"სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ მექსიკელ მწერალს, დიპლომატს, ჟურნალისტსა და სცენარისტს, კარლოს ფუენტესს (Carlos Fuentes Macías, 1928-2012). ფუენტესის ყველაზე ცნობილი რომანია "არტემიო კრუსის სიკვდილი", რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ასევე მის კალამს ეკუთვნის რომანები: Aura, Zona sagrada, Cambio de piel, Cumpleaños, Los años con Laura Díaz, Instinto de Inez, Todas las Familias Felices, Adán en Edén და სხვა.
კარლოს ფუენტესი მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეტი გახლავთ (Biblioteca Breve (1967), Rómulo Gallegos (1977), Alfonso Reyes (1979), Nacional de Literatura (1984), Cervantes (1987,. Internacional Menéndez Pelayo (1992), Príncipe de Asturias de las Letras (1994), ბელისარიო დომინგესის ღირსების მედალი (1999) და სხვ).
— შენ კმაყოფილი დარჩები, როცა ამერიკელებს აიძულებ, პატივი გცენ. გამოტყდი, ტყავიდან არ ძვრებოდი, რათა იმათ თავის კაცად მიეღე?.. ეს იყო შენი სანუკვარი ოცნება, მას შემდეგ, რაც ისწავლე ძვირფასი ქსოვილების დაფასება, რაც გემო გაუგე ძვირფას ლიქიორებს, რაც შეიგრძენი ძვირფასი ლოსიონების სურნელი — ყველაფერი, რაც უკანასკნელ წლებში შენი მარტოსულობის ერთადერთ ნუგეშად იქცა. სწორედ ამ დროიდან მიაპყარ მზერა ჩრდილოეთს. ამ დროიდან გტანჯავს გეოგრაფიული ცდომილება, უფლებას რომ არ გაძლევს ყველაფერში მათ გაუტოლდე. აღტაცებული ხარ მათი ენერგიით, მათი კომფორტით, მათი ჰიგიენით, მათი ნებისყოფით. მიმოიხედავ ირგვლივ და აუტანლად გეჩვენება შენი საცოდავი, უქონელი ქვეყნის სიზარმაცე, სიღარიბე, სიბინძურე, სიშიშვლე. და მით უფრო გულს გიკლავს შენი ამაო ცდა — სულერთია, ვერ გახდები იმათნაირი. შესაძლოა, მხოლოდ მათი ასლი გახდე, ისიც მიახლოებითი… ერთი რამ კარგად იცი: ცხოვრების სხვადასხვა მხარის შენეული აღქმა ყველაზე მძიმე თუ ყველაზე ბედნიერ დღეებში ისეთი პრიმიტიული არ არის, როგორც იმათი. არა, არასოდეს. არა, არასოდეს გიფიქრია, რომ არსებობს მხოლოდ თეთრი ან მხოლოდ შავი, მხოლოდ ცუდი ან მხოლოდ კარგი, ოღონდ ყოველთვის, როდესაც ეს თითქოს შეუძლებელი იყო, შავში მუდამ ხედავდი თეთრის ნაწილაკს, თეთრის ანარეკლს… შენ იცი, რომ არსებობს უკიდურესობა წინააღმდეგობის გარეშე: სისასტიკე-სინაზე, სილაჩრე-გულადობა, სიცოცხლე-სიკვდილი… გაცილებით იოლი სათქმელია: ეს სიკეთეა, ეს კიდევ — ბოროტება. შენ გიჭირს მისი განსაზღვრა. იქნებ სულაც იმიტომ, რომ ჩვენ, მექსიკელები, საკუთარ თავში მაინცდამანც დარწმუნებული ვერა ვართ და არა გვსურს, სინათლესა და ჩრდილს შორის ბინდბუნდის გარდამავალი ზოლი წაიშალოს. ის ზოლი, სადაც მუდამ შეიძლება საკუთარ თავს გამართლება მოუძებნო, სადაც შენ მუდამ პოულობდი თავის გასამართლებელს: ყოველ ადამიანს — ისევე, როგორც შენ — თავისი სიცოცხლის რაღაც წუთებში უხდება თავის თავში გააერთიანოს სიკეთე და ბოროტება, ერთდროულად გაჰყვეს ერთი გორგლიდან გამორღვეულ სხვადასხვა ფერის ორ იდუმალ ძაფს, რომლებიც ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს სცილდებიან — თეთრი ძაფი ზევით მიდის, შავი კი — ქვემოთ, რათა ბოლოს მაინც ერთმანეთს გადაეწნან, შენს ხელშივე…
— თუმცა, ეს ბუნებრიობაც შეიძლება მშვენივრად გაითამაშო… განა არ ხდება, რომ ნიღაბი ისე ჰგავდა ნამდვილ სახეს, რომ სულში მღელვარება ძლიერდებოდა. მაინც სად არის ის გამყოფი ხაზი, ის მოუხელთებელი ჩრდილი, რომელიც შეძლებდა მათი ერთმანეთისგან გაცალკევებას.
