სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე

გამოწერა
რეჟისორი, ისტორიკოსი, დიზაინერი, ფოტოგრაფი, ფლორისტი, კოლექციონერი – ეს ყველაფერი ზურაბ შიოშვილია. მომავალში კი, ვინ იცის, იქნებ, მისი საქმიანობის არეალი კიდევ გაფართოვდეს...

რა სფეროთიც უნდა ყოფილიყო გატაცებული, მისი დამოკიდებულება საქმისადმი დილეტანტური არასოდეს ყოფილა – კრეატიული პიროვნება ყველაფრის მიმართ პროფესიონალურ მიდგომას ავლენდა.

იყო დრო, როცა ისტორიულ კოსტიუმს, კონსტრუქციებსა და ნაქარგობას სწავლობდა. ის ალბათ ერთადერთია, რომელმაც „რუსთაველის თეატრის“ სცენაზე 17 წლის ასაკში დადგა სპექტაკლი. 2001 წელს შექმნილი კოსტიუმების საკუთარი კოლექცია თავის სპექტაკლში გამოიყენა. მიწვევა ჰქონდა მრავალი ევროპული  მუზეუმიდან, მიწვეული იყო ვენეციის ბიენალეზეც.

დროთა განმავლობაში ფოტოგრაფიით დაინტერესდა და, ულამაზესი პეიზაჟების გარდა, ხუთი წლის მანძილზე ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს იღებდა, ამიტომ მის ფოტოარქივს ისტორიული ღირებულებაც აქვს. ბოლო წლებია იკვლევს თემას – ქართველთა როლი პალესტინის ისტორიაში...

ფლორისტიკით დაინტერესების შემდეგ მეგობართან ერთად ასურეთში გააშენა ბაღი, რომელმაც უცხოელების ყურადღება უკვე დაიმსახურა.

და კიდევ, არის თემა, რომელსაც ის ყველაზე სათუთად ეკიდება – ბოლო დროს სასწაულმოქმედი ხატის მცველი გახლავთ...

© photo: courtesy of Zurab Shioshvili / FB ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა
სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე - Sputnik საქართველო
ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა

- ბატონო ზურაბ, თქვენზე ბევრი განსხვავებული მიმართულებით შეიძლება საუბარი, მაგრამ რადგან პროფესიით რეჟისორი ხართ, საუბარი თეატრით დავიწყოთ...

- დიახ, ალბათ მაინც თეატრით უნდა დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც, ანუ ბავშვობაში ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა და ყველაფერს საფუძველი მაშინ ჩაეყარა. ჩემი მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ შვილებს ფართო დიაპაზონის განათლება გვქონოდა. მივიღე მუსიკალური განათლება, ვოკალს ერქომაიშვილებთან ვსწავლობდი, ვძერწავდი, ვხატავდი და ეს ყველაფერი ალბათ გაერთიანდა ისეთ სინთეზურ პროფესიაში, როგორიც რეჟისურის პროფესიაა. გამონაკლისი და ამავდროულად ის ბედნიერი ადამიანი ვარ, რომელმაც მცირე ასაკში, 17 წლისამ დავდგი სპექტაკლი „რუსთაველის თეატრის“ სცენაზე მოწვეული ახალგაზრდა მსახიობებით. ეს იყო პროსპერ მერიმეს „კარმენი". ამ ნაწარმოების პიესა არ არსებობდა, პატარა ნოველაა და პიესისთვის ტექსტიც თავად გავაკეთე.

- სპექტაკლებისთვის მუსიკაც გაქვთ დაწერილი...

