03:19 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
მუშაობის პროცესი

შვიდი ქუთაისელი ხელოვანი და ერთი სახელოსნო, ანუ „მე ამისგან გავაკეთებ“

photo: courtesy of Gio Gama
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
1841 0 0

კინოფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რომელიც ქუთაისშია გადაღებული, მთავრდება მოქანდაკე აგული ერისთავის მოსწავლის რეპლიკით: „მე ამისგან გავაკეთებ!..“ რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნება მუდმივად განახლებადი, საინტერესო და ცოცხალი სამყაროა...

2013 წელს იდეებით შეპყრობილი შვიდი ქუთაისელი ახალგაზრდა შეიკრიბა და სტუდია „გამა“ შექმნა. მხატვრებმა და მოქანდაკეებმა გიორგი გამთენაძემ, ასლან მუშკუდიანმა, ლაშა კეკუამ, გრიგოლ ყურაშვილმა, გიორგი ყვავაძემ, რომეო ლეკვეიშვილმა და თორნიკე ყურაშვილმა გადაწყვიტეს, რომ ხელოვნებას თავის ქალაქში ემსახურონ და რაღაც ღირებული შექმნან. ამისთვის კი ჯერ უნდა გადაეჭრათ მთავარი პრობლემა, რაც საჭირო სივრცისა და გარემოს არარსებობაა...

ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს მათ ქალაქში დანგრეული შენობა იპოვეს და სახელოსნოდ აქციეს. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ადგილის გამოცვლა მოუწიათ, სანამ საბოლოოდ არ დაფუძნდნენ იქ, სადაც დღეს არიან. აქამდე კი ყველამ თავისი გზა გაიარა და საკუთარი ისტორიის პირველი ფურცელი დაწერა. გიორგი გამთენაძემ და გიორგი ყვავაძემ ტყიბულის ცენტრში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოხატეს. ლაშა კეკუა და ასლან მუშკუდიანი მახათას მთაზე აშენებული ტაძრის ორნამენტებზე მუშაობდნენ, სხვები ხატავდნენ, გამოფენებში იღებდნენ მონაწილეობას და ხატვის გაკვეთილებს ატარებდნენ. მასალაში მათზე მოგითხრობთ...

გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

პირველი შეკითხვა გიორგი გამთენაძეს დავუსვით.

- გიორგი, როგორ დაიწყო ამ სტუდიის ამბავი?

- თავიდან სამნი ვიყავით და რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომ გაგვეკეთებინა სტუდია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე თვეში ისევ გვიწევდა ფართის ძებნა. 2013 წელს ყოფილი არქიტექტურის სახლში ქუთაისელმა არქიტექტორებმა უსასყიდლოდ დაგვითმეს ფართი, საიდანაც ჩვენთვის ახალი შემოქმედებითი ცხოვრების ათვლა დაიწყო. იმ შენობაში ხუთი წელი ვიყავით, მაგრამ ვინაიდან ის სახელმწიფოს ბალანსზე იყო, მოხდა მისი გასხვისება და ისევ გავხდით იძულებული, რომ ადგილი შეგვეცვალა.

ასლან მუშკუდიანი და ლაშა კეკუა საკუთარ ნამუშევართან ერთად
ასლან მუშკუდიანი და ლაშა კეკუა საკუთარ ნამუშევართან ერთად

- ახლა სად არის თქვენი სტუდია, სადაც საბოლოოდ დაფუძნდით?

- ახლა ვიმყოფებით ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩა N16-ში, რომელიც ქუთაისის რეგიონულმა ორგანიზაციამ ასევე უსასყიდლოდ დაგვითმო. ეს არის ფართი, რომელიც წლებია უკვე უფუნქციოდ იყო და ჩვენი ძალებით აქ შევქმენით სასიამოვნო გარემო, სადაც შეუძლებელია ერთხელ მოხვდე და დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეს.

პირველ სტუდიაში გამოფენელი ნახატები
პირველ სტუდიაში გამოფენელი ნახატები

- თორნიკე, ერთ სივრცეში შვიდ ხელოვანს თანაარსებობა არ გიჭირთ, საამისო ხელსაყრელი გარემო თუ არსებობს?

თორნიკე ყურაშვილი: ერთ სივრცეში ჩვენი თანაარსებობა პრობლემა არ არის, პირიქით, უფრო საინტერესოა. როცა ერთად ვართ, ყველასთვის აუცილებელია მშვიდი გარემო, როცა საჭიროა, ერთმანეთს აზრს ვეკითხებით და ვკამათობთ. ზოგჯერ ლამაზ მუსიკას ვუსმენთ და ასეთი ფონი მუშაობის დროს გვეხმარება. მე, როგორც მოქანდაკე, არა მარტო ქალაქის არამედ ქვეყნის მასშტაბით გამართულ გამოფენებშიც ვმონაწილეობდი.

სახელოსნოს მშენებლობის დროს
სახელოსნოს მშენებლობის დროს

- პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...

- დიახ, 2010 წლიდან ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ. ჩემი მოსწავლეები ქალაქის ფარგლებში ხშირად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში. ვოცნებობ, რომ ჩვენ ქალაქში სამხატვრო მასალები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. კიდევ აუცილებელია არსებობდეს სამხატვრო სალონი, სადაც მხატვრები ტილოზე გადატანილ საკუთარ ნააზრევს გამოფენენ. 

ღვინის სახლის გარე ფასადი
ღვინის სახლის გარე ფასადი

- გიორგი, რა არის აუცილებელი ქუთაისის კულტურული ცხოვრებისთვის?

გიორგი ყვავაძე: მე ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენებზე, რომელიც გალერეა „ვარლაში“ იმართება, 2015 წლიდან ვიღებ მონაწილეობას. გვქონდა გასვლითი ჯგუფური გამოფენები თბილისში, გორსა და ბათუმში. პლენერებზე ვიყავით  ხარაგაულში, ბეშუმში და იტალიის ქალაქ კოზენცაში. ვისურვებდი, რომ ჩვენ ქალაქში ხელოვნების მიმართ დაინტერესება კერძო სექტორიდანაც წამოვიდეს. აუცილებელია, რომ ჩვენ ისტორიულ ქალაქშიც მოეწყოს პლენერები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მხატვრების მონაწილეობით. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ განვითარებას და ამავდროულად ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება.

- გრიგოლ, თქვენ აქტიურად მონაწილეობთ სხვადასხვა პლენერებსა და კონკურსებში, რაზე გწყდებათ გული?

გრიგოლ ყურაშვილი: ჩემი ნამუშევრები 2006 წლიდან გამაქვს საზოგადოების სამსჯავროზე, ისინი უკვე იხილეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მონაწილეობა მივიღე რამდენიმე საერთაშორისო პლენერშიც. უარს არც ქალაქში გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობაზე ვამბობ, რაც ქანდაკების დადგმასა თუ ფასადის მოხატვას ეხება... იცით რაზე მწყდება გული? ამხელა კულტურის მქონე ქალაქში სამხატვრო უმაღლესი სასწავლებელი არ არსებობს. არადა, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ ახერხებს დედაქალაქში ჩასვლას, რათა სამხატვრო აკადემიაში ჩააბაროს. ასეთი სასწავლებელი ჩვენ ქალაქში შემოქმედებითი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, აქ არსებულ ძველ ტრადიციებსაც გააცოცხლებდა, ხატვით დაჯილდოებული ახალგაზრდებისთვის ახალ რეალობას შექმნიდა და გამოაცოცხლებდა ქალაქის კულტურულ გარემოს. ქუთაისი ამას ნამდვილად იმსახურებს!..

 

მთავარი თემები