დალი ბრეგვაძე - ევროპის ფსიქოლოგთა და ფსიქოანალიტიკოსთა კონფედერაციის წევრი, მინიჭებული აქვს სუპერვიზორის სტატუსი, რაც მას ევროპაში მუშობისა და პროფესიონალებისთვის ლექციების და მასტერ-კლასების ჩატარების უფლებას ანიჭებს. მიწვეულია დიდი ბრიტანეთის ფსიქოტერაპევტთა და კონსულტანტთა ჩრდილოეთ გილდიდან სემინარებისადალექციების წასაკითხად.
იგი ითვლება საქართველოში პირველ ფსიქოთერაპევტად, რომელიც ტრანზაქტულ-ანალიტიკოსი გახლავთ. მიწვეულია საგამოცდო კომისიის წევრად, ლექციებს კითხულობს პეტერბურგის აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიზის ინსტიტუტში. ქალბატონ დალის პეტერბურგში დავუკავშირდით.
- ქალბატონო დალი, საუბარი დავიწყოთ ოჯახით და საქართველოში გატარებულ ბავშვობის გახსენებით...
- დავიბადე თბილისში, ჩვენი ოჯახი წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდანაა, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული. ტკბილად და დიდი სიყვარულით მახსენდება საზაფხულო არდადაგები ბებიასთან. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, მამაჩემი საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო იმ დროისათვის, არც დედა ჩამორჩებოდა. ის მაშინდელი ცეკას გამომცემლობაში ეკონომისტად მუშაობდა. მამა მისი ქვეყნისა და საქმის დიდი პატრიოტი იყო და დღესაც არის. მისი დამსახურებაა საქართველოს საფოსტო მარკის ახლიდან დაფუძნება. მთელი მისი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ფოსტის განვითარებას მიუძღვნა. დედა კი, მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე დიასახლისიც იყო. დღევანდელი გადასახედიდან ეს თითქმის შეუძლებელია. ღვთის მადლით, ორივე მათგანი მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს თავს.
გზა თბილისიდან პეტერბურგამდე
დალი ბრეგვაძე: სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებისთანავე სპეციალობით დავიწყე მუშაობა. სხვათაშორის ჩემი მომავალი მეუღლე იქ გავიცანი. დავქორწინდით და შეგვეძინა უფროსი ვაჟი, რომელიც ამჟამად ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ არქიტექტურულ კომპანიაში მუშაობს. ეს ის პერიოდია, როცა ფინანსური და სოციალური მდგომარეობა საქართველოში რთული იყო. ჩემმა მეუღლემ მიიღო გადაწყვეტილება ცოტა ხნით წავსულიყავით პეტერბურგში, სადაც მეუღლის ნათესავებისგან სამსახურის და საცხოვრებელის შემოთავაზება მივიღეთ. ძველი მანქანით, რომელსაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გზაში ნაწილები ცვიოდა და მცირეწლოვანი ბავშვით პეტერბურგის გზას დავადექით.
- როგორც წესი, ემიგრაციის პირველ პერიოდს სირთულეები ახლავს...
- პეტერბურგში სამწუხარო რეალობა დაგვხვდა-არავითარი სამსახურის შემოთავაზება. მივხვდით, რომ ჩვენი თავისთვის თავად უნდა გვეპატრონა. ეს კი ჩაწერის გარეშე რთული იყო. სამსახური როგორმე უნდა გვეშოვნა, მინიმალური საარსებო წყარო მაინც რომ გვქონოდა. მეუღლემ “ტაქსაობა” დაიწყო საკუთარი მანქანით. მე კი საბავშვო ბაღში დამლაგებლად მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ფეხზე დადგომის იმედს ვკარგავდით, გადავწყვიტეთ ბავშვის გაჩენა და შეგვეძინა მეორე ვაჟი, რომელმაც ინგლისში საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი დაამთავრა და სპეციალობით მუშაობს. ჩვენი ცხოვრება სირთულეების გარეშე არ მიდიოდა, ვიცვლიდით ბინებს, რომ იაფად გვექირავებინა. იმ დროს მარტო მეუღლე მუშაობდა. მე კი მარტო ორი ბავშვით დახმარების გარეშე სახლში ვიყავი. პამპერს ვინ დაეძებდა, უბრალო საფენების ფულიც არ გვქონდა. სულ რამდენიმე ცალი საფენი მქონდა და გაშრობას ვერ ასწრებდა. დროთა განმავლობაში ამ ქალაქში შევიძინეთ მეგობრები. ძალიან მალე ფართოდ გაგვიღეს ოჯახის კარები და მათი ოჯახის წევრობა გვაგრძნობინეს. ეს ურთიერთობა იმდენად განვითარდა, რომ ყოველდღიურობაში, შემდეგ კი საათობრივ სატელეფონო საუბრებში გადაიზარდა.
