პედაგოგი, მსახიობი, გიდი, მსაჯი და ტაქსისტი: როგორ იქცა კახელი მეგრული აჯიკის „მამად“

© photo: courtesy of Teona Gogniashviliალეკო აკოლაშვილი
ალეკო აკოლაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შარშან ზუგდიდში საქართველოში პირველად აჯიკის ფესტივალი გაიმართა. ადამიანი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ალბათ ამ ფესტივალის ყველაზე უჩვეულო მონაწილე იყო.

საუბარია თბილისელ ალეკო აკოლაშვილზე, რომელიც წარმოშობით თელავიდანაა. პროფესიით რუსული ენის პედაგოგი, დღეს აჯიკის ბიზნესით და ტურიზმითაა დაკავებული. მის აჯიკას, რომელსაც „კოლხური“ ჰქვია, ზუგდიდის ფესტივალზე 92 მონაწილეს შორის მეორე ადგილი მიაკუთვნეს. ეს რომ სახუმარო ამბავი არაა, ამაში ალბათ ყველაზე ამბიციური მეგრელიც კი დაგვეთანხმება.

ამას გარდა, სახასიათო გარეგნობისა და ნიჭის წყალობით ბატონი ალეკო კინო- და ტელეობიექტივშიც არაერთხელ მოხვდა. 

© photo: courtesy of Teona Gogniashviliალეკო აკოლაშვილი
პედაგოგი, მსახიობი, გიდი, მსაჯი და ტაქსისტი: როგორ იქცა კახელი მეგრული აჯიკის „მამად“ - Sputnik საქართველო
ალეკო აკოლაშვილი

- ბატონო ალეკო, თუ შეიძლება ამიხსენით, როგორ მოგივიდათ თავში კახელ კაცს აჯიკის გაკეთება?

- და თქვენ მითხარით, რატომ არ შეიძლებოდა, რომ მომსვლოდა?

- რა ვიცი, ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა ხინკლის ან ხაშლამის ბიზნესი...

- ან ჩურჩხელის, ხომ?..

- თუნდაც... მოკლედ, როგორ გაგიჩნდათ ეს ავანტიურული იდეა?

- ეს ამბავი შემთხვევით მოხდა. 80-იანი წლების ბოლო იყო. მე და ჩემი მეუღლე გაგრაში ყოველთვის ერთ ოჯახში ვისვენებდით. თუმცა როცა იმ წელს ჩავედით, ნაცნობ ოჯახს რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემა შეექმნა, მგონი, მილი დაუზიანდათ, ამიტომ თავის მეზობლებთან მოგვაწყვეს. იმ ოჯახში რძალი მეგრელი იყო და დედამთილი აფხაზი. როცა საღამოს ვახშამზე მიგვიპატიჟეს, რძალმა თქვა, ამ სადილს ჩვენებური აჯიკა მოუხდებაო. სიმართლე გითხრათ, მაშინ გაგებაში არ ვიყავი, რა იყო აჯიკა. როცა გავსინჯეთ, ძალიან მოგვეწონა. მერე დედამთილმა თქვა, ახლა ჩემი გაკეთებული ნახეთო. იმანაც შემოიტანა და ისიც გავსინჯეთ, მაგრამ როგორ გინდა თქვა – ან ეს ჯობია, ან ისო?.. ამიტომ მაშინვე მოვიფიქრე და ეს ორი აჯიკა ერთმანეთში გადავურიე. მერე კი ვთქვი, თქვე დალოცვილებო, ერთად გააკეთეთ რა, ნახეთ, რა გემრიელი გამოვიდა–მეთქი.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliკოლხური აჯიკა
პედაგოგი, მსახიობი, გიდი, მსაჯი და ტაქსისტი: როგორ იქცა კახელი მეგრული აჯიკის „მამად“ - Sputnik საქართველო
კოლხური აჯიკა

- აჯიკის რეცეპტი ჩაიწერეთ?

- ისე გამოვიდა, რომ რძალ-დედამთილმა ერთმანეთისგან ჩუმად აჯიკის დამზადების საკუთარი რეცეპტი ჩამაწერინა. თითქმის ერთნაირი იყო, მხოლოდ ტექნოლოგია იყო განსხვავებული, რაც დროთა განმავლობაში ჩვენც დავამხეცეთ. წლების მერე მივხვდით, რომ ეს შებოლილი წიწაკისგან დამზადებული აჯიკა იყო.

- ამით საკუთარი კომერციული საიდუმლო ხომ არ გაეცით?

- შებოლილი რომ იყო? არა მგონია, თან რომ გინდოდეს, დიდი რაოდენობით მაინც ვერ გააკეთებ. წარმოიდგინეთ, რამდენი გამხმარი წიწაკა, თანაც შებოლილია ამისთვის საჭირო. ამას ორ-სამ კილოს, მაქსიმუმ, ხუთ კილოს თუ გააკეთებ.

- აჯიკით გატაცება კომერციად როდის იქცა?

