ნინი შერმადინი - მომღერალი, საერთაშორისო კონკურსების, მათ შორის, „მისის პლანეტა-2018“-ის გამარჯვებული.
„როცა ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩები, უფრო კარგად ეცნობი შენსავე სამყაროს, გიჩნდება კითხვები: ვინ ხარ, რა ხარ? და უფრო უღრმავდები ყველაფერს. უკეთ ხვდები რა ცდუნებებზე შეგიძლია უარის თქმა და რა სირთულეებს შეგიძლია გაუმკლავდე.”
ნანა ახვლედიანი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რეჟისორი
„ქალისა და მამაკაცის გათანაბრების მომხრე არ ვარ -არც უფლებებით და, მით უმეტეს, არც ვალდებულებებით. მამაკაცი ოჯახის და ქვეყნის პატრონიცაა. ვთვლი, რომ ქალი რაც უნდა ძლიერი იყოს, კაცი მაინც სხვა მუხტს ატარებს. კარიერა კარგია, მაგრამ მას თუ ოჯახსაც და სხვა ვალდებულებებსაც შეუთავსებ, უკეთესია. ქალი აქტიური უნდა იყოს, მაგრამ არსი არ უნდა დაკარგოს, ის სიცოცხლის საწყისია და უმთავრესი მაინც ეგაა.“
ნათია სიხარულიძე - მუსიკოსი, მენეჯერი.
„მუსიკა- ჟანგბადია, ცხოვრებაში კი მთავარი სიყვარულია, რომელსაც პრაგმატულმა რეალობამ აზრი დააკარგვინა და ბანალობად აქცია. თუმცა ის უმთავრესია, სხვა დანარჩენი უბრალოდ საზრუნავია.“
დავით მარდალეიშვილი -იურისტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეცაილისტი.
„ჩემი აზრით, მთავარია რწმენა და სიკეთე. რწმენის და იდეის გარეშე ცხოვრება ფუჭია. რწმენა და იდეა ცუდ საქმეშიც შეიძლება და სწორედ ამიტომაა საჭირო მეორე კომპონენტი - სიკეთე“...
გენრი დოლიძე - პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
„გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჩვენს შორის დადიან, ავტობუსით მგზავრობენ, სწრაფ კვებაში ფენოვანებს მიირთმევენ, ჩვენ კი მათ წიგნებსა და ლეგენდებში ვეძებთ. უცებ შევიტყობთ, რომ ჩვენი "ბირჟავიკი" მეზობელი, რომელსაც სალამი გავუძვირეთ, ხელყუმბარას გადაეფარა მეგობრების გადასარჩენად... გმირია ყველა ემიგრანტი დედა, ყველა მეზღვაური მამა...“