05:13 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

საზღვაო საზღვრების დარღვევა, ანტირუსული მიმართულების წვრთნები და მოკავშირეების იარაღით მხარდაჭერა — ბრიტანულ ხომალდ Defender-თან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, ბოდიშის ნაცვლად, ახალი მუქარები ისმის.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ნატოში მკაფიოდ მიანიშნეს: ალიანსი შავი ზღვიდან არ გავა. უფრო მეტიც, კიდევ უფრო გააძლიერებს ყოფნას და განაგრძობს პროვოკაციებს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. 

დაპირება ტრიბუნებიდან 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის თქმით, ალიანსი შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად რჩება.  

„ნატოს აქვს მკაფიო პოზიცია, როდესაც საქმე ეხება თავისუფალ ნაოსნობას და იმას, რომ ყირიმი — ეს უკრაინაა და არა რუსეთი. [Defender-ის] ინციდენტის დროს ნატოს მოკავშირეებმა ამ პრინციპების დაცვაში სიმტკიცე გამოავლინეს“, — განაცხადა აპატურაიმ.

თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა აღნიშნა, რომ ინგლისური სამხედრო ხომალდები „კვლავაც განაგრძობს შესვლას უკრაინის ტერიტორიულ წყლებში“. მარშრუტს, რომელსაც დამრღვევი ნაღმმზიდი გადიოდა, მან უმოკლესი საერთაშორისო გზა უწოდა ოდესიდან ბათუმისკენ.

„ჩვენ სრული უფლება გვაქვს, დაუბრკოლებლად გავიაროთ უკრაინის ტერიტორიული წყლები საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ჩვენ კვლავაც ასე განვაგრძობთ“, — ხაზი გაუსვა მინისტრმა.

აშკარაა, რომ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მხრიდან სხვა პროვოკაციებსაც უნდა ელოდოს. თუმცა რააბის სიტყვებს მალევე მოჰყვა კრემლის რეაქცია. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს ზღვაში სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებლად გადაკვეთის შემთხვევაში. და დაამატა, რომ მსგავსი ინციდენტებისთვის თავის არიდების ყველაზე ეფექტური მეთოდი — უბრალოდ ისაა, რომ არაფერი დაირღვეს.

სხვათა შორის, „დეფენდერის“ ინციდენტის შემდეგ მისი „გმირობის“ გამეორება ჰოლანდიელებმაც სცადეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნეიტრალურ წყლებში მყოფმა ფრეგატმა Evertsen-მა კურსი შეცვალა და ქერჩის ყურისკენ დაიძრა. საზღვრის დარღვევის აღსაკვეთად რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა გამაფრთხილებელი ფრენები განახორციელეს ხომალდის მახლობლად.

ჰოლანდიელებმა დაიჩივლეს, რომ გამანადგურებლები რამდენიმე საათის განმავლობაში „ახდენდნენ შეტევის იმიტაციას“ და „სახიფათოდ დაბლა და ახლოს დაფრინავდნენ“. გარდა ამისა, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ თვითმფრინავებზე „ჰაერი-მიწის“ კლასის ბომბები და რაკეტები დაინახეს.

სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ სერგეი სუდაკოვს მიაჩნია, რომ ბრიტანეთისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან კონფლიქტი შეინარჩუნონ. ამიტომაც განაგრძობენ პროვოკაციებს შავ ზღვაში და რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გავლა რეგულარული გახდება. ამასთან დამრღვევები უკვე იქნებიან არა ცალკეული ხომალდები, არამედ რამდენიმე ვიმპელისგან შემდგარი ქარავნები.

„განსაკუთრებით აქტიურები ისინი სახელმწიფოს „მოწყვლადობის პერიოდში“ იქნებიან — ეს, როგორც წესი, ქვეყანაში მნიშვნელოვან მოვლენებამდე დაახლოებით 90 დღეა. ჩვენს შემთხვევაში — სახელმწიფო სათათბიროს სექტემბრის არჩევნებამდე. ახლა სრულმასშტაბიანი მენტალური და საინფორმაციო ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, — განმარტა სუდაკოვმა.

ერთგული მეგობრები

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ნატომ შესამჩნევად გააძლიერა შავი ზღვის რეგიონში ყოფნა. ალიანსის ხომალდები შესაშური რეგულარობით ატარებენ იქ სხვადასხვა ფორმატის წვრთნებს, თანაც, ლეგენდის თანახმად, მოწინააღმდეგე, როგორც წესი, რუსეთია ხოლმე. ნატოს უახლოეს მოკავშირეებად იქცნენ საქართველო და უკრაინა, რომლებსაც  ფაქტობრივად არ გააჩნიათ საკუთარი სრულფასოვანი სამხედრო ფლოტი.

როგორც ცნობილია, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებმა არსებობა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ შეწყვიტა. თვითმხილველების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანაყოფებმა ფოთის პორტში მდგომი ყველა ის კატარღა და ხომალდი გაანადგურეს, რომლებსაც სამხედრო მარკირება ჰქონდათ. კიდევ რამდენიმე ვიმპელი აფხაზეთის სანაპიროებთან ბრძოლებში განადგურდა.

