06:26 21 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0439
  • 100 RUB4.1689
  • USD2.6816
ამირან ბაღდავაძე

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა და რატომ არიან წიგნიერი ადამიანები დანარჩენებზე პასიურები?

© photo: courtesy of Amiran Bagdavadze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
642 0 0

„იკითხეთ კარგი წიგნები! ეს წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ“ – ეს რენე დეკარტის მოსაზრებაა...

თუ დღეს დავინტერესდებით, ინტერნეტის ეპოქაში რამდენი „საუბრობს“ ამ ფორმით წარსულის საუკეთესო ადამიანებთან, ალბათ არასახარბიელო სტატისტიკას მივიღეთ.

ჩვენი რესპონდენტი იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვშია, ვინც ტექნიკის ბოლოდროინდელ მიღწევებთან ურთიერთობას მაქსიმალურად არიდებს თავს, მისთვის წიგნის კითხვა ისევ პრიორიტეტად რჩება. ამირან ბაღდავაძე – პროფესიით ინჟინერია, მისთვის მხატვრული ლიტერატურა პირველი და უმთავრესი სიყვარულის საგანია. ზუსტად ვერ გაიხსენა, ცხოვრების მანძილზე რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ მასთან საუბარი რომ ყოველთვის სასიამოვნოა და ბევრის მომცემი, ამაში თავად დარწმუნდებით...

ამირან ბაღდავაძე
ამირან ბაღდავაძე

– ბატონო ამირან, რა არის მხატვრული ლიტერატურა თქვენთვის?

– პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ, მაგრამ ლიტერატურა და, საკუთრივ, მხატვრული ლიტერატურა ჩემი პირველი და უმთავრესი სიყვარულის საგანია, ჩემი სულის ანი და ჰოეა. ადრე მწერლობაზე მეც მიოცნებია, მაგრამ როცა ოცნებები შემომესეოდნენ ხოლმე, მაშინვე მახსენდებოდა კოსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: „იწყებენ მწერლობაზე ოცნებას, იწყებენ წერას და ბოლოს არც მწერალი გამოდის მათგან და კარგი მკითხველიც იკარგება“. მე კარგ მკითხველად დარჩენა ვამჯობინე. კარგი მკითხველი რამდენად ვარ, არ ვიცი, ვინაიდან წიგნს მწერალი შობს, მაგრამ სიცოცხლეს მას მკითხველი აძლევს. აი, წიგნის სიყვარულში ტოლი არ მყავს...

– ბავშვთა ფსიქოლოგები დღეს ბევრს კამათობენ – რა ასაკიდან უნდა დაიწყოს პატარამ წიგნის კითხვა?

– რა ასაკიდან უნდა დაიწყოს კითხვა? უპირველესად, კითხვასთან მიმართებაში სიტყვა „უნდას“ მე პირადად არ გამოვიყენებდი. ეს აბსოლუტურად თავისუფალი ქმედებაა და ძალდატანებას ვერ იტანს. დაწყება კი, ალბათ, მაშინვე შეიძლება, როგორც კი ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს წაკითხვას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ დროს ეცნობა ბავშვი წიგნის სამყაროს. მე სანამ კითხვას შევძლებდი, მანამდე ბევრი რამ უკვე „წაკითხული“ მქონდა. მხოლოდ იმიტომ დავასახელებ რამდენიმეს, რომ ლიტონი ნათქვამი არ გამომივიდეს. ესენია: „თქმულებები რობინ ჰუდზე“, უოლტერ სკოტის „აივენჰო“, ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“. ამ წიგნებს მამა მიკითხავდა. დამოუკიდებლად კითხვა, ალბათ, ექვსი წლიდან დავიწყე, უფრო ადრე ვერ ვიტყვი, ტყუილი გამომივა. რა უნდა წაიკითხოს ბავშვმა? - ისე, როგორც დოჩანაშვილის ყველასთვის ცნობილი პერსონაჟი ვასილ კეჟერაძე იტყოდა, ჟიულ ვერნით დაწყება ჯობს. მეც ჟიულ ვერნით დავიწყე დამოუკიდებლად კითხვა.

– ბერნარდ შოუს უთქვამს, არასოდეს მისცეთ ბავშვს წიგნი, რომელსაც თავად არ წაიკითხავდითო, რომელია წიგნი, რის წაკითხვასაც შვილებს არ ურჩევდით?

– წიგნი, რომელსაც არ წავიკითხავდი? – ასეთი რამ ჩემთვის ალბათ არ არსებობს. არის წიგნები, რომელზეც მიმიწვდებოდა ხელი და ისეთი, რომლის წაკითხვა უბრალოდ ვერ მოვასწარი. ან ისეთი, რომლის არსებობა უბრალოდ არ ვიცოდი. აკრძალვით კი ჩემ შვილებს არაფერს ვუკრძალავ. აქ თავისთავად იგულისხმება, რომ პორნოლიტერატურაზე  არაა საუბარი. მე მათ მხოლოდ ჩემ აზრს ვეუბნები, არჩევანს თავად აკეთებენ. ერთხელ ჩემი პატარა გოგო დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ წაეპოტინა და მკითხა – საინტერესოა? მე ვუპასუხე, შენ თვითონ ნახე და მიხვდები–მეთქი. როდესაც ერთი გვერდი წაიკითხა, მითხრა, კარგი ჩანსო, მაგრამ მას მერე – ოდესმე წავიკითხავო. ისე, ჩემ აზრს არასოდეს  ვუმალავ. ყოველთვის ვეუბნები, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ამა თუ იმ ავტორის მიმართ. ჩემი მეუღლე პედაგოგია, მაგრამ მას არ მოსწონს ასეთი მიდგომა. ალბათ მართალია, მაგრამ ბავშვებს რატომღაც ჩემი ამგვარი მიდგომა უფრო მოსწონთ.