„ეს იყო პეტერბურგში“...
დალი ბრეგვაძე: დიახ, ეს იყო და არის კიდეც პეტერბურგში... ეს ჩემთვის მეორე მშობლიური ქალაქია. მიყვარს მის ქუჩებში სეირნობა, განსაკუთრებით თეთრ ღამეებში, რომელიც შუა მაისიდან იწყება. მეგობრებთან ერთად დიდხანს ვსეირნობ ბუნებრივად განათებულ ღამის ქალაქში. აქ ხშირად იმართება წვეულებები, სადაც ვურთიერთობთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, ვსაუბრობთ არქიტექტურაზე, მედიცინაზე, ხელოვნებაზე. ვიხსენებთ, როგორ ვატარებდით ბავშვებს ქართულ-ხალხურ ცეკვებზე. როგორი წარმატებით გამოდიოდნენ პეტერბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში, ესტრადის თეატრში და სხვაგან. მიყვარს ამ ქალაქის კულტურა, არქიტექტურა, მდინარე ნევაზე აშენებული ლამაზი ხიდები და განსაკუთრებით საინტერესოა როცა შენს თვალწინ ნელ-ნელა იხსნება ეს უზარმაზარი ხიდი. მიყვარს ერმიტაჟში ხეტიალი და უნიკალური ტილოების და ქანდაკებების თვალიერება...
- თქვენი ფსიქოლოგად გახდომის წინაპირობა ცხოვრებისეული სიტუაცია და მოცემულობა გახდა, რაშიც აღმოჩნდით?
- სხვათაშორის ჩემი მეუღლე ხუმრობით მეგობრების ფსიქოლოგს მეძახდა. შემდეგ კი სერიოზულად მთავაზობდა, რომ ამ პროფესიაზე მეფიქრა. მეც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფსიქოლოგია შემესწავლა და პეტერბურგის აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოლოანალიზის ინსტიტუტში ჩავაბარე.
- დღეს მიწვეული ხართ ლექციებსა და სემინარებზე ევროპაში- როდის და ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?