დღეს ნატო და აშშ ცდილობენ აღადგინონ ქართული ფლოტი. მაგალითად, თურქეთმა თბილისს ჩქაროსნული საპატრულო კატარღა გადასცა, ამერიკელები კი ორი კატარღის აღდგენასა და მოდერნიზებაში დაეხმარნენ ქართველებს და კიდევ სანაპირო დაცვის რამდენიმე ხომალდიც აჩუქეს.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა რამდენიმე მილიონი დოლარი გამოყო სხვა ქართული მცურავი საშუალებების რემონტისთვის. ნატოელი მეზღვაურები კი საქართველოს პორტების ხშირი სტუმრები არიან უშიშროებისა და პარტნიორობის განმტკიცების აქციების ფარგლებში. პერიოდულად ტარდება ერთობლივი წვრთნებიც. კერძოდ, მაისში საგუშაგო ხომალდმა „ჰამილტონმა“ და საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღებმა ზღვაში რამდენიმე სასწავლო-საბრძოლო ამოცანა შეასრულეს.

უკრაინის ფლოტი ასევე სავალალო მდგომარეობაშია. უამისოდაც მცირერიცხოვანი სამხედრო-საზღვაო ძალები 2014 წელს თითქმის ბრძოლისუნარიანი ხომალდების გარეშე დარჩა — პოტენციალის დაახლოებით 80% დაკარგეს.

დღეისათვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 30 ხომალდი ირიცხება, მაგრამ მხოლოდ ერთეულებია ვარგისი. ვიმპელთა უმეტესობას არ უმუშავებს ძრავები, რადიოლოკაციური სადგურები და შეიარაღების სისტემები.

თუმცა ნატო უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს უფრო ეხმარება, ვიდრე საქართველოსი. ამერიკელები მოკავშირეებს ფლოტის Mark VI-ისა და Island-ის კლასის 16 საპატრულო კატარღით გაძლიერებას დაპირდნენ.

ინგლისელებმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედროების წვრთნის მთელი პროგრამა შეიმუშავეს: მათ ასწავლიან ნავიგაციას, ოპერატიულ დაგეგმვას, საზღვაო დაზვერვას, საცეცხლე მომზადებასა და ხომალდების შენარჩუნებისთვის ბრძოლას.

ცოტა ხნის წინ კიევმა და ლონდონმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბრიტანელები ერთბაშად ორი ბაზის აგებას აპირებენ შავი და აზოვის ზღვის სანაპიროებზე. მოსალოდნელია, რომ იქ ნატოელები მონტრეს კონვენციის გვერდის ავლით განათავსებენ საბრძოლო ხომალდებს. გარდა ამისა, უკრაინელებს ახალი ვიმპელების აგებაშიც დაეხმარებიან და უკვე არსებულების მოდერნიზაციაშიც.

ადეკვატური პასუხი

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით რეგიონში მთავარი ძალა რუსეთის შავი ზღვის ფლოტია. ბოლო წლებში დაჯგუფება კარდინალურად გარდაისახა და ახლა ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვედ და ბრძოლისუნარიანად მიიჩნევა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში.

ეს დაახლოებით 260 ხომალდი, კატარღა, წყალქვეშა ნავი და უზრუნველყოფის ხომალდია. საბრძოლო წყალზედა ვიმპელების რაოდენობა დაახლოებით 70 ერთეულია, მათ შორისაა ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“, რომლის დანიშნულებაც ავიამზიდთა ჯგუფების განადგურებაა. ის პრაქტიკულად ნებისმიერ საზღვაო სამიზნეს უმკლავდება. ხომალდი ექსპლუატაციაში 1980-იან წლებში შევიდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ღრმა მოდერნიზაცია ჩაუტარდა, რაც მას კიდევ ათობით წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს ეფექტურობას.

შავი ზღვის ფლოტმა პირველმა აითვისა პროექტ 636.3 „ვარშავიანკის“ უახლესი და მსოფლიოში ყველაზე ჩუმი დიზელის სუბმარინები. ექვსი წყალქვეშა ნავი რეგულარულად აკვირდება ნატოს საზღვაო ძალების მოქმედებებს შავ ზღვაში და, ამას გარდა, ხმელთაშუა ზღვაშიც ეწევიან სამსახურს.

ფლოტის ყოფილი სარდლის, ადმირალ ვლადიმირ კომოედოვის თქმით, ჯერ კიდევ 20 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო: შავი ზღვის დაჯგუფება საბრძოლო სიმძლავრით, მაგალითად, თურქეთის ფლოტს ხუთჯერ ჩამორჩებოდა, ხოლო თუ რეგიონში ნატოს დაჯგუფება შედიოდა ხმელთაშუა ზღვიდან, მათი უპირატესობა ლამის ოცმაგი იყო.

„როდესაც მე დამნიშნეს, ფლოტში ერთ-ნახევარი წყალქვეშა ნავი იყო — ერთი „ვარშავიანკა“ და ერთიც პროექტ 641-ის ხომალდი, რომელიც რემონტზე იდგა. ახლა ნავებიც საკმარისია და ამასთან აბსოლუტურად სხვაგვარად არიან შეიარაღებული, შეუძლიათ გადაჭრან არა მარტო ტაქტიკური, არამედ ოპერატიულ-სტრატეგიული ამოცანებიც“, — აღნიშნა ადმირალმა.

2016 წელს შავი ზღვის ფლოტელებმა პროექტ 11356-ის თანამედროვე მრავალმიზნობრივი ფრეგატები მიიღეს, რომლებიც ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებითაა“ შეიარაღებული. გარდა ამისა, გადაეცათ საპატრულო და მცირე სარაკეტო ხომალდები. მოკლედ, შავი ზღვის ფლოტს მოეძევება პასუხი ალიანსის პროვოკაციებზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები