვები კარგად ამყვნენ, სტუმრებიც ჩაერთნენ და ძალიან საინტერესო და სახალისო გაკვეთილი გამოვიდა. არაჩვეულებრივი ჟურნალისტი გვყავდა, ხელოვნებათმცოდნე, აწ განსვენებული ბატონი ელგუჯა შევარდნაძე, რომელიც იმ გაკვეთილზე მესწრებოდა. მან მთხოვა მისთვის შეგროვილი მასალები გადამეცა, რომ ამ გაკვეთილზე სტატია დაეწერა. მალე ადგილობრივ გაზეთ „ალიონში" მართლაც გამოქვეყნდა ის სტატია. სკოლაში დიდხანს მაქებდნენ. იმის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია და სხვას რომ გადასცე რაიმე ცოდნა, პირველ რიგში თავად უნდა ისწავლო და ყველანაირი სიახლე პირველმა მოირგო.

 

ყველა ახალი ამბავი
0