- მუსიკას ბავშვობიდან ვწერდი, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა საჯაროდ უნდა გაჟღერებულიყო. რუსთაველის თეატრის პარალელურად, როგორც მუსიკალური გამფორმებელი, დოდო ალექსიძის თეატრშიც მიმიწვიეს. ამოცანა იყო ურთულესი – ფლეტჩერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ხაჩატურიანის მუსიკით იყო გაფორმებული. ეს ის მუსიკაა, რომლითაც ჰოლივუდმა მთელი ეპოქა შექმნა. ამავე სპექტაკლისთვის მუსიკა უნდა დამეწერა, რაც არ იყო მარტივი ამბავი. თან ჩემი მუსიკა ხაჩატურიანის უკვდავი ქმნილებების გვერდით როგორც ერთი მთლიანი, ცოცხლად უნდა გაჟღერებულიყო. პარალელურად რამდენიმე თემა დავწერე მერიმეს „კარმენისთვისაც", რომელსაც, როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის თეატრის სცენაზე ვდგამდი. ორივე სპექტაკლის დროს ცოცხალ აკომპანემენტს თავად ვაკეთებდი. „კარმენმა" დიდი წარმატება მომიტანა.

© photo: courtesy of Zurab Shioshvili / FBზურაბ შიოშვილი იერუსალიმში
სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე - Sputnik საქართველო
ზურაბ შიოშვილი იერუსალიმში

- როგორც ჩანს, შემოქმედებითი „ავანტურისტი“ ხართ და ახალ-ახალი გამოწვევის წინაშე საკუთარი ნებით დგებით ხოლმე, შემდეგ რა მოხდა?

- ასეა... იმის შემდეგ, რაზეც გიამბეთ, საკუთარი თავი კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დავაყენე. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, მიყვარს ყოველთვის რაღაც გრანდიოზულის კეთება და რაიმე სიახლის მოფიქრება. ალბათ ამიტომაც იყო, რომ უამრავ დარგს ვსწავლობდი და ყველას ისე ვეკიდებოდი, როგორც პროფესიას სწავლობენ. ასე იყო კოსტიუმების შემთხვევაშიც – როდესაც ყველა ეპოქისა და კულტურის ისტორიული სამოსი ძირეულად შევისწავლე. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო საქმე იყო და 2001 წელს დავიწყე კალდერონის „ცხოვრება სიზმარიას" დადგმა, რომლის პრემიერაც „მარჯანიშვილის თეატრის“ სცენაზე შედგა. ამ სპექტაკლისთვის კოსტიუმების ესკიზები თავად გავაკეთე და სამკერვალოებში მკერავებთან ერთადაც ვმუშაობდი.

- ისტორიული გმირებისთვის სამოსს სპექტაკლისთვის ორიგინალის მიხედვით ქმნიდით?

- ერთდროულად სხვადასხვა ეპოქის და ქვეყნის კოსტიუმები გავაკეთე, როგორც ეგვიპტური, ისე ფრანგული, ესპანური და სხვ. თავად კოლექცია ძალიან საინტერესოდ იქმნებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი კოსტიუმი საფრანგეთის მეფე კარლ მეცხრის პორტრეტის მიხედვითაა შექმნილი და მეფის სამოსის ასლია, დედოფალ ნეფერტიტის სამოსი კი ძველეგვიპტური კედლის მხატვრობიდან გაცოცხლდა. თუმცა ამ სამოსისგან უმეტესობა საავტორო გახლავთ. მე ასევე მოვიძიე მე-17 საუკუნის მოდის ჟურნალი, სადაც იმ ეპოქის სამოსი იყო და ზოგი იქიდან აღვადგინე. თავად კოსტიუმები არაა ტიპიური თეატრალური,  აპლიკაციით კეთდება და ერთგვარი ბუტაფორიაა. მინდოდა ორიგინალური დეტალებით კიდევ უფრო მეტი შემომენახა ამ კოსტიუმებში, ამიტომ ისინი მოვაქარგვინე ქალბატონს, რომელიც საბჭოთა დროს კრემლის მუზეუმისთვის ქმნიდა ნაქარგებს. ფეხსაცმელი კი სტალინის მეწაღემ შეკერა. ვითომ დეტალია, მაგრამ საინტერესოა და ამით ნამუშევარი ისტორიის ნაწილი გახდა.

© photo: courtesy of Zurab Shioshvili / FB ზურაბ შიოშვილი
სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე - Sputnik საქართველო
ზურაბ შიოშვილი

- მარტო თეატრით არ შემოიფარგლეთ, სამოსი კინოსთვისაც გაქვთ შექმნილი...

- ფილმი, რომელზეც დავიწყე მუშაობა ავსტრალიელებმა დამიკვეთეს. სამწუხაროდ, ფილმი ვერ დასრულდა, მაგრამ მასზე საკმაოდ ბევრი ვიმუშავე როგორც რეჟისორმა და როგორც კოსტიუმების მხატვარმაც. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. მთავარი იდეა ამ კოსტიუმების შექმნისა ის იყო, რომ ძველი ტექნიკა მცოდნოდა და ეს დარგი გამეცოცხლებინა, რაც, ვფიქრობ, კარგად გამომივიდა.

- თქვენი კოსტუმები უცხოეთშიც იხილეს, სად იყავით მიწვეული?

- ჩემი კოსტიუმების გამოსაფენად მსოფლიოს მრავალ მუზეუმში მიიწვიეს. გარდა კოსტიუმებისა, მათ, მგონი, უფრო ის ფენომენი აინტერესებდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ერთ კაცს ამდენი რამ შეექმნა და თანაც 19-20 წლის ასაკში. დაახლოებით ოცამდე მუზეუმმა მიმიწვია. იქიდან გამოვყოფდი ბრიტანეთის კოსტიუმების მუზეუმს, ბრიტანეთის დიზაინის მუზეუმს და ვენის საიმპერატორო მუზეუმს. პატარა ბიჭისთვის საკმაოდ ამბიციური ფაქტი იყო, როცა ვენაში ან, თუნდაც, ლონდონში ევროპული კოსტიუმების კოლექციით მიგიწვევენ.

ამის შემდგომ ჩემი ცხოვრება უკავშირდება ევროპულ ფესტივალებს. ევროპელი ხელოვანების რეკომენდაციით გამონაკლისის სახით მე ვიყავი ერთადერთი არა ფრანგი, რომელიც კენჭს იყრიდა ავინიონის ფესტივალის დირექტორთა საბჭოში. ამ წარმატებამ კიდევ უფრო გამიხსნა გზა და უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა მომცა, თუმცა ყველაფერი რთული იყო. ამ ფესტივალების ფასი იმ დროს ჩვენთან ორმა თუ სამმა იცოდა.

© photo: courtesy of Zurab Shioshvili / FBზურაბ შიოშვილისა და გიორგი ჭოლოკავას ბაღი ასურეთში
სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე - Sputnik საქართველო
ზურაბ შიოშვილისა და გიორგი ჭოლოკავას ბაღი ასურეთში

- ფოტოგრაფიით თქვენი გატაცება როდის მოხდა და რა ინახება თქვენს პირად არქივში?

- ფოტოგრაფიით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული, ამიტომ არც ფოტოგრაფიაში ჩემი მოხვედრა იყო შემთხვევითი. როცა ჩემს მეგობართან გიორგი ჭოლოკავასთან ერთად გადავწყვიტე უნიკალური პროექტი გამეკეთებინა, იმ დროს ჯერ კიდევ ცოტა ვინმე თუ დადიოდა საქართველოს კუთხეებში, და ჩვენც კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და ასევე საარქივო მასალის შესაგროვებლად მიტოვებული ეკლესია-მონასტრების გადაღება დავიწყეთ. ვიღებდით ხუროთმოძღვრულ ძეგლებს და ლანდშაფტსაც. კარგად მახსოვს, როდესაც ხევსურეთის ფოტოები გამოვაქვეყნეთ, მაშინ უამრავმა ადამიანმა დაიწყო ამ კუთხის აღმოჩენა. დამფინანსებელი არავინ გვყავდა, ჩვენი დანაზოგით დავდიოდით და უნიკალურ არქივს ვქმნიდით. ამას ბევრი წელი დასჭირდა და ბევრი კარგი ფოტოც გადავიღეთ. შემდეგ გავემგზავრეთ ტაო-კლარჯეთში. მახსოვს, გამყოლიც არავინ გვყავდა და გზის კვლევა და მასალის შეგროვება ჩვენით დავიწყეთ. როდესაც ამაზე სატელევიზიო გადაცემა გაკეთდა, ჩვენი შრომა ექვთიმეს შრომას შეადარეს. მიხარია, რომ ეს თემა დაიძრა და დღეს უკვე წიგნები და კატალოგებიც კი გამოდის.

