13:37 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
თბილისში პუშკინის ბიუსტის ავტორია ფელიკს ხოდოროვიჩი

„გასაოცრად მაგარი ქართველები“ - ალექსანდრ პუშკინის ტფილისური შთაბეჭდილებები

© photo: Sputnik / Besik Pipia
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (32)
20810

ჟურნალისტი ბესიკ ფიფია ალექსანდრე პუშკინის ტფილისში ყოფნის შესახებ გიამბობთ, რომელმაც 1829 წლის 6 ივნისს 30 წლის იუბილე საქართველოს დედაქალაქში აღნიშნა.

ალექსანდრე პუშკინს კავკასიაში ჩასვლის სურვილი ჯერ კიდევ 1827 წელს გაუჩნდა. ძმას, ლევ პუშკინს, რომელიც ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა, წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა:

„ხვალ პეტერბურგში მივდივარ მშობლების მოსანახულებლად… იქიდან კი ან უცხო მხარეში წავალ, ანუ ევროპაში, ან შინისკენ, ანუ ფსკოვისკენ მოვუსვამ, მაგრამ მაინც უფრო საქართველოში წავალ“.

ეს სურვილი ორი წლის შემდეგ აისრულა.

ტფილისში პუშკინი 26 მაისს ჩამოვიდა (ახალი სტილით, 6 ივნისი, - რედ.). სწორედ იმ დღეს შეუსრულდა 30 წელი. საზოგადოება სიხარულით შეეგება პოეტს. სტუმრის პატივსაცემად ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის ბაღში, მტკვრის ნაპირას, ევროპულ-აღმოსავლური საზეიმო საღამო გაიმართა. ეს შეხვედრა „კოლეჟსკი ასესორ“ კონსტანტინ სავოსტიანოვს აქვს აღწერილი: 

 

პუშკინი საქართველოში, ავტორები - უ. ჯაფარიშე. გ. ჯაში, მ. ხვიტია
"პუშკინი საქართველოში", ავტორები - უ. ჯაფარიშე. გ. ჯაში, მ. ხვიტია

„შეკრებილნი იყვნენ: მომღერლები, მოცეკვავეები, აზიელი ტრუბადურები, რომლებიც მაშინ საქართველოში იმყოფებოდნენ. ისმოდა ნაირგვარი მუსიკა. მთელი ბაღი გაჩახჩახებული იყო სხვადასხვა ფერის ფარნებითა და ხეების ფოთლებზე დამაგრებული ცვილის სანთლებით. ბაღის შუაში კი დღესასწაულის გმირის მონოგრამა იყო აღმართული. ოცდაათზე მეტი მასპინძელი ბაღის შესასვლელში წინასწარ შეკრებილიყო ძვირფასი სტუმრის დასახვედრად.

 

როგორც კი პუშკინი გამოჩნდა, მისკენ ხმამაღალი „ვაშას“ ძახილით გაქანდნენ… 

საღამომ შეუმჩნევლად გაირბინა სხვადასხვა ამბებისა და ანეკდოტების მოყოლაში…

ჩვენმა მოკრძალებულმა პუშკინმა საინტერესო მოთხრობებითა და კალამბურებით ყველა აღაფრთოვანა. 

პუშკინი ამ საღამოს მხიარულების აპოთეოზში იყო… ასეთ მხიარულ გუნებაზე არავის უნახავს იგი. კი არ ლაპარაკობდა, არამედ მჭევრმეტყველებდა. ის სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივ მდუმარე და მოღუშული პუშკინისგან“.

 

ნახატი პუშკინი სტუმრად ჭავჭავაძესთან. ავტორი - ა. თომაშვილი
photo: courtesy of A. Tomashvili
ნახატი "პუშკინი სტუმრად ჭავჭავაძესთან". ავტორი - ა. თომაშვილი

პოეტის სადღეგრძელოს დროს ევროპულმა ორკესტრმა მარში დაუკრა, მეგობრებმა მას თავზე ყვავილების გვირგვინი დაადგეს, სავარძელში ჩასვეს, მხრებზე შეიდგეს და ყვავილებით მორთულ შემაღლებულ ადგილზე დასვეს. მერე სათითაოდ მიდიოდნენ მასთან ჭიქით ხელში და როგორც შეეძლოთ, ისე გამოხატავდნენ მისდამი სიყვარულს.

 

როგორც კონსტანტინ სავოსტიანოვი წერს, „პუშკინი დუმდა. და მხოლოდ ღაწვებზე გადმოღვრილი ცრემლები ამჟღავნებდა იმ ღრმა და სასიამოვნო შეგრძნებას, რომლითაც ის იყო განმსჭვალული“.

