16:24 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
Статуя человека в размышлениях

ადამიანად ყოფნის საშინელება და ადამიანად ყოფნის სასწაული

CC0 / Pixabay / PeterKaul
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია (40)
13930

იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგოს, რისთვის იცხოვროს, მას უნდა ჰქონდეს ის, რისთვისაც სიკვდილი ღირს...

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ამერიკელ მწერალსა და ანთროპოლოგს, ეთნოგრაფს, ეზოთერული ორიენტაციის მოაზროვნესა და მისტიკოსს კარლოს კასტანედას — კარლოს სესარ სალვადორ არანია კასტანედა (Carlos César Salvador Araña Castaneda, 1925—1998) არის მრავალი ბესტსელერისა და ანთროპოლოგიური ნაშრომის ავტორი. მათ შორისაა „დონ ხუანის სწავლება: იაკების ცოდნის გზა", „მოგზაურობა იქსტლანში: დონ ხუანის გაკვეთილები", „განცალკევებული რეალობა", „შინაგანი ცეცხლი", „დუმილის ენერგია", „სიზმრის ხელოვნება" და სხვ.

• თუ არ მოგწონს ის, რასაც იღებ, მაშინ შეცვალე ის, რასაც გასცემ.

• ადამიანები, როგორც წესი, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თავისი ცხოვრებიდან გადააგდონ ნებისმიერი რამ. ნებისმიერ დროს. წამიერად.

• ძალიან ბევრსაც ნუ აუხსნი ნურავის ნურაფერს. თითოეულ ახსნაში ბოდიში იმალება. როდესაც რამეს განმარტავ, რატომ არ შეგიძლია ამა თუ იმ რამის გაკეთება, სინამდვილეში, ბოდიშს იხდი შენი ნაკლის გამო და იმედი გაქვს, რომ შენი მსმენელი კეთილად განეწყობა და გაპატიებს.

• ერთადერთი ნამდვილად ბრძენი მრჩეველი — ეს სიკვდილია. ყოველ ჯერზე, როცა გრძნობ, რომ ეს ხშირად გემართება, რომ ყველაფერი ცუდად ეწყობა და სრული კრახის ზღვარზე დგახარ, გაიხედე მარცხნივ და ჰკითხე შენს სიკვდილს, მართლა ასეა ეს თუ არა. და შენი სიკვდილი გიპასუხებს, რომ ცდები, და რომ მისი შეხების გარდა არაფერია ისეთი, რასაც მართლა აქვს მნიშვნელობა. შენი სიკვდილი გეტყვის: „მე ხომ ჯერ არ შეგხებივარ!"

• როდესაც საკუთარი მნიშვნელობის გრძნობას ვკარგავთ, დაუმარცხებელნი ვხდებით.

• ყველა გზა ერთნაირია: მათ არსად მივყავართ. მაგრამ ზოგ გზას გული აქვს, ზოგს — არა. ერთი გზა ძალას გმატებს, მეორე — განადგურებს.

• თითოეული ჩვენგანი თავად ხდის საკუთარ თავს ან უბედურს, ან ძლიერს. აუცილებელი სამუშაოს მოცულობა ერთ შემთხვევაშიცა და მეორეშიც — ერთი და იგივეა.

• ჩვენ მთელი ჩვენი დრო და მთელი ჩვენი ენერგია გვჭირდება, რომ საკუთარ თავში იდიოტიზმი დავამარცხოთ. ეს არის ის, რასაც მნიშვნელობა აქვს. დანარჩენს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს…

• მეომრის ხელოვნება წონასწორობის შენარჩუნებაა ადამიანად ყოფნის საშინელებასა და ადამიანად ყოფნის სასწაულს შორის

• გაბრაზდე ადამიანებზე — ნიშნავს, რომ მათი საქციელი მნიშვნელოვნად ჩათვალო

• მნიშვნელოვანია არა გაგება, არამედ გაცნობიერება.

• უგულო გზა არასდროსაა სიხარულის მომტანი.

• იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგოს, რისთვის იცხოვროს, მას უნდა ჰქონდეს ის, რისთვისაც სიკვდილი ღირს.

• ადამიანს ოთხი მტერი ჰყავს: შიში, სიცხადე, ძალა და სიბერე. შიში, სიცხადე და ძალა შეიძლება დაამარცხო, მაგრამ არა — სიბერე. ეს ყველაზე სასტიკი მტერია, მასზე ვერ გაიმარჯვებ. მხოლოდ მარცხის გაჭიანურება შეგიძლია.

• ყველაფერი თავიდან რომ დავიწყოთ, წარსულს უნდა დავშორდეთ.

• მეომრის თავმდაბლობა და გლახაკის თავმდაბლობა სხვადასხვა რამაა, მეომარი თავს არავის წინაშე არ ხრის, მაგრამ, ამავდროულად, არავის მიცემს მის წინაშე თავის დახრის უფლებას. გლახაკი, პირიქით — მუხლებზე ეცემა და ქუდს იხდის მის წინაშე, ვისაც თავისზე მაღლა მიიჩნევს. მაგრამ იქვე ითხოვს, რომ მასზე დაბლა მდგომმა მის წინაშე მოიხადოს ქუდი.

• ადამიანი მხოლოდ სწავლისთვის ცხოვრობს და რას ისწავლის — კარგსა თუ ცუდს — მხოლოდ მის ბუნებასა და ბედზეა დამოკიდებული.

• ერთმანეთში არ უნდა აურიო მარტოობა და განმარტოება. მარტოობა ჩემთვის ფსიქოლოგიური, სულიერი ცნებაა, განმარტოება კი — ფიზიკური. პირველი აჩლუნგებს, მეორე — ამშვიდებს.

• გვეშინია ჭკუიდან არ შევიშალოთ, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, უკვე შეშლილი ვართ.

• როცა სამყაროს სიყვარულით ვუმზერთ, ის ჩვენ წინაშე თავის საუკეთესო მხარეებს ხსნის…

• ყველა ცხოვრებისეული გზა უაზროა, მაგრამ არის გულის გზა. ის ისეთივე უაზროა, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ ამ გზაზე სიხარულით დადიხარ.

• მეომარი სამყაროს უმზერს, როგორც უსასრულო საიდუმლოს, ხოლო იმას, რასაც ადამიანები აკეთებენ — როგორც უსასრულო სისულელეს.

• რაც უფრო მეტმა გარშემომყოფმა იცის, რას წარმოადგენთ და რას უნდა ელოდონ თქვენგან, მით უფრო იზღუდება თქვენი თავისუფლება.

 

თემები:
სიბრძნის სიმფონია (40)

მთავარი თემები