08:12 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
მიშა ქირიაზე

ქართველი მომღერლის მომთაბარე ცხოვრება

photo: courtesy of Misha Kiriadze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (27)
990 0 0

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ შეგახვედრებთ საოპერო მომღერალ მიშა ქირიას, რომელიც ამჟამად გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ცხოვრობს.

სიტყვა „ამჟამად“ შემთხვევით არ გვიხსენებია. საქმე ისაა, რომ მომღერალი წარმატებით გამოდის ევროპის საუკეთესო სცენებზე და ამის გამო რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მხოლოდ ორი თვე ცხოვრობს. თბილისის კონსერვატორიაში მისი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე გახლდათ. მომღერალმა კონსერვატორიის გარდა ლა–სკალას აკადემიაშიც ისწავლა.

მიშა ქირია
მიშა ქირია

– ბატონო მიშა, საკმაოდ მომთაბარე ცხოვრებას ეწევით, ამჯერად, რომ იტყვიან, ესპანეთში მოგიხელთეთ...

– ორი წელია რაც გერმანიაში ვცხოვრობ, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში ყოფნა მიწევს. დაახლოებით გაგაცნობთ ჩემ მარშრუტს: ბოლო დროს ორი თვე იტალიაში ვიყავი, ორი თვე – ჰოლანდიაში, ორი თვე – ავსტრიაში, ორი თვე ისევ ჰოლანდიაში და ახლა ორი თვეა ესპანეთში ვარ. ამის შემდეგ ორი თვე ბერლინში ვიქნები, სამი თვე – ბრიტანეთში, გლაინბორნის ფესტივალზე, ორი თვე – მაიამიში, პალმ ბიჩ ოპერაში მაქვს დებიუტი. მერე ისევ სამი თვე გლაინბორნის ფესტივალზე ვიქნები. აქედან გამომდინარე, სახლში, ანუ ფრანკფურტში სულ რამდენიმე დღით ჩავდივარ ხოლმე. 

მიშა ქირია ევროპის სხვადასხვა სცენებზე მღერის და საერთაშორისო ფესტივალებზე გამოდის. მათ რიცხვშია: ბერლინის დოიჩე ოპერა, ფრანკფურტის ოპერა, მიუნხენის შტაატსოპერა, ამსტერდამის ნაციონალური ოპერა, ვერონის ფილარმონიული თეატრი, ლა–სკალა, მადრიდის სამეფო თეატრი და ვალენსიის თეატრი. რაც შეეხება ფესტივალებს, მონაწილეობა აქვს მიღებული ბრიტანეთში გამართულ გლაინბორნის, ავსტრიის ბრეგენცისა და იტალიის ვერდის ფესტივალებზე...

მიშა ქირია სცენაზე
მიშა ქირია სცენაზე

– როგორ ფიქრობთ, გარდა ნიჭისა და მონდომებისა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უცხოურ პუბლიკას თავი მოაწონო და მათი კერპი გახდე?

– ამისთვის, ალბათ, საჭიროა საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა. დღეს საკმარისი არ არის მხოლოდ კარგი სიმღერა, პირველ რიგში საჭიროა იმ პერსონაჟის ცოდნა, რომელსაც განასახიერებ, და მუსიკალური შტრიხების სიზუსტე. მხოლოდ ამის მერეა აუცილებელი ლამაზი სიმღერა, თანაც ისე, რომ არ დაიკარგოს პერსონაჟის სახე. ეს ყველაფერი მედლის ერთი მხარეა, ანუ შემოქმედებითი მომენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედლის მეორე მხარე, ანუ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მუშაობ. ესენია: გრიმიორი, სცენის ტექნიკოსი, სცენის დირექტორი, დირიჟორისა და რეჟისორის ასისტენტები, დირიჟორი, რეჟისორი, პიანისტი, გუნდის მომღერალი, ორკესტრანტი, კოსტიუმების შემქმნელი, ფოტოგრაფი, ხმის რეჟისორი, გამნათებელი, სუფლიორი და ა.შ. ეს ერთი დიდი ოჯახია, შენ კი ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ხარ. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენს საქმეს ამ საოცარ ადამიანებთან ერთად ემსახურები. თითოეულ მათგანს როგორც საკუთარ ოჯახის წევრს ისე უნდა გაუფრთხილდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ოპერის მომღერალი მიშა ქირია
მიშა ქირია
ოპერის მომღერალი მიშა ქირია

– ზუგდიდური ბავშვობა რით იყო გამორჩეული და მაშინ თუ ოცნებობდით სცენაზე?

– ზუგდიდური ბავშვობა, მიუხედავად რთული პერიოდისა, საოცარი იყო. იმ დროს სხვანაირი ურთიერთობები არსებობდა. ძალიან მინდა, რომ ახლაც ასე გვიყვარდეს ერთმანეთი. დიდ სცენაზე სერიოზული ფიქრი და ოცნება ალბათ მაშინ დავიწყე, როცა ჩემი მაესტროს ნოდარ ანდღულაძის სახლში პირველად მოვხვდი. ეს იყო 2002 წლის 5 აგვისტოს. სწორედ მან შემაყვარა სიმღერა და მასწავლა ბევრი რამ, რაც დღეს უკვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.

– წარუმატებლობა თუ გამხდარა თქვენთვის სტიმული?