- თქვენ მითხარით, რომ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვისაც იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის გახსნის დროს გადაღების ნება დართეს...

- მე და გიორგი ჭოლოკავა ვიყავით ორად ორი ქართველი, ვინც მაცხოვრის საფლავის გახსნის დროს იერუსალიმში ვიმყოფებოდით. იქ უკვე კარგად გვიცნობენ, პატივს გვცემენ და გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ შევიდეთ იქ, სადაც ხშირ შემთხვევაში სხვები ვერ შედიან. ჩვენ გადავიღეთ ექსკლუზიური ფოტო- და ვიდეოკადრები მაცხოვრის საფლავის გახსნის პერიოდში. ასევე გადაღებული გვაქვს ჯვრის მონასტრის უნიკალური ფრესკები და უამრავი საინტერესო ძეგლი საბერძნეთში, ისრაელსა და პალესტინაში.

© photo: courtesy of Zurab Shioshvili / FB ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა
სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე - Sputnik საქართველო
ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა

- თქვენი ინტერესი ასევე განსხვავებული მიმართულებითაც გამოვლინდა – რატომ ფლორისტიკა და რატომ ორქიდეები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსავლელი ყვავილია?

- ყვავილებით გატაცება ჩემ ცხოვრებას მუდმივად გასდევდა და დღესაც გასდევს. ალბათ მიხეილ მამულაშვილის შემდეგ ერთადერთი ბებიაჩემი იყო, ვისაც ულამაზესი ბაღი ჰქონდა. იმ წლებში, როცა ომი იყო და შიმშილი, ვის ებაღებოდა ან ხელოვნება ვის ახსოვდა?! მე კი მაშინ ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. მახსოვს, ცოტა მოგვიანებით უამრავი ადამიანი აკითხავდა ბებიას ყვავილებისთვის. შემდეგ, უკვე 90-იანი წლების ბოლოს აღმოვაჩინე ქალი, რომელიც რუსეთში სავაჭროდ დადიოდა. მოსკოვში ახალზელანდიელებს ჩამოჰქონდათ ეგზოტიკური მცენარეების თესლები, რომელსაც ამ ქალს ვაბარებდი ხოლმე. ასე აღმოჩნდა ჩემს კოლექციაში და პრაქტიკაშიც უნიკალური მცენარეები, თანაც ისეთი უცხო, ჩვენში რომ არავინ იცოდა. ორქიდეებზე პირველად ბავშვობაში, ალბათ, ათი წლის ასაკში გავიგე ჟურნალიდან "მეცნიერება და ცხოვრება", ის ნომერი ახლაც მაქვს შენახული. უკვე ათ წელზე მეტია, რაც უნიკალური კოლექცია მაქვს და ულამაზესი ბაღი, სადაც მრავალი საინტერესო მცენარეა, მათ შორის, მცენარეები წმინდა სავანეებიდან. როდესაც სხვადასხვა წმინდა სავანეში ვხვდებოდი, იქიდან ყოველთვის მომქონდა რაიმე მცენარე და აქ ვახარებდი.

© photo: courtesy of Zurab Shioshvili / FB ორქიდეა ზურაბ შიოშვილის კოლექციიდან
სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე - Sputnik საქართველო
ორქიდეა ზურაბ შიოშვილის კოლექციიდან

- ვიცი, რომ მეგობართან ერთად სასწაულმოქმედი ხატის მცველი ხართ...