ამიარან ბაღდავაძე უმცროს ქალიშვილთან ერთად
ამიარან ბაღდავაძე უმცროს ქალიშვილთან ერთად

– თქვენი აზრით, რომელია ის ხუთი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა ცხოვრების მანძილზე?

– ოო, ეს ისეთი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც ძნელია, ვინაიდან ზუსტად ამდენი ჩემთვის არა მარტო საყვარელი, არამედ უფრო მეტი  „ჩემი“ მწერალი მყავს. მათი შემოქმედებიდან მკაცრი გამორიცხვით რომ შევარჩიო, ხუთზე მეტი გამომივა, მაგრამ მაინც ვეცდები. ესენია: დოსტოევსკის „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“, თომას მანის „ჯადოსნური მთა“ და „დოქტორი ფაუსტუსი“ და მეხუთე – ჯეიმს ჯოისის „ულისე“. წიგნი, რომლის წაკითხვა ყველა ასაკში შემიძლია – ასეთი ყოვლისმომცველი წიგნი არ მაქვს. შემიძლია ორი გამოვყო: ადრეულ ასაკში – ჟიულ ვერნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, ხოლო შემდგომ და დღემდე – „ძმები კარამაზოვები“. რატომ მიყვარს ისინი? - ალბათ იმიტომ, რომ მათ მხოლოდ კი არ ვკითხულობ, არამედ შიგნიდან ვეხმიანები და, ჩემდა გასაოცრად, უცებ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო ჩემში, ოღონდ, ჩვილის ასაკში და ახლა კი ლაპარაკს სწავლობს და ფეხს იდგამს...

– შეგიძლიათ ახსნათ, ხშირ შემთხვევაში რატომ არიან წიგნიერი და განათლებული ადამიანები ცხოვრებაში დანარჩენებზე პასიურები?

– ალბათ იმიტომ, რომ მათთვის ძნელია უეცარი, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ასეთი ადამიანისთვის პრობლემა არ არის ცალსახად ერთმნიშვნელოვანი, ისინი დოსტოევსკის რასკოლნიკოვივით ბევრს ფიქრობენ, ბევრი მოულოდნელობის ალბათობას თვლიან და ეს მაშინ, როცა სწრაფად მოქმედებაა საჭირო. საერთოდ, იცით, ვინ არის წიგნიერი ადამიანი? – უპირველესად შინაგანად მდიდარი, მდგრადი პიროვნება, ვისთვისაც ბევრი რამ, რაც სხვების ოცნებისა და სურვილის საგანს წარმოადგენს, მისთვის მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არცთუ მთლად მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მშვენივრად უხამებდნენ ერთმანეთს წიგნიერებასაც და ნებელობით აქტივობასაც, მაგალითად, ნაპოლეონი, სტალინი...

– როგორ ფიქრობთ, საკამათოა მოსაზრება, რომ ნაკითხი ადამიანი ამავდროულად კარგი პიროვნებაც არის? ერთმა ცნობილმა მმართველმა თქვა, მწერალი ადამიანის სულის ინჟინერიაო, თუმცა მას შემდეგ ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი გაანადგურა...

– რაც შეეხება იოსებ ბესარიონის ძეს და მის ფორმულას, რომ „მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია“, მთლად არ ვიზიარებ. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ალბათ, ყველაზე წარმატებული მკითხველი იყო (ამბობენ, ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხულიო), სტალინის მიმართ სიმპათიით არ ვარ განწყობილი. მერე კიდევ, მიმაჩნია, რომ ეს უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით განპირობებული ფორმულა იყო, რეჟიმის ინტერესებისთვის გამიზნული ფორმულა, რომელსაც მიზნად ახალი ტიპის ადამიანის გამოყვანა ჰქონდა. ეს კი ყოველთვის სავალალოდ მთავრდება. ამ დროს თავად ხელოვნებაც ზარალდება. შეიძლება შექსპირს ან დოსტოევსკის სულის ინჟინრები ვუწოდოთ? – მეეჭვება...

– თქვენ რას უწოდებთ განათლებულ და წიგნიერ ადამიანს?

– მე ასეთ ხალხს სულის არისტოკრატებს ვუწოდებ. ჩემი აზრით, ცოდნის წყურვილი თან სდევს ადამიანს, თუმცა ეს საყოველთაო ინსტიქტი ნამდვილად არ არის.

– რომელია ფრაზა, რომელშიც თქვენთვის მნიშვნელოვანი აზრია გამოთქმული?

– ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყოველთვის აქტუალურია, არ არის მხატვრული ტექსტიდან. იგი ინგლისელ ფილოსოფოსს ფრენსის ბეკონს ეკუთვნის: „ცოდნა ძალაა, მაშინაც კი, როცა ჩვენ სისუსტეებზე გველაპარაკება“...

 

მთავარი თემები