10:04 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მოლოდინი

ემიგრანტი ქალის წერილები: მაშინ ვიღიმები, როცა ჩემი ხუთი წლის შვილიშვილი მახსენდება ...

CC0 / Pixabay
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
147460

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი, ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და შვილებთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა...

ლელა მაისურაძე-კერესელიძე -წარმოშობით ლაგოდეხიდანაა, პროფესიით პედაგოგია და საქართველოში არაქართულენოვან სკოლაში მუშაობდა... ბოლო რვა წლის მანძილზე იტალიის ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობს და მოხუცს უვლის.

ჩემი ცხოვრების ამბავი ასეთია: ოჯახი 18 წლისამ შევქმენი, სამი შვილი მყავს, მეუღლე 20 წლის წინ გარდამეცვალა რუსეთში. ოჯახთან ერთად სწავლა შევითავსე. ფარ-ხმალი არ დავყარე და ვიბრძოდი, რომ შვილები მშიერი არ მყოლოდა. სკოლა- ოჯახი- სოფლის მეურნეობა ყველაფერს ავუდიოდი. პრობლემებს მარტო პედაგოგის ხელფასით ვერ ვუმკლავდებოდი. ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი მყავს. მათაც პედაგოგიური განათლება მიიღეს. საქართველოში დარჩა ჩემი ქალიშვილი, სოფიო, რომელიც სამ ვაჟკაცს ზრდის. ვაჟი სამომავლოდ აპირებს ოჯახის შექმნას.

 იტალიაში ბევრი ვიწვალე, თავიდან გამიჭირდა სამსახურის შოვნა, ახლა მოხუც ქალბატონთან ვმუშაობ და სამსახურის კმაყოფილი ვარ. მშვიდი ბებო მყავს, დილით ადრე ვდგები და ყურადღებით ვარ ხოლმე: ბებოს დროულად უნდა: წამლები, კვება, კონტროლი… პარალელურად ფიქრებით ისევ სახლში ვარ-ვერ ვისვენებ. ყოველი აქაური დღე სავსეა: მონატრებით, ტკივილით და ცრემლით. მხოლოდ მაშინ ვიღიმები, როცა ჩემი ხუთი წლის მონატრებული შვილიშვილი მახსენდება... უფროსმა ქალიშვილმა, ხათუნამ ემიგრანტობის ხვედრი გაიზიარა და აქ იტალიაშია, ჩემთან ერთად.

მე ფლორენციაში ვარ, ჩემი გოგო აქედან რამდენიმე წუთის სავალზეა. ერთმანეთი სულ გვენატრება. დასვენების დღეს ქალიშვილთან მივდივარ და ერთად ვოცნებობთ სახლში დაბრუნებაზე, სამომავლო გეგმებს ვაწყობთ…

მართალია ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, უბრალოება და სისადავე არ უნდა დაკარგოს ქართველმა ქალმა, არ დაგვავიწყდეს: ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.

იცით, ჩემთვის ისიც ბედნიერებაა, როცა შემიძლია საკუთარი თავი ბედნიერად წარმოვიდგინო, თუნდაც ერთი წუთით... ბოლო რვა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი საქართველოში. ჩემი სახლი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანშია, ისევ დგას ამაყად და გველოდება. ალბათ, იცის, რომ ერთხელაც იქნება, დავბრუნდებით და ჩვენი ეზო ძველებურად აჟრიამულდება...

მთავარი თემები