სამშობლოს დიდებისთვის უცხოეთში მებრძოლი ქართველი გენერალი ანტონ შალიკაშვილი

გამოწერა
მეფის რუსეთის არმიაში მსახურობდა ხუთასამდე ქართველი გენერალი. ცოტა უცნაური კია, რადგან იმ დროს საქართველოს მოსახლეობა 1,5 მილიონს არ აჭარბებდა. ბოროდინოს ბრძოლაში 12 გენერალი მონაწილეობდა, ხოლო 1814 წელს პარიზში კოალიციის არმიას უკვე 22 ქართველი გენერალი მიუძღოდა.

საინტერესო ფაქტია, რომ ისტორიამ ყველა მათგანი უმაგალითო სიმამაცით და თავდადებით გამოარჩია, სწორედ ამიტომ წერდა ცნობილი რუსი ისტორიკოსი მ. პ. ალექსეევი: „თანამედროვეები არ გვაპატიებენ, რომ სათანადო პატივი არ მივაგოთ სამამულო ომში გმირულად მებრძოლ ქართველ მხედართმთავრებს, რომელთა  სიმამაცემ რუსეთის სამხედრო დიდებას გამორჩეული ელფერი შესძინა“.

დღეს ერთი მათგანის შესახებ გიამბობთ და თავად გადაწყვიტეთ, რამდენად სწორი იყო რუსი მემატიანის შეფასება. მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთში წასულ ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეს თან ახლდნენ სამცხელი თავადები – ძმები შალიკაშვილები. ერთი ძმა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო მეორე ერთი იმათგანი იყო, ვინც დიდებულ მეფეს უკანასკნელ წუთამდე გვერდში ედგა. საინტერესოა, რომ ამ ძმათა შთამომავლობამ ორი სახელოვანი გენერალი მისცა ისტორიას. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ანტონ შალიკაშვილი (ჩალიკოვი) და ამერიკის არმიის გენერალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი.

© National Library of Georgiaჯონ-მალხაზ შალიკაშვილი
Джон Шаликашвили - Sputnik საქართველო
ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი

1812 წელს ანტონ ჩალიკოვი გვარდიის კავალერიის მეორე ბრიგადას მეთაურობდა და თავი გამოიჩინა ვიტებსკთან, სმოლენსკთან, ბოროდინოსთან, ლიუცენთან, მონმირალთან, ლაიფციგთან და ევროპის ტერიტორიაზე გამართულ სხვა ბრძოლებში. განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე და მესამე ხარისხის ორდენებით, ამავე დროს მიღებული აქვს ავსტრიის ლეოპოლდ მეორის სახელობის, ბავარიის მაქსიმილიან იოსების, პრუსიის წითელი არწივისა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენები.

ბოროდინოს ბრძოლა - Sputnik საქართველო
პეტრე ბაგრატიონი - ორი ეკატერინეს მსხვერპლი, ომებში დაუმარცხებელი გენერალი!

ჟურნალისტი და მწერალი ფ. ბოლგარინი ასე ახასიათებს თავის მოგონებებში: „უმამაცესი გენერალი ჩალიკოვი, საოცრად კეთილი, მხიარული და ღირსეული პიროვნება, მთელ არმიაში დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა“. ანტონ ჩალიკოვ-შალიკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე, 1821 წლამდე გვარდიის კავალერიის დივიზიას მეთაურობდა. ცნობილი მხატვრის ჯორჯ დოუს მიერ შესრულებული მისი პორტრეტი დღესაც ამშვენებს ზამთრის სასახლის ერთ-ერთ გალერეას.

 

გენერალ-მაიორი ანტონ შალიკაშვილი დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგთან ახლოს ერთ-ერთ მონასტერში. ისიც იმ გმირ ქართველთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც განგებამ სამშობლოს დიდებისთვის ბრძოლა ქვეყნიდან შორს არგუნა.

ყველა ახალი ამბავი
0