- ხუთი წელია, რაც ამ საქმეს კომერციული სახე მივეცით და აჯიკის ჩვენეულ ბრენდს „კოლხური“ დავარქვით. ამ საქმეს ცოლის გარეშე ვერ გავუძღვებოდი. ჩემი მეუღლე, მედეა ლომიძეც თბილისელია, წარმოშობით გორის რაიონიდანაა და ამ საქმეში ისიც ამყვა.

- აჯიკის ფესტივალზე მეგრელებს როგორ აჯობეთ?

- შარშან, სექტემბერში ზუგდიდში ჩატარდა აჯიკის პირველი ფესტივალი, სადაც 92 მონაწილეს შორის მე და ერთმა ადამიანმა მეორე ადგილი გავიყავით, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო.

© photo: courtesy of Ajika Festivalაჯიკის ფესტივალი
პედაგოგი, მსახიობი, გიდი, მსაჯი და ტაქსისტი: როგორ იქცა კახელი მეგრული აჯიკის „მამად“ - Sputnik საქართველო
აჯიკის ფესტივალი

- მეგრელებს არ გაუტყდათ ეს ამბავი?

- რა ვიცი, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ აშკარად არავის უთქვამს. ფაქტია, რომ ეს წარმატება ჩვენი პროდუქციის კარგ ხარისხზე მიუთითებს.

- აჯიკის დამზადების გარდა ტურისტული ბიზნესითაც ხართ დაკავებული...

- დიახ, ტურისტები მყავს და კახეთში ექსკურსიებს ვაწყობ. პროფესიით რუსული ენის ფილოლოგი ვარ, ამიტომ ძირითადად რუსულენოვანი ტურისტები მყავს. შარშან საფრანგეთიდანაც მყავდა ერთი ოჯახი, პარიზელი ცოლ-ქმარი იყო. მათთან დღემდე გვაქვს მიწერ-მოწერა. ღამით ჩემთან, თელავშიც დარჩნენ. ერთი ბიჭი ჰყავდათ, ჩვენთან ყოფნის მერე კი ტყუპი გოგო შეეძინათ.

- ანუ იმოქმედა კახურმა ჰავამ?

- ნამდვილად ასეა. კახური ჰავა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. აი, ჩემზე იტყვის ვინმე, რომ ორ კვირაში 69 წლის გავხდები?

- ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით...

- რა ვიცი, ჩემ თავს წლებს ვერ ვატყობ და არც ისე ურიგოდ გამოვიყურები. 

© photo: courtesy of Teona Gogniashviliკოლხური აჯიკა
პედაგოგი, მსახიობი, გიდი, მსაჯი და ტაქსისტი: როგორ იქცა კახელი მეგრული აჯიკის „მამად“ - Sputnik საქართველო
კოლხური აჯიკა

- ეს აჯიკის დამსახურებაცაა?

- შესაძლოა, ასეც იყოს. სხვათა შორის, მას სამკურნალო თვისებაც აქვს. ამას წინათ მეგობარი გრძნობდა თავს შეუძლოდ, გაცივდა. ჰოდა, სულ ცოტა აჯიკა გავხსენი არაყში და დავალევინე. თქვენ წარმოიდგინეთ, უშველა, მაგის მერე აშკარად კარგად გახდა.

- თელავში, კახელებს თუ გაასინჯეთ თქვენი აჯიკა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. თუმცა, მეზობლებს დავურიგე.

- მემრე, მოეწონათ?

- მეზობლები გაგიჟდნენ ისე მოეწონათ. ახლა ერთ-ერთის შვილი ჩამოვიდა კანადიდან და როცა გასინჯა, ეგრევე ხელიდან გამომგლიჯა. 

- ბიზნესის გაფართოებაზე არ გიფიქრიათ?

- როგორ არა. დღე და ღამე მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ძალიან რთულია, რადგან ამისთვის დიდი სახსრებია საჭირო.

ვიტალი დარასელიას სპეციალური პრიზი - Sputnik საქართველო
რა უთხრა ვიტალი დარასელიამ იმ ისტორიული მატჩის წინ მეუღლეს და რატომ არ შეასრულა დაპირება

- ალბათ რომელიმე მსხვილ კომპანიას უნდა შესთავაზოთ თქვენი პროდუქცია?

- ვთავაზობ, მაგრამ იმდენად კაპიკებს მეუბნებიან, რომ აზრი არ აქვს, მირჩევნია ამ საქმეს ჩემით მოვაბა თავი. სხვათა შორის, შარშანწინ მოსკოვიდან 20 ტონა აჯიკა მთხოვეს, მოსკოვისთვის ეგ არაფერია, მაგრამ, აბა, მე ამდენს როგორ შევძლებდი? ეგ საქმე რომ გამოსულიყო, ცხოვრებაში მეტი მუშაობა ალბათ არც დამჭირდებოდა. დღეს კი ამ ჩემი აჯიკით ტურისტები და მგზავრები ინტერესდებიან. ჩემგან ყიდულობენ და მერე მიკვეთავენ კიდეც. ცუდი ისაა, რომ ეს ბიზნესი სეზონურია, რადგან მთელი წლის განმავლობაში აჯიკის კეთება არ შეიძლება. ეს ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერში, ან ნოემბრის პირველ ნახევრამდე ხდება.

