შენ სიყვარული კი არა, ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია...

© photo: National Library of Georgiaოტია იოსელიანი
ოტია იოსელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს... ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები... ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს...

„სიბრძნის სიმფონია" გთავაზობთ ოტია იოსელიანის გამონათქვამებს.

ოტია იოსელიანი (1930-2011) გამოჩენილი ქართველი მწერალია, რომლის ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად…

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნაირა გელაშვილი - Sputnik საქართველო
კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება

ავტორია სცენარების, რომანების, მათ შორის: „ვარსკვლავთცვენა", „ჯარისკაცი დაბრუნდა", „იყო ერთი ქალი", „ტყვეთა ტყვე", „შავი და ცისფერი მდინარე", „ქალი გამოვიდა საღალატოდ"; პიესების: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", „სანამ ურემი გადაბრუნდება" და სხვა; დაწერილი აქვს საბავშვო ნაწარმოებები, პიესები, ნოველები და ა. შ.

• სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!

• ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.

იანუშ ლეონ ვიშნევსკი - Sputnik საქართველო
ყველაზე ხანმოკლე მარადიულობა, ანუ ვის სჭირდება ბანალური „მიყვარხარ"?

• სიყვარული… შენ სიყვარული კი არა, ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყამს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი.

• ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა… მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…

• თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…

• სიყვარულის და ვნების დამწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო, კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას…

• ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!

ნოდარ დუმბაძე - Sputnik საქართველო
დაბადება - უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და მესაათის ბუდრუგანა

• თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?

• ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.

• ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს

• დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.

• გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.

• მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?

ბერნარ ვერბერი - Sputnik საქართველო
შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ. უშენოდ...

• გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.

• ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია.

• იქნება ყველაფრის ღრმა წვდომა გვიჭირს და ვერაფრით თავი რომ ვერ გაგვირთმევია ჩვენი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრებისათვის, ბედისთვის ბრმად მიგვინდვია, მაგრამ პირველი და გამოუსწორებელი მარცხიც ესაა. ბედ-იღბალი თუა და მართლა მინდობა შეიძლება, მაშინ ჭკუა-გონება და აზრი რაღად გვინდა.

• დღემდე არ ყოფილა დედამიწაზე იმისთანა ქვეყანა, სადაც კაცისშვილს თავის გუნებისად გაევლო წუთისოფელი. შეგუების უნარი – მოთმინება და მოთმინება. აი, ერთადერთი, რამაც გააძლებინა ამ მუდამ შევიწროებულ, ბედგამწყრალ არსებას და მოიყვანა დღემდე.

ოსკარ უაილდის ძეგლი დუბლინის Merrion Square park-ში - Sputnik საქართველო
რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი

• ვისაც სახლში არ სცივა, სითბოს ძებნას გარეთ არ დაიწყებს.

• ცხოვრება ჩვენსავით გულჩვილი როდია, მას ჩვენ ჯარისკაცებად ვყავართ გაჩენილი და ჯარისკაცს ვინ ჰკითხავს, უნდა ომი თუ არა.

• ადამიანი სანამ ცოცხალია, ან უყვარს, ან სიყვარულის მოლოდინით სულდგმულობს.

• ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა — გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია — ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0