მაია ქირია-ყამბეგაშვილმა გერმანიაში დარჩენა მაშინ გადაწყვიტა, როცა 15 წლის წინ ქალაქ ფრანკფურტში ენის გასაუმჯობესებლად ჩავიდა. ჯერ გოეთეს კოლეჯი დაამთავრა, შემდეგ – გოეთეს უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. პარალელურად ჰოლანდიურ ბანკში მუშაობდა. შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ბანკის „უნიონ ინვესტმენტის“ უფროსის ასისტენტი გახდა და უკვე ხუთი წელია ამ პოზიციაზე მუშაობს. თუმცა ჩვეულებრივი ბანკირი არ გახლავთ. მუსიკის სიყვარულის და თანდაყოლილი ნიჭის გამო გერმანიაში გამოდის ბენდში, რომელიც ელექტრო-პოპის მიმართულებით მუშაობს. მისმა ბენდმა Dan Bay & Maya უკვე დისკის ჩაწერაც მოახერხა. ახლო მომავალში მუსიკის ქართულ მოტივებზე შექმნას გეგმავს.
– ქალბატონო მაია, გერმანიის საბანკო სფეროში თუ იციან, რომ მღერით?
– რომ ვმღეროდი, ბანკში მისვლისას იცოდა ყველამ. მუსიკალურ კარიერას საფუძველი ჯერ კიდევ ბავშვობაში, თბილისში ჩაეყარა. სიმღერა საბავშვო ბაღში დავიწყე, შემდეგ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გავაგრძელე და მუსიკალური განათლება ქალბატონ ციცინო ციცქიშვილთან მივიღე.
– გერმანიაში ვისთან ერთად და როგორ ჩამოაყალიბეთ ბენდი?
– ორი წლის წინ კუნძულ მალიორკაზე ქორწილში ძალიან ნიჭიერ დიჯეის დენ ბეის (Dan Bay) შევხვდი. ერთმანეთის შემოქმედებას იქ გავეცანით. აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ფრანკფურტიდან ვართ. გადავწყვიტეთ ექსპერიმენტის ჩატარება და ერთი სიმღერის ჩაწერა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ათ თვეში ათი სიმღერა შევქმენით და ბენდად ჩამოვყალიბდით. ჩვენი ბენდის სახელია Dan Bay & Maya. ტექსტებს და მელოდიას ერთობლივად ვქმნით, ჩემი რომანტიკული ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ძირითადად სიყვარულზეა. ჩვენი ბენდი ელექტრო-პოპის მიმართულებით მუშაობს. თუმცა, მინდა, რომ ჩემ ჟანრს, სოულს და ბალადებს დავუბრუნდე, მუსიკას, რომლითაც უფრო მეტ ემოციას და სიყვარულს გამოვხატავ. ჩვენი ორი სიმღერა (Dan Bay & Maya - iTunes, Spotify, YouTube) უკვე სოციალურ ქსელშია. შემდეგი ორი სიმღერა იანვარში გამოვა, რის მერეც მთლიან ალბომს შემოგთავაზებთ.
– როგორ ფიქრობთ, თქვენში ხელოვანმა საბოლოოდ გარიყა ბანკირი?
– ჩემი ძირითადი საქმიანობა ბანკირობაა, სიმღერა ჩემი ჰობია, რომელიც ყველაფრისგან მათავისუფლებს. ამიტომ სიმღერასაც და სამსახურსაც ჩემ ცხოვრებაში თანაბრად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
– მითხარით, რომ სიმღერებს სიყვარულზე წერთ, როგორია თქვენი Love story?..
– დაახლოებით ერთი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა, რადგან შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ცნობილ ქართველ ბარიტონს მიშა ქირიას, რომელმაც ჩემ ცხოვრებაში სრულყოფილება შემოიტანა. 13 დეკემბერს ფრანკფურტში ხელი მოვაწერეთ. ქორწილი მხოლოდ ჩვენი ოჯახისა და მეგობრების წრეში გვქონდა. ჩვენი სიყვარულის ამბავი ასეთია: მიშას პირველად ფრანკფურტში შევხვდი. მას ადგილობრივ ოპერაში რეპეტიციები ჰქონდა და ჩაიზე დამპატიჟა. თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე, საინტერესო მოსაუბრეა. 3-4 საათი დავყავით ერთად. მერე მთხოვა, თუ შეგიძლია, გამომყევი, საჩუქარი მაქვს საყიდელიო. გამყიდველს კი უთხრა, ჩემი მომავალი მეუღლისთვის ბეჭედი მინდაო, რა თქმა უნდა, გამოვიქეცი. შემდეგ რამდენიმე დღე არ გვინახავს ერთმანეთი. ვფიქრობდი, გადარეულია-მეთქი და ვერიდებოდი მასთან შეხვედრას. შემდეგ ფრანკფურტის ოპერაში პრემიერაზე დამპატიჟა, სადაც თვითონ მღეროდა. მისი ნამღერით აღფრთოვანებული დავრჩი და სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო ყველაფერი...
– ხელიც რომანტიკულ ვითარებაში გთხოვათ...
– სამ თვეში ბერლინის Deutsche Oper-ის წინ ხელი მთხოვა, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. როგორი არაორდინარულიც თავიდან იყო და როგორც პირველ დღეს გამაოცა, დღემდე ასე ახერხებს ჩემ გაოცებას. ბედნიერი ვარ, რომ მას შევხვდი. ჩვენი ურთიერთობა სულ რამდენიმე დღის წინ ქორწილით დავაგვირგვინეთ. ახლა უკვე ვიცი, რომ ცხოვრებაში და ურთიერთობაში მთავარი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა...
– რომელი ქართული მოტივი გახდება მუსიკის დაწერის სტიმული, ინსპირაცია?
– საქართველოში ჩემი ყოველი ჩამოსვლა მუსიკის დაწერის სტიმული და ინსპირაციაა. რაც შეეხება ქართულ ნაწარმოებს, თუ შევქმნი სიმღერას, ის აუცილებლად ხალხურ მოტივებზე იქნება, რადგან ამ ბოლო დროს დიდი სურვილი მაქვს, რომ გერმანელ მსმენელს შევთავაზო მუსიკა, რომელშიც ქართული სული იგრძნობა.
– ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ასე უჩვეულოდ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება?
– წინასწარ ალბათ არავინ იცის როგორ განვითარდება მისი ცხოვრება. ის კი შემიძლია ვთქვა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და ოცნებები სრულდება. ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა და სხვებსაც დიდი სიამოვნებით ვურჩევ – ჯერ ჩამოყალიბდნენ რა სურთ და შემდეგ ამისთვის ყველაფერი გააკეთონ და მაშინ აუცილებლად გამოვა.
– რომელ ქართულ თვისებას ვერ შეელევით და, პირიქით, რომელზე თქვით უარი გერმანიაში?
– ქართული თვისებებიდან, პირველ რიგში, არაპუნქტუალურობას გამოვემშვიდობე. ვერ შეველევი ქართულ სითბოს და ყურადღებას. საქართველოში ყველაზე მეტად ბებო მენატრება, მშობლები, და, მეგობრები და ნათესავები სულ მენატრებიან. კიდევ სითბო და ყურადღება მენატრება. სახლში რომ მიხვალ და იცი, რომ დედამ უკვე იზრუნა ყველაფერზე და გაღიმებული გაგიღებს კარს – ეს მენატრება... ბოდიში, დღეს რაღაც ძალიან სენტიმენტალური ვარ...