ემიგრანტი ქალის წერილები

© photo: Mano Beridze / FBმანო ბერიძე
მანო ბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი, ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და შვილებთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა...

მანო ბერიძე: „იტალია ჩვენი თავშესაფარია, რომლის შეგუებასაც ვცდილობთ“.

ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ისევე მიჭირდა, როგორც ბევრ ჩვენ თანამემამულეს. პროფესიით ისტორიის მასწავლებელი ვარ. მცხეთის მუზეუმში და სკოლაში ვმუშაობდი სხვადასხვა პერიოდში. ძნელბედობის დროს ნამცხვრების ცხობა დავიწყე. ასე 10 წელი გაგრძელდა. მეუღლე იტალიაში იმყოფებოდა. არცთუ ისე სასურველი ურთიერთობა გვქონდა – ჩვენი შეხედულებები ცხოვრებაზე თავიდანვე განსხვავდებოდა. როცა ვეღარ შეძლო ჩვენი დახმარება (რომელიც საკმაოდ მიზერული იყო), დამემუქრა – თუ არ გადმოვიდოდი იტალიაში, დახმარებას შეგვიწყვეტდა. რა უნდა მექნა? ძალიან არ მინდოდა შვილების მიტოვება, მაგრამ იძულებული გავხდი. ბიჭები ჩემი ავადმყოფი დის იმედად დავტოვე...

 ფატი ბოკელავაძე  - Sputnik საქართველო
"ახლა სიჩუმეა და ამ დროს მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა" – ემიგრანტი ქალის წერილები

ახლა წლებია ვცხოვრობ ფლორენციაში. ეს ქალაქი ყოველთვის მიზიდავდა. უფრო სწორედ, სადაც ვცხოვრობ, ფლორენციის გარეუბანია, გრასინა ჰქვია. აქედან ფლორენციამდე ავტობუსით 15  წუთის სავალია. მომწონს აქაურობა – სიმშვიდეა და ლამაზი ბუნება, რომელიც საქართველოს მაგონებს… სულ ვმეცადინეობდი და ლაპარაკი საკმაოდ კარგად ვისწავლე, ამით გულსაც ვაყოლებდი. მეცადინეობა მეხმარებოდა იმაში, რომ ნაკლებად მეფიქრა პრობლემებზე. ამასობაში შვილებმა უმაღლესში სწავლა დაამთავრეს, მაგრამ ვერ დასაქმდნენ პროფესიით. პატარა ბიჭის გამო ვდარდობ, მიდრეკილება ჰქონდა თამაშისკენ, დარჩა უკონტროლოდ და უამრავ პრობლემას მიქმნიდა, პერიოდულად მისი ვალების გადახდას ვუნდებოდი. ახლა სახლი მაქვს საყიდელი. ერთი წლის წინ ავდექი და გავთავისუფლდი ჩემი ქმრის მარწუხებისგან. ამ ზაფხულს ვაპირებ ჩამოსვლას, რომ შვილს ბინის საქმე მოვუგვარო და მერე ისევ იტალიაში დავბრუნდე, სხვა რა გზაა?.. ბუნებით ხალისიანი ადამიანი ვარ. ვცდილობ რაღაცნაირად გასაძლები გავხადო ჩემი აქაური ყოფა: ვიღაცასთან ხარ შეკედლებული, გაქვს "შენი" ოთახი, ჭამ, სვამ, მიდიხარ, მოდიხარ, მაგრამ ეს შენი ორეული გგონია…

© photo: Mano Beridze / FBმანო ბერიძე
ემიგრანტი ქალის წერილები - Sputnik საქართველო
მანო ბერიძე

უცნაური ხალხი გამოვდექით... აქაურ ქართველებთან არა ვარ გათქვეფილი. დროზე მივხვდი, რომ ასე იყო საჭირო. ისეთები ხდება, რომ არც მინდა დავიჯერო. მარტო ერთი მეგობარი მყავს და ამით ვკმაყოფილდები. არ მეცოდება ემიგრანტების დიდი ნაწილი, რადგან ეს მათი არჩევანია და ჩუმად უნდა იტანდნენ. იტალია ჩვენი თავშესაფარია, რომლის შეგუებასაც ვცდილობთ. მენატრება ჩემი ქვეყანა. ისეთ საქართველოში მინდა ვიცხოვრო, სადაც ადამიანად ჩავთვლი თავს, მაგრამ რა ვიცი, მოვა კი ეგ დრო?..

ყველა ახალი ამბავი
0