-დიპლომის დაცვის პროცესში კომისიამ შემომთავაზა ნაშრომის შემოკლებული ვერსია გამოექვეყნებინათ ჟურნალში “ფსიქოანალიზი”, რაც ფსიქოლოგებისთვის დიდი პატივია. ასევე იყო შემოთავაზება, რომ გამოვსულიყავი კონფერენციაზე, რომელიც მომდევნო დღეებში ტარდებოდა. რამდენიმე ხანში ლექციების წასაკითხად და კლინიკური პრაქტიკის წასაყვანად ინსტიტუტში მიმწვიეს. ევროპაში სხვადასხვა საფეხურებს ეტაპობრივად ვიცავდი. ყველაზე უმაღლესი საფეხურის დაცვა გავიარე ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, როგორც ფსიქოანალიტიკოსმა და ამჟამად სუპერვიზორის სტატუსით ვარ. რაც ევროპაში მუშობის და პროფესიონალებისთვის მასტერ-კლასების ჩატარების უფლებას მანიჭებს. ფსიქოანალიზის პარალელურად დავეუფლე ისეთ თეორიას, როგორიც არის ტრანზაქტული ანალიზი, რომელსაც სწორედ ფსიქოანალიზის თეორია უდევს საფუძვლად. ხანგრძლივი პრაქტიკული მუშაობის შემდეგ შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში გავიარე დაცვა ფსიქოთერაპევტის სტატუსით. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ დაცვაზე გავედი როგორც ორი ქვეყნის წარმომადგენელი: საქართველო, რუსეთი, ორი დროშით ხელში. მე ვითვლები რუსეთში მე-18 და საქართველოში პირველ ტრანზაქტულ-ანალიტიკოსად ფსიქოთერაპევტის სტატუსში. ჩემი დაცვა შეფასდა უმაღლესი ქულით (100 დან 100 ქულით), რაც იშვიათობაა ევროპაში და პირველი შემთხვევაა რუსეთისთვის. მომავალში საგამოცდო კომისიის წევრად მიმიწვიეს და დიდი ბრიტანეთის ფსიქოტერაპევტთა და კონსულტანტთა ჩრდილოეთ გილდიდან სემინარების დალექციების წასაკითხად.
ზურაბი თუ ირაკლი?- უცნაური დამთხვევა ცხოვრებაში
დალი ბრეგვაძე: ცხოვრება აუხსნელი მოულოდნელობითაა სავსე. გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ამ წუთას რატომღაც, ეს ისტორია გამახსენდა: როცა მეორე ვაჟზე ვიყავი ფეხმძიმედ, სახელებს ვარჩევდით და აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა. მე ძალიან მინდოდა ზურა, ან ირაკლი დამერქვა. მეუღლე წინააღმდეგი იყო. როცა ბავშვი გაჩნდა, გინეკოლოგმა იკითხა რას ვარქმევდით. მე ვუპასუხე, რომ ჯერ არ გვქონდა სახელი გადაწყვეტილი. მან გაოცებულმა მკითხა: როგორ? ამდენს რას ფიქრობთო? თუკი თქვენ ვერ წყვეტთ, მე დაგეხმარებითო. ჩვენთან მუშაობს ორი ქართველი ექიმი: ქირურგი ზურაბი და გინეკოლოგი ირაკლი. ამ ორი სახელიდან აირჩიეთ, რომელიც უფრო მოგწონთო. გაოგნებული ვუყურებდი და ვფიქრობდი ასეთი დამთხვევა როგორ შეიძლება მოხდეს მეთქი. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, როცა ვიხსენებ დღესაც იწვევს ჩემში გაოცებას, სასიამოვნოდ გაოცებას...
- ევროპის ფსიქოლოგთა და ფსიქოანალიტიკოსთა კონფედერაციის წევრი ბრძანდებით - ამ ფარგლებში საინტერესო თემის ინიცირება თუ მოგიხდენიათ?
- დიახ, არის ასეთი თემა ჩემი ავტორობით: “სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხთან თერაპიის თავისებურებები”. დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ნაშრომმა, რადგან ემიგრაციის თემა არსებობს არა მარტო კაბინეტში, არამედ ოჯახშიც, სოციუმსა და პოლიტიკაშიც. საკმაოდ რთული პრობლემაა, რომელსაც სათუთად მიდგომა სჭირდება.
- საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტი საქმიანი იყო...
-ბოლოს საქართველოში, ოქტომბრის თვეში ვიყავი ფსიქოანალიტიკურ კონფერენციაზე “მედეა-ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება.” იქ გავიცანი ქართველი კოლეგები საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებიდან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქალბატონ ხათუნა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევითაც ჩატარდა ეს კონფერენცია. ისე საქართველოში დედ-მამის, ძმის და ნათესავების სანახავად წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდივარ. ამის გარეშე ნამდვილად ვერ გავძლებ, ეს ხომ ჩემი ქვეყანაა, სადაც ჩემთვის მშობლიური ადამიანები ცხოვრობენ…