• მახვილის ამოღება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ძლევამოსილად ჩაგება მისი. ომი მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მეფემ, როცა მის მიერ ამოწვდილი მახვილი სამ რამეს მოუტანს მის ხალხს: თავისუფლებას, მიწას და ოქროს.
• მარტოხელა კაცი თავის სიბრძნეშიაც შლეგია.
• ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამ ქვეყნად.
• არავინაა კაცთა შორის გარეწარი ისეთი, რომლის მოთვინიერება არ შეეძლოს სიკეთესა და სათნოებას.
• სიყვარულს იქვე უთესია, სადაც სიძულვილს ყანა მოუმკია ხოლმე.
• ყოველი ცუნდრუკა საკუთარ ძალას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე თუნდაც მასზე გამარჯვებულ მოპირდაპირის ღონეს.
• მოულოდნელი ამბავი კუხე ნაყოფსა ჰგავს, ხოლო მოსალოდნელი გადამწიფებულს, ერთს თუ სარეჯგვავით ძლივს ჩამოაგდებ, მეორეს სულ მცირეოდენი შერხევა სჭირია ტოტისა და თავზე დაგეცემა უმალვე.
• არაერთხელ მომხდარა იგიცა, ბრძენთა ყოყმანის მეოხებით დათმობილნი ციხენი თვალის დაფახულებაზე აუღიათ შმაგებს, რადგან სიშმაგე თავზე ხელაღების შედეგია, ხოლო სიბრძნე — საკუთარი თავის ან სახელმწიფოს გაფრთხილებისა.
• ყივის მამალი, აღვიძებს ქარავანს და ლომებიც კრთებიან მამლის ყივილზე. აგრე ჰგონიათ: მათზე უძლიერესიაო მამალი. რადგან ყველაზე ძლიერი შესაძლოა ყველაზე გაუფრთხილებელიც იყოს.
• ბრძენსაც მოერევა ხოლმე თავში შეუწონელი აზრიცა, მაგრამ საჭიროა არა მარტო ასეთი აზრის არგამხელა, არამედ სიბრძნის შეფარვაც უცილოა ზოგჯერ.
• უდიდეს გმირსაც შეეშინდება ხანდახან, მაგრამ შიშის მიჩქმალვაშიაც გმირობაა.
• ობობას ქსელზე უფრო ფაქიზი და სუსტი ქსოვილი ჯერ არც ერთ დიაცს ხომ არ მოუქსოვია ამ ქვეყნად, მაგრამ ორიოდე ფარასანგის მანძილზე გარდიგარდმო რომ გააბათ იგი, კამეჩსაც წააქცევს.
• არავინაა მუდამ გმირი ამ ქვეყნად და არცთუ არვინ ისეთი ძაბუნი, თუნდაც ერთხელ სიმამაცე არ გამოეჩინოს.
• ბულბულის ტკბილხმოვანება არწივისთვის რომ მიეცა ღმერთს, ფრინველთა მეფე ხომ ვერ იქნებოდა ეგზომ მძვინვარე და შეუპოვარი. რადგან სინაზე და სიძლიერე ერთ ხალთაში ჯერ არასდროს დატეულან.
• გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა, როგორც წრეგადასული სიძუნწე. ვინც სულიერ სიცარიელეს განიცდის, იგი სტუმრიანობას ნატრობსო ნიადაგ.
• როცა რომელიმე ქვეყანაში სტუმრები მასპინძლებზე მეტი აღმოჩნდებიან, სტუმრები მასპინძლებად იქცევიანო. ცხადია: განა მარტო ომით ხდება დაპყრობა, მოხშირებული სტუმრიანობითაც.
• ლამაზებსა და თავმოთნეებს ერთ რამეს აკლებს არსთაგანმრიგე: სახელდობრ ჭკუას.
• ლამაზებსა და მამაცებს ერთ რამეს აკლებს ღმერთი: სიფრთხილეს. ცნობილია: ლომები და ვეფხვები უფრო მეტად გაუფრთხილებელნი არიან, ვიდრე ვირთხები და თრითინები.
• მაინცა და მაინც ნუ მიეძალები ჭკუის შემატებას. ჭკვიანი და ბედნიერი მე ცოტა მინახავს, პირიქით, უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში.
• არაფერი ისე არ ამშვენებს ცხოვრებას, როგორც სიკვდილთან თამაში.
• სიყვარული სხვა არაფერია თუ არა — ვერშეწვდომა.