- დღეს ყველაზე ძვირფასი საუნჯე მაქვს – მე და გიორგი ჭოლოკავა საკვირველმოქმედი ხატის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის" მცველები ვართ. ეს ხატი დიდი ხანია, რაც მსოფლიოში განდიდდა და მას განსაკუთრებული სასწაულებიც ახლავს. უამრავი ხალხი ჩამოდის მის მოსალოცად. თუ ჩვენ მივდივართ წმინდა მიწაზე, მაშინ იქ მოდიან, რათა ამ ხატს ეახლონ. „დედოფალი" – ასე მოიხსენიებს მას ხალხი სიყვარულით. სასწაული, რაც ამ ხატს ახლავს, შემდეგშია: ხატის რომელიმე ასლზე, ნაბეჭდი კალენდარი იქნება ეს თუ ნაბეჭდი ხატი, ჟურნალის გარეკანი, თუ სხვა რაიმე ფოტორეპროდუქცია, მლოცველი ადამიანის ხელში ღვთისმშობელს ხელები უთბება. ანუ თავად ხატი ცივია, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელი – თბილი... თავად დედა ხატი უამრავ სიხარულსა და ნუგეშს აძლევს მომლოცველებს. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა ისრაელთან სწორედ ხატის იქ ჩაბრძანებით დაიწყო. 2016 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შეიქმნა ქართველთა კუთხე, სადაც ამ ხატის – „დედოფალის" პირველი ასლი დაბრძანდა, რომელმაც წმინდა მიწაზე საკვირველმოქმედება დაიწყო. ამ ხატის უდიდესი სასწაულების შემდეგ, რომელიც იერუსალიმში მოხდა, იერუსალიმის პატრიარქმა იერუსალიმის საპატრიარქო ტაძარში ხატის დასაბრძანებლად ადგილი მოგვცა...

- თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს ისტორიაში აქამდე უცნობ ფაქტებს მიაკვლიეთ...

- სწორედ ხატის იერუსალიმში ჩაბრძანების მერე დავიწყეთ კვლევები და ქართველთა დაკარგული ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლები გავაცოცხლეთ. მაშინ ბევრი ისეთი რამ მოვიკვლიეთ, რაც აქამდე ცნობილი არ იყო. ქართველებს უდიდესი როლი გვაქვს წმინდა მიწის ისტორიაში, ხშირად გადამწყვეტიც. ჩვენში მარტო ის იციან, რომ ოდესღაც გაშლილი დროშებით შევდიოდით, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მაცხოვრის ჯვრის მცველნი სწორედ ქართველები იყვნენ და ეს უდიდესი სიწმინდე ქართველებთან ინახებოდა. ამის დადასტურებას უცხოურ წყაროშიც მივაგენით. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ იმაზე დიდი როლი გვაქვს წმინდა მიწაზე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია...

© photo: courtesy of Zurab Shioshvili / FB ორქიდეა ზურაბ შიოშვილის კოლექციიდან
სასწაულმოქმედი ხატის მცველი რეჟისორი და აქამდე უცნობი ფაქტი იერუსალიმში ქართველების როლზე - Sputnik საქართველო
ორქიდეა ზურაბ შიოშვილის კოლექციიდან

- რა გეხმარებათ ყოველ ჯერზე, რომ თავიდან აღმოაჩინოთ თქვენთვის საინტერესო გზა და საკუთარი თავი ამ გზაზე?

- ამ კითხვაზე ცალსახად გიპასუხებთ – ეს უფალია, რომელიც მეხმარება ცხოვრება უამრავჯერ სუფთა ფურცლიდან დავიწყო... ბუნებრივია, ცხოვრების გზაზე ბევრი წინააღმდეგობა მხვდებოდა, მაგრამ ერთადერთი, რაც ჩემში ვერავინ დაამარცხა, სიყვარულია... შესაბამისად, სიყვარულია ის ნიჭი, რომელიც უფალმა მიბოძა და ის ძალა, რომელიც ყველაფერს ქმნის...

 

ყველა ახალი ამბავი
0