მცხეთის ჯვრის პროექტი - „ქართლის ცხოვრება“, რომელიც შენ თვალწინ „ცოცხლდება“

© courtesy of Sofio Mikaberidzeდრონით გადაღებული ჯვრის მონასტერი
დრონით გადაღებული ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო და ჩვენთან ჩამოსულ უცხოელს აუცილებლად სანახავ ადგილთა ნუსხაში მცხეთის ჯვარიც აქვს შეტანილი.

ამჟამად მცხეთის ჯვარზე ხორციელდება პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო. მას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ასრულებენ. პროექტში სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებიც მონაწილეობენ. იმის შესახებ, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს ხსენებული პროექტი, ვესაუბრებით მის ერთ-ერთ მონაწილეს, სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს სოფო მიქაბერიძეს. 

© photo: courtesy of Sofio Mikaberidzeსოფო მიქაბერიძე
მცხეთის ჯვრის პროექტი - „ქართლის ცხოვრება“, რომელიც შენ თვალწინ „ცოცხლდება“ - Sputnik საქართველო
სოფო მიქაბერიძე

პროექტში ის ჩართულია როგორც პეტროგრაფი და ქვის კონსერვატორი. სოფო სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტთან არსებული კვლევითი ცენტრის თანამშრომელია და სამშენებლო მასალების კონსერვაციის მეთოდოლოგიის განხრით კითხულობს ლექციებს.

© photo: courtesy of Sofio Mikaberidzeვარძიის წინასაკონსერვაციო კვლევა, 2013 წლის ჯგუფი
მცხეთის ჯვრის პროექტი - „ქართლის ცხოვრება“, რომელიც შენ თვალწინ „ცოცხლდება“ - Sputnik საქართველო
ვარძიის წინასაკონსერვაციო კვლევა, 2013 წლის ჯგუფი

 - სოფო, თქვენთვის ეს მცხეთის ჯვარზე განხორციელებული პირველი პროექტია?

 - როგორც კონსერვატორისთვის, ეს ჯვარზე ჩემი პირველი პროექტი არ არის. როგორც სტუდენტ-პრაქტიკოსს მიღებული მაქვს მონაწილეობა 2011 წელს ჯვრის დიდი ტაძრის ფასადების რელიეფების საკონსერვაციო სამუშაოებში, რომელიც საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და „იკრომის“ (ICCROM) თანამშრომლობით განხორციელდა.

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში

- როგორც პროფესიონალი, როგორ განმარტავთ მცხეთის ჯვრის სარესტავრაციო პროექტის მნიშვნელობას?

- ჯვრის ტაძარი, როგორც ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საუკეთესო ნაწარმოები, ასევე ისტორიული წარსულის ნივთიერ სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ჩვენთვის, კონსერვატორებისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ასეთ ძეგლზე მუშაობა. ჯვრის მცირე ტაძრის სამშენებლო მასალის (ქვა, დუღაბი) კვლევითი და პრაქტიკული საკონსერვაციო სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. პროექტი ჩატარდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა და ფაკულტეტთან ასოცირებული ქვის რესტავრატორების მიერ, პროფესორ ნანა კუპრაშვილის, სანდრო რუბაშვილისა და სალომე ახალაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტში ასევე ჩართული იყო საერთაშორისო ექსპერტი, ქვის კონსერვატორი სტეფანო ვოლტა, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიასთან საკმაოდ ხშირად თანამშრომლობს.

© photo: courtesy of Sofio Mikaberidzeსამხატვრო აკადემიისა და მათთან ასოცირებულ რესტავრატორთა ჯგუფი
მცხეთის ჯვრის პროექტი - „ქართლის ცხოვრება“, რომელიც შენ თვალწინ „ცოცხლდება“ - Sputnik საქართველო
სამხატვრო აკადემიისა და მათთან ასოცირებულ რესტავრატორთა ჯგუფი

- მიმდინარე პროექტი ვის მიერ ხორციელდება და ამ ეტაზე რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს?

- პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ხორციელდება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, რაშიც სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებიც ვმონაწილეობთ. პროექტის ამ ეტაპზე ჯვრის დიდი ტაძრის სამშენებლო ქვის წინასაკონსერვაციო კვლევას ვატარებთ. ამ კვლევაში იგულისხმება ქვის მდგომარეობის შეფასება და დოკუმენტირება, დამაზიანებელი ფაქტორების ანალიზი, ასევე ქვის ლაბორატორიული ანალიზები. წინასაკონსერვაციო კვლევის მეთოდოლოგია საკმაოდ რთული და მრავალმხრივია. მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა ხელოვნების ისტორია, გეოლოგია (პეტროგრაფია-მინერალოგია, საინჟინრო გეოლოგია), ბიოლოგია, არქიტექტურა და თვითონ ქვის კონსერვაცია. ამიტომ პროექტებში თითქმის ყოველთვის ყველა ამ დარგის სპეციალისტია ჩართული. პირადად მე პროექტში ვმონაწილეობ როგორც პეტროგრაფი და ქვის კონსერვატორი.

მცხეთა - Sputnik საქართველო
მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

- თავის დროზე პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?

- მე ვარ სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული, შემდგომ კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი პეტროგრაფიის განხრით. ეს არ იყო თავდაპირველი არჩევანი, როცა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვაბარებდი. თუმცა, იქნებ ჩემი ნამდვილი „მეს“ შესაბამისობით ხელოვნების ისტორიისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, თავიდან, გაურკვევლობისა და პანიკის ნიადაგზე, კინაღამ გავიქეცი, თუმცა დაფაზე გამოკრულმა ცხრილმა არსად გამიშვა. იმ წელს ბაკალავრიატის ფაკულტეტზე ალბათ ორმოცი სტუდენტი მაინც ვიყავით. დამიჯერეთ, თითოეულ ჩვენგანს არასდროს დაავიწყდება ის დრო და ლექტორები – დიმიტრი თუმანიშვილი, იუზა ხუსკივაძე, იოსებ ბანძელაძე, რომლებსაც ყოველ ლექციაზე სხვა სამყაროში გადავყავდით...