– წარუმატებელ კონკურსებს ლა–სკალას აკადემიის პერიოდიდან გავიხსენებ... ერთ-ერთ კონკურსზე მეორე ტურიდან გამომიშვეს. მახსოვს, ფეხით წამოვედი სასტუმროში, რომელიც ძალიან შორს იყო. მთელი გზა საკუთარ თავს ვეუბნებოდი – მიშა, ესენი არაერთხელ გაიგებენ შენ სახელს–მეთქი. როცა სასტუმროში მივედი, იმ ნაწარმოებების თავიდან სწავლა დავიწყე, რომლებიც მეორე ტურში ვიმღერე და წარუმატებელი აღმოჩნდა...

მიშა ქირია
მიშა ქირია

– რომელია თქვენთვის ყველაზე სასურველი სცენა სიმღერისთვის და სასურველი ადგილი (ქვეყანა, ქალაქი) საცხოვრებლად?

– ჩემი მეორე სამშობლოა იტალია. ესაა ქვეყანა, რომელმაც მასწავლა, ჩემ სწავლაში ფული გადაიხადა, ყველასთვის საოცნებო ლა–სკალას სცენაზე დამაყენა და გამიშვა... მას შემდეგ ექვსი წელია გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების სცენებზე სისტემატურად გამოვდივარ.

მიშა ქირია და მისი მეუღლე მაია ყამბეგაშვილი
მიშა ქირია და მისი მეუღლე მაია ყამბეგაშვილი

– ასეთ მომთაბარე ცხოვრებას როგორ ეგუება თქვენი მეუღლე, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბანკირია, მუსიკოსიცაა?

– დიახ, ჩვენი ქართული ოჯახი სულ მოგზაურობაშია. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, მაია ყამბეგაშვილი, რომელიც მიუხედავად სამსახურში დატვირთული რეჟიმისა, ყოველთვის ახერხებს, რომ ჩემთან იყოს. ამ მხრივ სამსახურშიც ძალიან უწყობენ ხელს, ხშირად სახლიდან მუშაობს ხოლმე. მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემ გვერდში დგომას ყოველთვის ახერხებს. მაია პროფესიით ბანკირია, მაგრამ მუსიკის სიყვარულისა და თანდაყოლილი ნიჭის წყალობით გერმანიაში გამოდის ბენდში, რომელიც ელექტრო-პოპის მიმართულებით მუშაობს. ბუნებით საკმაოდ ხალისიანი ვარ და ალბათ დაძაბულ რეჟიმში ცხოვრებას ესეც მიადვილებს. თუმცა ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ ამ დაძაბულობას მაინცდამაინც ვერ ვგრძნობ.

მაია ქირია-ყამბეგაშვილი და მისი მეუღლე, ცნობილი საოპერო მომღერალი მიშა ქირია
მაია ქირია-ყამბეგაშვილი და მისი მეუღლე, ცნობილი საოპერო მომღერალი მიშა ქირია

– ამდენ მოგზაურობაში სახალისო ამბებიც გადაგხდებოდათ თავს...

– ახლა ერთი ამბავი გამახსენდა: შარშან დოიჩე ოპერის რესტორანში ვსადილობდი. მომიახლოვდა ასე 60-65 წლის ქალბატონი, მომესალმა. მკითხა, რა ენაზე გირჩევნიათ საუბარი, გერმანულად თუ იტალიურადო. იტალიურად, თუ შეიძლება–მეთქი. მკითხა, შეიძლება დავჯდეო. ვუთხარი, რა თქმა უნდა–მეთქი. მან ამოიღო დიდი ბლოკნოტი, ფანქარი და დიქტოფონი (ამ დროს მე ღორის კანჭს გეახლებოდით). მეკითხება, რას მეტყვით თქვენ სპექტაკლზე, როგორია რეჟისურაო. წინა საღამოს ოპერა „სიყვარულის ნექტარი“ მქონდა ნამღერი და ამიტომ მისი კითხვა არ გამკვირვებია. დაახლოებით ასე 10-15 წუთი ვილაპარაკეთ. ბოლოს ვხედავ, ქალბატონს სახე შეეცვალა და მეკითხება, თქვენ ვინ ხართო. მიშა ქირია, დულკამარა–მეთქი (დულკამარა საოპერო პარტიაა ოპერაში „სიყვარულის ნექტარი”). მას სახეზე გაოცება გამოეხატა და მითხრა, მე სხვასთან მქონდა ინტერვიუ დაგეგმილიო, აიღო ნივთები და წავიდა...

უცხოური პრესა მიშა ქირიაზე ხშირად წერს, მკითხველს ერთ ამონარიდს გავაცნობთ: „შაბათის ყველაზე მხურვალე აპლოდისმენტები სრულიად დამსახურებულად ერგო ქართველ ბარიტონს მიშა ქირიას მუსიკალური და თეატრალური თვალსაზრისით უმაღლესი დონის შესრულებისათვის“. საუბარში მომღერალმა გვითხრა, რომ მისი ყველაზე საყვარელი არია ფალიაშვილის ოპერა „დაისიდან” კიაზოს ლოცვაა და ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი...

სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებთ?

– ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს და გული მწყდება, რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით ძლიერ ქვეყნად ჩამოყალიბება. სერიოზულად ვბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც არ ფიქრობენ საკუთარ ქმედებებზე და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ეკოლოგიასა და ულამაზეს ბუნებას ზიანს აყენებენ. ბოლოს და ბოლოს, ყველამ უნდა გავითავისოთ ის ამბავი, რომ უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ. სადაც უნდა გამოვიდე და წავიდე, სულ ვცდილობ, რომ საქართველო კარგი კუთხით წარმოვაჩინო. სულ მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები, კიდევ ჩემი სახლი ზუგდიდში და, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (27)

მთავარი თემები