ბოლოს პუშკინმა ყველას მადლობა გადაუხადა და თქვა:

„არ მახსენდება დღე, როცა დღევანდელზე უფრო მხიარული ვიქნებოდი. ვხედავ, როგორ ვუყვარვარ, ესმით ჩემი და მაფასებენ და ბედნიერი ვარ ამით“.

როცა პოეტმა სიტყვა დაასრულა, გრძნობამოძალებული ყველას გულთბილად გადაეხვია და გულითადი მადლობა გადაუხადა.

 

ნახატი პუშკინი ტფილისში. ავტორი ეკატერინე ბაღდავაძე
photo: courtesy of Ekaterine Bagdavadze
ნახატი "პუშკინი ტფილისში". ავტორი ეკატერინე ბაღდავაძე

თავად პოეტი ტფილისთან პირველ შეხვედრას ასე აღწერს: 

 

„ტრაქტირში გავჩერდი. მეორე დღეს ტფილისის სახელგანთქმულ აბანოებში წავედი... აბანოს წინ მისი პატრონი, მოხუცი სპარსელი იჯდა. აბანოში შემიყვანა. ცხელი რკინა-გოგირდის წყარო კლდეში ნაკვეთ ღრმა აბაზანაში იღვრებოდა. არც რუსეთსა და არც თურქეთში დაბადებიდან არაფერი მინახავს ტფილისურ აბანოებზე უფრო დიდებული…

ქართველები მებრძოლი ხალხია. განათლების მისაღებად დიდი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. საერთოდ კი მხიარული და ერთად ცხოვრების მოყვარული ხალხია. დღესასწაულებზე მამაკაცები სვამენ და ქუჩებში დასეირნობენ. შავთვალა ბიჭუნები მღერიან, დახტიან და კოტრიალობენ; ქალები ლეკურს ცეკვავენ. ქართული სიმღერების ხმოვანება ფრიად სასიამოვნო მოსასმენია… 

ქართველები ჩვენგან განსხვავებულად სვამენ და გასაოცრად მაგრები არიან. მათი ღვინო მგზავრობას ვერ იტანს და მალე ფუჭდება, ადგილზე კი საუცხოოა. კახური [ღვინო] ზოგ ბურგუნდიულს არ ჩამოუვარდება. ღვინოს მარნებში ინახავენ, მიწაში ჩაფლულ ქვევრებში. მათი გახსნისას საზეიმო წესებს ასრულებენ...

 

© video: Sputnik . Levan Avlabreli
თბილისში პუშკინის ლექსები სხვადასხვა ენაზე გაჟღერდა

ტფილისური იარაღი მთელ აღმოსავლეთში ფასობს. გოლიათობით ცნობილი გრაფი სამოილოვი და გრაფი ვ., ჩვეულებისამებრს, ერთი მოქნევით ცხვრის შუაზე გაკვეთით, ან ხარისთვის თავის წაცლით ამოწმებდნენ ხოლმე ახალ ხმლებს…

 

ტფილისის მოსახლეობა მტკვრის წყალს სვამს, მღვრიეს, მაგრამ სასიამოვნოს. ყველა წყაროსა და ჭაში წყალს გოგირდის გემო აქვს. თუმცა ღვინოს ისე ხშირად იყენებენ, წყლის ნაკლებობა რომც იყოს, ვერც შეამჩნევდნენ. 

ტფილისში ფულის სიიაფემ გამაოცა. ეტლით ორი ქუჩის გავლასა და ნახევარი საათით დაცდაში ორი ვერცხლის რუბლი უნდა გადამეხადა. მეგონა, მეეტლე ახალჩამოსულის უცოდინრობით სარგებლობდა, მაგრამ მითხრეს, რომ ფასი სწორედ ასეთია“.  

6 აგვისტოს პუშკინი ტფილისიდან გავიდა და ვლადიკავკაზისკენ აიღო გეზი. გაზეთი „ტიფლისკიე ვედომოსტი“ 1829 წლის 9 აგვისტოს იუწყებოდა: „6 აგვისტოს პუშკინი, რომელიც ერზრუმიდან დაბრუნდა, ტფილისიდან გაემგზავრა. სიტყვაკაზმულობის მოყვარულები ახლა საუცხოო საჩუქრებს უნდა ელოდნენ, რომლებსაც კავკასიის მხარის შთაბეჭდილებებით აღძრული პუშკინის გენია ლიტერატურას შესძენს“. 

თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (32)

მთავარი თემები