© photo: courtesy of Sofio Mikaberidzeვარძიის წინასაკონსერვაციო კვლევა, 2014 წლის ჯგუფი
მცხეთის ჯვრის პროექტი - „ქართლის ცხოვრება“, რომელიც შენ თვალწინ „ცოცხლდება“ - Sputnik საქართველო
ვარძიის წინასაკონსერვაციო კვლევა, 2014 წლის ჯგუფი

- მცხეთის ჯვრის გარდა რომელ პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- მესამე კურსიდან დაწყებული სასწავლო პრაქტიკით სხვადასხვა ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტებში ვმონაწილეობდი. ჩვენს ფაკულტეტს, რომლის დეკანიც იმ პერიოდში პროფესორი ნანა კუპრაშვილი იყო, მრავალი პროექტი აქვს შესრულებული საერთაშორისო ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობით. მაგალითად, გელათის მონასტრის წმ. მარინეს ეკვტერის კედლის მხატვრობის კვლევა – „სუფსისა“ (SUPSI - შვეიცარია) და აკადემიის თანამშრომლობით; ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის წინასაკონსერვაციო კვლევის ოთხწლიანი პროექტი, ასევე ვახსენებ აკადემიისა და ინგლისის კურტოს (Courtauld) უნივერსიტეტის თანამშრომლობას. ვარძიის პროექტის შემდგომ კურტოს უნივერსიტეტის სხვა პროექტში მოვხვდი, ეს იყო ნაგორის სასახლის კედლის მხატვრობის კონსერვაცია, გავიარე სამთვიანი ტრეინინგი რაჯასტანში და ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი სამყარო – ინდოეთი გავიცანი. შემდგომ ამ სამყარომ რამდენიმე წლით დამიტოვა და ჩემი მეორე სახლი გახდა. აღნიშნულის გარდა იყო ბევრი სხვა პროექტიც (ფიტარეთი, ბარაკონი, ხირსა და ა.შ.).

მცხეთის ჯვრის ტაძარი - Sputnik საქართველო
ურწმუნო ერისმთავრის სასჯელი: დიდებული ქართული ტაძრის ისტორია

- თქვენი, როგორც ამ დარგის სპეციალისტის აზრი მაინტერესებს ისეთ თემაზე, როგორიცაა ისტორიულ ძეგლებზე არქიტექტურული ნაწილის დამატება ან მათზე თანამედროვე ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება...

- მსოფლიოში არსებობს რესტავრაცია-კონსერვაციის სხვადასხვა მიდგომა. ამ მიდგომების სახესხვაობები დამოკიდებულია ძეგლზე არსებულ მდგომარეობასა და სხვა მრავალ ფაქტორზე. კონსერვაცია, იდეალურ შემთხვევაში და საერთაშორისო (იუნესკოს) პრინციპის მიხედვით, გულისხმობს ძეგლის მკურნალობას (მის კვლევას, დოკუმენტირებას, დაზიანების პროცესის შეჩერებას, დამაზიანებელი ფაქტორების შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას...) და არსებული სახის შენარჩუნებას ყოველგვარი აღდგენის გარეშე. თუ ძეგლის სტრუქტურის შენარჩუნებლად აუცილებელია არქიტექტურული ნაწილის დამატება, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება სწორედ ძეგლის სამშენებლო მასალისგან განსხვავებულ მასალას, რათა ვიზუალურად მარტივი იყოს ისტორიული და აღდგენილი ნაწილის გარჩევა. კონკრეტულად რომელიმე ძეგლზე კი ვერ ვისაუბრებ. საერთოდ, მარტივია სხვისი კრიტიკა, არავინ იცის მოცემულ მდგომარეობაში ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

წმინდა ნინოს ხატი სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა...

- არაერთხელ ითქვა, რომ მცხეთის ჯვარზე ყოფნის დროს ნებისმიერი ეროვნების ადამიანი განსაკუთრებულ ენერგეტიკას გრძნობს...

 - არ ვიცი განსაკუთრებული ენერგეტიკა რას გულისხმობს – ისტორიას, უამრავი პიროვნების კვალს? ძალას, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია სრულყოფილება და სწორედ ამისკენ სწრაფვაა ყველა ქრისტიანის და, ზოგადად, ყველა ადამიანის ვალდებულება? ალბათ ეს ენერგეტიკა ადამიანის მიერ შექმნილი საკუთარი თავი, ისტორია და ამ ისტორიის მატერიალური ნაწილი – მცხეთის ჯვრის ტაძარია. საერთოდ, მცხეთის ჯვრის მიმართ დამოკიდებულება დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა. ეს ბუნებრივია, რადგან ჯვარი ძეგლია, რომელსაც უძველეს საქართველოში გადაჰყავხარ, სადაც მართლა გგონია, რომ „ქართლის ცხოვრება“ ახლაც, შენ თვალწინ ცოცხალია... საერთოდ, ყველა ძეგლი თავისებურად საინტერესოა და ყველა მათგანზე მუშაობა სასურველი, მაგრამ თუ ვიოცნებებდი, ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა ტაო-კლარჯეთში მემუშავა. ოშკი და ბანა ისეთი ძეგლებია, რომელსაც არ იცი ოდესმე თუ ნახავ, ასე შორეული, ცოტა ზღაპრული და მაინც მშობლიური...

 

ყველა ახალი ამბავი
0