— ამბობენ, ღრუბლის ფორები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან და ღრუბელი მაინც ერთი მთლიანობააო. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ, როგორც მითხრეს, ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილი ღრუბელიც ცდილობს თავისი ფორები შეაერთოს და არასოდეს კვდება…
— უწინ სხვანაირად იყო — მანამ, ვიდრე რევოლუცია დაჯგუფებათა შორის ბრძოლებად გადაგვარდებოდა. სოფელში, სადაც რევოლუცია შედიოდა, გლეხები სავალო კაბალისგან თავისუფლდებოდნენ, მდიდრებს სიმდიდრე ჩამოერთმეოდათ, პოლიტიკური პატიმრები თავისუფლდებოდნენ, კასიკები თავიანთ პრივილეგიებს კარგავდნენ. სად წავიდნენ ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ რევოლუცია მოწოდებულია, ხალხი გაათავისუფლოს და არა ბელადები ამრავლოს… რევოლუცია ბრძოლის ველზე იწყება, მაგრამ როგორც კი თავის პრინციპებს უღალატებს, წასულია მისი საქმე… ნამდვილი, თანამიმდევრული და უკომპრომისო რევოლუცია, სამწუხაროდ, მხოლოდ გაუნათლებელი და სისხლისმოყვარე ხალხის წყურვილია. ინტელიგენტებს კი ასეთი სანახევრო რევოლუცია არ შეუშლის ხელს განცხრომით, თავის ნებაზე, სიამოვნებით იცხოვრონ…
— თქვა, რომ ყველაფერი შეიძლება ჩვენი მოსპობის საბაბი გახდეს, ისიც კი, რასაც სიცოცხლე გვაძლევს… თქვა, რომ რაკიღა თავი ვერ დაგვიღწევია სიკვდილისაგან, სიღატაკისგან, უვიცობისგან, სჯობს მათზე არ ვიფიქროთ. თქვა, რომ შიშს მხოლოდ უეცარი სიკვდილი გვინერგავს, — ამიტომ ამა ქვეყნის ძლიერთა სახლებში სულიერი მამები ცხოვრობენ… თქვა, რომ: უნდა იყო ადამიანი, უნდა გეშინოდეს სიკვდილის არა განსაცდელის ჟამს, არამედ უსაფრთხოების დროს… თქვა, რომ სიკვდილის გარდაუვალობა თავისუფლების გარდაუვალობაა… თქვა, რომ: არ დაგინდობენ საათები, ის საათები, მატლებივით რომ ხრავენ შენს დღეებს… თქვა, რომ მე ვერ ავცდები ასჯერად სიკვდილს, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს ვუცდი… თქვა, რომ ადამიანის სიყვარული სიცოცხლეს ნიშნავს მაშინაც კი, როდესაც ღმერთს შენთვის სიცოცხლის წართმევა სურს… თქვა: რა საჭიროა მთელი ეს განძეული, ვასალები, მსახურები?
— რა საჭიროა? რა საჭიროა მოთქმით დაგიტირონ? სულერთია, მათ არ ერგებათ ეს დიდებული ქანდაკებები, ბრწყინვალე ინკრუსტაციები…
— შენ ის ბავშვი იქნები, ვინც ამ მიწაზე მოევლინება ქვეყნიერებას, ამ მიწას შეხვდება მისი წიაღიდან ამოსული და თავის ხვედრს განსაზღვრავს — ასეთი იქნები ახლაც, როცა სიკვდილი დაბადებასა და ბედ-იღბალს ათანასწორებს და მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის თავისუფლების სიმს აბამს.