ინოკენტი სმოკტუნოვსკი: გაცილებით ადვილია იყვირო, ვიდრე მოუსმინო და გაუგო სხვას

© photo: Sputnik / Галина Кмит / გადასვლა მედიაბანკშითეატრისა და კინოს მსახიობი
თეატრისა და კინოს მსახიობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ერთი ძალიან დაფიქრებული და სევდიანი კაცი ამობრძანდება – შესანიშნავი არტისტი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ყველაზე ინტელიგენტურ მსახიობს უწოდებდნენ… ინოკენტი სმოკტუნოვსკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1925 წლის 28 მარტს ტომსკის გუბერნიის სოფელში ძალიან ლამაზი სახელით — ტატიანოვკა.

მან ძალიან რთული ცხოვრება გაიარა — მძიმე ბავშვობა, ომი, ტყვეობა, მარტოობა და უნუგეშობა, ბოლოს კი კარზე მოკაკუნებული ინფარქტი, რომელსაც ვეღარ შეებრძოლა… მაგრამ სამაგიეროდ მის ცხოვრებაში ლამაზად შემობრძანებული იყო შესანიშნავი სულამიფ კუშნირი — თავად ინოკენტის თქმით, თხელი და სერიოზული ქალბატონი, რომელსაც მძიმე თმები ამშვენებდა და ისე ჩამოვიდა სულ სამსაფეხურებიან კიბეზე, რომ სამუდამოდ გახდა მისი ცხოვრების და პირადად მისი ნაწილი.

არ ვიცი, მეჩვენება თუ არა, მაგრამ კაცი რომ ასე წაგიკითხავს ლექსს, ყველგან გაჰყვები დაუფიქრებლად:

როდესაც ინოკენტი სმოკტუნოვსკის ვიხსენებ, პირველ რიგში მისი შესანიშნავი და მზიანი იური დეტოჩკინი მიდგება ხოლმე თვალწინ ელდარ რიაზანოვის ლირიკული კომედიიდან „უფრთხილდი ავტომობილს“.

ელდარ რიაზანოვი იხსენებდა, რომ მას უნდოდა შეექმნა სევდიანი კომედია კარგ ადამიანზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ვინმეს არანორმალურიც კი შეიძლება მოეჩვენოს, სინამდვილეში კი ის ყველა სხვა ადამიანზე უფრო ნორმალურია, რადგან დიდი და გულწრფელი ბავშვია ფართოდ გაღებული თვალებით, რომელიც გულგრილად ვერ უყურებს იმას, რასაც ჩვენ ყოველდღე უყურადღებოდ ჩავუვლით ხოლმე გვერდით.

სხვათა შორის, თავდაპირველად ფილმის სცენარი იწერებოდა იური ნიკულინისთვის, მაგრამ მსახიობს იმ პერიოდში არ ეცალა და რიაზანოვს მთავარ როლზე ლეონიდ კურავლიოვის კანდიდატურა შესთავაზეს. თუმცა რეჟისორმა არჩევანი ინოკენტი სმოკტუნოვსკიზე შეაჩერა მიუხედავად იმისა, რომ მან თავიდან კატეგორიული უარი განაცხადა ეთამაშა „მისთვის გაუგებარი  პიროვნების — დეტოჩკინის“ როლი…

ელდარ რიაზანოვმა პირადად მიაკითხა სმოკტუნოვსკის აგარაკზე, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მაინც დაითანხმა და, ყოველი შემთხვევისთვის, ხელწერილიც კი  გამოართვა…

დეტოჩკინი გახდა ის გმირი, რომელიც აუდიტორიამ პირველივე დანახვით შეიყვარა და გაითავისა. ის ცოტათი ჰგავდა რობინ ჰუდს, თუმცა ინგლისური თემა ინოკენტი სმოკტუნოვსკის ჯერ კიდევ დეტოჩკინამდე ჰქონდა დაგემოვნებული.

მე ვთვლი, რომ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ 2 შესანიშნავი ჰამლეტი მყავს ნანახი — ვლადიმერ ვისოცკისა და ინოკენტი სმოკტუნოვსკის შესრულებით. ვფიქრობ, ვისოცკის არ ეწყინება, მაგრამ სმოკტუნოვსკის ჰამლეტი ჩემთვის უფრო ახლოა. ალბათ იმიტომ, რომ უფრო თავშეკავებულია და ამიტომაც, ალბათ, უფრო მტკივნეული.

ინოკენტი სმოკტუნოვსკის ცხოვრებაში არსებობდა ერთი საოცარი ადამიანი — თბილისში დაბადებული შესანიშნავი რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი, რომელმაც ასევე განუმეორებელი მსახიობის ევგენი ლებედევის რეკომენდაციით ინოკენტი სმოკტუნოვსკის მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი როლი შესთავაზა — ლევ მიშკინის როლი დოსტოევსკის „იდიოტში“. ის ამბობდა, რომ ინოკენტის ზუსტად გრაფ მიშკინის თვალები ჰქონდა.

მართლა რა სხვანაირი თვალებია…

სმოკტუნოვსკი საერთოდ სხვანაირი იყო… ბევრს, შეიძლება, არც ახსოვს ეპიზოდი პოპულარული ფილმიდან „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, სადაც მსახიობი თავის თავს ასახიერებს და თავმდაბლურად ამბობს — ჩემი გვარი თქენ მაინც ვერაფერს ვერ გეტყვითო.

არადა მისი გვარი ყველას, ვინც კი სულ ცოტა მაინც იცნობს კინოხელოვნებას, ბევრ რამეს ეუბნება.

ინოკენტი სმოკტუნოვსკის ცხოვრების სულ ბოლო წუთებს იხსენებდა მისი მეგობარი, მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი. ისინი, თურმე, 1994 წლის 2 აგვისტოს სანატორიუმში, ჯიგარხანიანის ნომერში ისხდნენ, 50 გრამი დალიეს და ერთმანეთს დასცილდნენ…

დილით კი, როცა არმენ ჯიგარხანიანი სასადილოში ჩავიდა, სმოკტუნოვსკი ვერ დაინახა და უთხრეს, რომ ის ღამის 3 საათზე გარდაიცვალა…

ყველა, ვინც ინოკენტი სმოტკუნოვსკის იცნობდა, ხაზს უსვამდა იმას, რომ ის საოცრად თავმდაბალი და მორცხვი ადამიანი იყო, ბავშვივით გახსნილი და გულწრფელი. მას ახლობლები „კეშათი“ მიმართავდნენ. მან კი, სულ მხოლოდ ერთხელ, ოლეგ ეფრემოვთან თვითმფრინავში მჯდომმა, ილუმინატორში გაიხედა და სევდიანად წარმოთქვა, ოლეგ, მე ხომ კოსმიური მსახიობი ვარო – Олег, а я ведь космический актёр?

ერთ რამეში კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ – რომ ასე გულის წკიპამდე, ასე დახვეწილად და ასე შესანიშნავად ალექსანდრ პუშკინის ლექსებს სხვა ვერც კითხულობდა და ვერც წაიკითხავს:

გისურვებთ ლამაზ და ძალიან ბედნიერ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0