17:56 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (81)
279 0 0

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად რუსეთში მოღვაწე ქართველ ექიმს, ბატონ ლუკიანე მაქაცარიას გაგაცნობთ.

ბატონ ლუკიანეს უმაღლესი კატეგორიის ექიმის სტატუსი და ამ სფეროში მუშაობის 40-წლიანი სტაჟი აქვს. 1982 წლიდან მოყოლებული, ქალაქ ლიპეცკის საოლქო საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგ-უროლოგი გახლავთ. დღემდე ყველა ოპერაცია წარმატებით, გართულების გარეშე აქვს ჩატარებული.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი შემთხვევის შემდეგ მისმა მამამ ტრავმა მიიღო და დაიღუპა. ექიმობის სურვილი და „იდეა-ფიქსიც“ მას შემდეგ გაუჩნდა.

კოლეგასთან ერთად
photo: courtesy of Lukiane Makatsaria
კოლეგასთან ერთად

- ბატონო ლუკიანე, თქვენ შემთხვევაში პროფესიის არჩევას კონკრეტული მიზეზი აქვს...

- ასე გამოდის. ექიმობა ბავშვობაში გადავწყვიტე, მას შემდეგ, რაც მამა დამეღუპა. მინდოდა, რომ მამის მსგავსი ტრავმის მქონე ხალხი გადამერჩინა და დედა გამეხარებინა. დავიბადე ზუგდიდში, სადაც N4 რუსული სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. დედა, ნათელა ჯგუშია 42 წლის მანძილზე ზუგდიდში პროვიზორი გახლდათ. 1973 წელს ერთი გამოცდით მაშინდელი კუიბიშევის (სამარა) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩავირიცხე. სწავლის მერე განაწილებით მოვხვდი ლიპეცკის სამედიცინო ნაწილში, სადაც ინტერნატურა წარმატებით გავიარე.

- პროფესიული განვითარების ბევრი ეტაპი გაიარეთ და, როგორც ვიცი, ოპერაციების გაკეთება ჯერ კიდევ სამედიცინოზე სწავლის დროს დაიწყეთ...

- დიახ, თითქმის ყველა ეტაპი გავიარე. მეორე კურსზე ყოფნის დროს სანიტრად დავიწყე მუშაობა, შემდეგ მედ-ძმად ვმუშაობდი. ოპერაციების კეთება მეხუთე კურსიდან დავიწყე. მას შემდეგ, შემიძლია გადაუჭარბებლად გითხრათ, ჩემ მიერ გაკეთებულ არც ერთ ოპერაციას გართულება არ მოჰყოლია. ეს ამბავი მახარებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ არჩეულ პროფესიაში არ შევმცდარვარ.

კოლეგებთან ერთად
photo: courtesy of Lukiane Makatsaria
კოლეგებთან ერთად

- საუკეთესო წლები თქვენთვის რასთან ასოცირდება?

- საუკეთესო დრო სტუდენტობა იყო. თანაც მაშინ კარგი დრო იყო, ჩვენ ვახერხებდით, რომ კარგად გვესწავლა და თავისუფალი დრო ისე გაგვეტარებინა, როგორც გვინდოდა. სიმართლე გითხრათ, მეჩვენება, რომ ის დრო ბევრად კარგი იყო და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც უფრო თბილი და გულახდილი, ვიდრე ახლა. რუსებთან ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია. ჩემი გარემოცვა ძირითადად სამედიცინო სფეროში დასაქმებული ინტელიგენტი ადამიანები არიან. დღემდე მახსოვს დედის დარიგება - უცხო ქვეყანაში უნდა ეცადო და მათზე ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოო. მგონი, მოვახერხე მისი რჩევის გათვალისწინება...

- სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საკმაოდ დაძაბული ცხოვრება გაქვთ...

- ექიმის შრომა, მით უმეტეს, ბავშვთა ქირურგი-უროლოგის პროფესია ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, მთელი ცხოვრება დაძაბული ხარ. მგონი, წესიერად ვემსახურე ამ პროფესიას, რაც თვითკმაყოფილების შეგრძნებას მიჩენს. თუმცა ახლა, სიმართლე გითხრათ, ნელ-ნელა ვატყობ, რომ დაღლა შემეპარა და სულიერ სიმშვიდეზე ფიქრი დავიწყე. ეს ბუნებრივია, რადგან ცხორების სხვა ეტაპზე გადავდივარ. ოჯახური სიმყუდროვის ნოსტალგია გამიჩნდა. ჩემი ქალიშვილი ეთერ მაქაცარია სამ შვილთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს და ძალიან მენატრება.

- საქართველოში ვინ გენატრებათ?

- საქართველოში მენატრება ჩემი და ეთერი, რომლის სიყვარულით ჩემს ქალიშვილსაც ეს სახელი დავარქვი. მისი ლამაზი ოჯახი მენატრება და მათ ოჯახურ გარემოში ყოფნა. მახარებს ის ამბავი, რომ ჩემმა დისშვილმაც ექიმის პროფესია აირჩია. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დავიბადე და ბავშვობის ბედნიერი წლები გავატარე. ის ბავშვობა, დედა და მამა მენატრება. მოკლედ, ჩემს ქვეყანაში ყველაფერი მენატრება, რაც დიდი ხანია მოგონებებში დაილექა და ხანდახან სიზმრებში მახსენებს ხოლმე თავს...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (81)

მთავარი თემები