ემიგრანტი ქალის წერილები: „ხომ შეიძლება თვალები დავხუჭო და არაფერზე ვიფიქრო”

გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ.

ამასთან ერთად ბუნებრივი ნიჭის წყალობით პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ მათ შემოქმედებით ნატურას მატერიალური პრობლემები ვერასოდეს დაჩრდილავს...

ლელუკა ლაშხი – პროფესიით ჟურნალისტი, თეატრალურში დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა და უკვე მესამე კურსის სტუდენტი ცნობილი რეჟისორის გიზო ჟორდანიას ასისტენტი გახდა. საფრანგეთამდე საქართველოში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. მერვე წელია, რაც პარიზში ცხოვრობს და პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრია. ამის გარდა ერთ-ერთი შატოს შეფ-მზარეულიც გახლავთ. 2015 წელს საქართველოში მისი პირველი რომანი გამოიცა, დეკემბერში მეორე დაიბეჭდება. ეს მასალა პოსტებად აკინძული მისი ფიქრებია...

© photo: courtesy of Leluka Lashkhiლელუკა ლაშხი ვაჟიშვილთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: „ხომ შეიძლება თვალები დავხუჭო და არაფერზე ვიფიქრო” - Sputnik საქართველო
ლელუკა ლაშხი ვაჟიშვილთან ერთად

„მერვე წელია პარიზში ვცხოვრობ. არ ვარ ბევრისთვის დამახასიათებელი თვისებებით გამორჩეული ემიგრანტი, რომელშიც ბევრი პათოსი და პატრიოტული მოტივია...

სამჯერ ძალიან ფრთხილად შემოგიღე ოთახის კარი. საბნისა და პლედების გორა დაგიყენებია. ლოკოკინასავით გადევს მხარზე ზვინი და მაინც ადის და ჩადის მაღლა-დაბლა შენი ძლიერი ფილტვების გამო. თაფლი ჯერ კიდევ ორი თვისას გაგასინჯე და მას მერე სვამ. ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი ბიჭი დადექი. ისე მიხარია... ვიფიქრე, შევალ და დარაბებს მაინც გავუხსნი–მეთქი, ან ფანჯარას შევუღებ ოდნავ. ისეთი ჰაერია გარეთ, ისეთი სიმშვიდე, მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდა გაგეღვიძოს. იძინე. გახსოვს, როცა საქართველოს ვტოვებდი, ჩაგეხუტე და ჩუმად გითხარი ყურში – მე ახლა აუცილებლად უნდა წავიდე შიო, შენ არ ინერვიულო, ჩემთან ძალიან მალე იქნები. დაპირება აგისრულე. მერე დაგპირდი, რომ აუცილებლად გექნებოდა საკუთარი სახლი და საკუთარი ოთახი. მე ახლა მის წინ ვდგავარ – ეს დაპირებაც აგისრულე. დაგპირდი, რომ შენი ბედნიერება იქნება ჩემი ცხოვრების ზეამოცანა და ამ გზიდან არასოდეს გადავუხვევდი. გზა, რომელზეც დასაწყისში დაგაყენებ, საითაც უნდა გადაუხვიო, (გარდა იმისა, რაც შენი ჯანმრთელობის ზიანს გამოიწვევს), ყოველთვის ჩემ სახლამდე და გულამდე დაგაბრუნებს. მე ხომ დედაშენი ვარ...

© photo: courtesy of Leluka Lashkhiლელუკა ლაშხი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ხომ შეიძლება თვალები დავხუჭო და არაფერზე ვიფიქრო” - Sputnik საქართველო
ლელუკა ლაშხი

არ ვიცი რამდენად სამართლიანი ვარ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ძალიან იშვიათად, ფაქტიურად არ ვაძლევ მას უსაქმურობის უფლებას. ტრაგედიად მიმაჩნია, თუ ერთი საათი მაინც ისე გავა, რომ არაფერს გავაკეთებ, ვერაფერს „შევქმნი" და არავისზე ვიზრუნებ... მე არ ვიცი, ვინ ჩამინერგა მუდმივი დანაშაულის შეგრძნება, რომელიც ალბათ კომპლექსადაც ჩამომიყალიბდა, მაგრამ საკუთარ თავს უქმად ყოფნის უფლებას ვერ ვაძლევ. ეს მომენტი კი, გამოგიტყდებით, მტანჯავს კიდეც...

ხომ შემიძლია უბრალოდ დავწვე, თვალები დავხუჭო, არაფერს ვუსმინო, არაფერზე ვიფიქრო, არავისა და არაფრის წინაშე პასუხისმგებლობა არ გამაჩნდეს?!. უბრალოდ თუნდაც ერთი საათი ასე ვიყო და არაფერი გავაკეთო, ოღონდ დანაშაულის შეგრძნების გარეშე?..   

მარიკა ჩოჩელი - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: „ბედნიერება ერქმევა გზას, თუ ოდესმე შენზეც იტყვიან „ის აქ არის“

ნამდვილ სიყვარულს რომ შეუძლია სიკვდილზე ფიქრისგან გიხსნას – ეს უკვე პირადად გამოვცადე… რა დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი ახლა ქართულ სუფრასთან, სადაც ზუსტად ვიცი, რომ ახლომახლო ბუხარში, კეცებზე ვიღაც წინსაფარაკრული ბებო ხაჭაპურს აცხობს… ჩემგან მარცხნივ და მარჯვნივ თუჯის სართულებიანი ღუმელია და მასში შეშა ტკაცუნობს. მე სახლის კონიაკს ვწრუპავ და თვალებს ვნაბავ.

იქვე, ატკოჩილ ემალის ჯამზე ბოსტნიდან გადმოტანილი დაკოჟრილი შუშა კიტრები და ვარდისფრად ჩაბრუსკნული პომიდორებია. გვერდით ახლადგარეცხილი ზაფრანისა და რეჰანის ბრუხუნა ფოთლები აქვს შემოწყობილი. წინ გილაგია თეფშები, აი, ისეთები, საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში რომ არის – უსახური თეფშები, უაზრო ფერის ყვავილებითა და გემოვნებააცდენილი ორნამენტებით. თუმცა რაში გაინტერესებს თეფში, როცა ძალიან გშია და წუთი წუთზე წინსაფრიანი ბებო ზედ მის გამოცხობილ ხაჭაპურს შემოგიდებს“...

ყველა ახალი ამბავი
0