- სამაგიეროდ მალფუჭებადი პროდუქტი არ არის...

- კი, ორი წელიწადი ინახება.

- რას ურჩევთ მათ, ვინც მომავალში გადაწყვეტს აჯიკის ბიზნესს?

- ამ საქმეში მთავარი ტექნოლოგიაა. მარილი და უცხო სუნელი უნდა დააყარო. ჩემი რჩევაა, რომ ბაზარში უცხო სუნელი დაფქული არ იყიდონ. საჭიროა კაკლები, რომელსაც, სახლში რომ მომაქვს, ტაფაზე ვხალავ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი საამო სუნი აქვს! აი, ამის მერე კი ვფქვავ ხოლმე. 

- მართალია, კონკურსში გაიმარჯვეთ, მაგრამ საინტერესოა, მეგრელებს თუ მოსწონთ?

- გუშინ ორი მეგრელი ქალი მყავდა სტუმრად და დაახლოებით ნახევარი ჯამი შემიჭამეს. არა, კი არ მენანება, მაგრამ...

ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე - Sputnik საქართველო
როგორ ჩააკითხა გურიის სოფლიდან საცოლემ შეყვარებულს პორტ-არტურში

- მერე ვერ უთხარით, ეს აჯიკაა, ხაშლამა ხომ არ არის–თქო?!.

- ვერ ვუთხარი... ისე, ჩემ აჯიკაში კარგად იწვება წიწილა და გოჭი. კიდევ გემრიელია სალათებსა და სუპებში. მისი მეშვეობით არაჩვეულებრივი ხარჩო და „ოსტრი“ კეთდება. 

- საინტერესოა, ამდენმა ცხარემ, მისმა სინჯვა-დამზადებამ თქვენ ხასიათზეც ხომ არ იმოქმედა?

- ეს აჯიკასა და მის დაგემოვნებასთან კავშირში არაა, ნერვები ისედაც არ მაქვს მწყობრში. ყოფილი პედაგოგი ვარ, რუსული ენის მასწავლებელი ვიყავი, დღეს კი ვტაქსაობ კიდეც...

- აჯიკა გასაგებია, მაგრამ ეს პედაგოგი კაცი თავზე კიკინით რეკლამებში როგორ აღმოჩნდით?

- ერთხელ, ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, კინოსტუდიის ერთ-ერთი მენეჯერი სხვადასხვა ადგილზე ორჯერ შემხვდა. როგორც ჩანს, ჩემი განსხვავებული იმიჯითა და გარეგნობით მისი ყურადღება მივიქციე.

- არ მიკვირს, ისეთი სპეციფიკური ჰაბიტუსი გაქვთ, რომ ნებისმიერი რეჟისორი ჩაგავლებდათ...

- ჰოდა, ჩამავლეს კიდეც... სტუდია GDS-მა გადამიღო დოკუმენტურ-პუბლიცისტურ ფილმში „დროის მანქანა“. ჩემი მსახიობური მონაცემები არავის უკვირს, რადგან დედაჩემის მშობლები მსახიობები იყვნენ, პაპა კი სიღნაღის თეატრის დირექტორი. მოკლედ, ერთი ადამიანი შემთხევით ჩემი მგზავრი გახდა, მითხრა, ძალიან სახასიათო სახე გაქვთო. მერე ქალბატონ ეკა ანდრონიკაშვილს დაურეკა, ეს ადამიანი შენთან მოვა და თავის ფოტოებს მოიტანსო. როცა ადგილზე მივედი, ქალბატონი ეკა უკვე წასული დამხვდა და დისკი ფოტოებით დამლაგებელს დავუტოვე. მას მერე რვა თვე გავიდა და მათგან ზარი არ შემოსულა. შვიდი თვის შემდეგ მგზავრები სადღაც მივიყვანე და უცებ წინ მანქანა ჩამიდგა. უცნობმა ქალმა მითხრა, ბატონო ალეკო, არ წახვიდეთო! ეს ეკა ანდრონიკაშვილი აღმოჩნდა. თურმე, დისკებზე რომ ჩემი საკონტაქტო ნომრები მივუთითე, ვერ უნახავთ. მაგის მერე ერთ კვირაში ფილმში „დროის მანქანა“ მეფე ფარნავაზის ბიძა ვითამაშე. პირველივე სერიაში მკლავენ. მერე უკვე სხვადასხვა რეკლამაც იყო...

- მოკლედ, არ ხართ თქვენ ე.წ. „მასოვკა“: თბილისელი კახელი, რომელიც რუსულის პედაგოგი იყო, დღეს აჯიკას აკეთებს და რეკლამებსა და ფილმებში იღებენ...

- კიდევ შემოვინახე ერთი რამ – ბილიარდის სპეციალისტიც ვარ, სპორტის ამ სახეობაში მთავარი მსაჯი ვიყავი. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მით უფრო, ჩემი ცხოვრება... ასე რომ, მომავალში, ღმერთმა იცის, კიდევ რა მოხდება და სად აღმოვჩნდები...

 

ყველა ახალი ამბავი
0