16:28 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
9 0 0

სერგეი მარკედონოვი – ჟურნალ „საერთაშორისო ანალიტიკის“ მთავარი რედაქტორი Sputnik-ს საკუთარ მოსაზრებას აცნობს.

სერგეი მარკედონოვი

რისთვის ეწვია ამჯერად, 2021 წლის ივნისში თბილისს მორიგი ვაშინგტონელი მაღალჩინოსანი?

საქართველო და აშშ: სიახლე და მემკვიდრეობითობა

„ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო აშშ-ის საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვან პარტნიორად შავ ზღვაზე“, − განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა თბილისში ვიზიტისას.

მისი გამოსვლის ზოგი სტილისტიკური თავისებურება დამკვირვებლებს არ გამოპარვიათ. რიკერმა, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა ამჟამინდელი ადმინისტრაციის როლი.

მართლაც, ბაიდენის გუნდი ყველანაირად ცდილობს ხაზი გაუსვას დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ კურსთან სხვაობას. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მსოფლიო ლიდერის პოზიციებზე დაბრუნებაზე, ევროატლანტიკური სოლიდარობის აქტუალიზაციასა და დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერაზე საუბრობს. და თბილისში მყოფმა ფილიპ რიკერმაც დააფიქსირა: „ჩემი ვიზიტის გზავნილი − საქართველოს, როგორც განვითარებული და საიმედო დემოკრატიის მქონე ქვეყნის წარმატების უზრუნველყოფაა“.

თუმცა აშშ-ის 45-ე და 46-ე პრეზიდენტების რიტორიკისა და პრაქტიკის უფრო ახლოს გაცნობის შემთხვევაში − იქნება ეს გლობალური პოლიტიკისა თუ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები (იგივე კავკასია) − დაინახავთ, რომ მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება.

დიახ, ტრამპის გუნდი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ძალის ფაქტორსა და პრაგმატიზმს, თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი კი ფასეულობებზე ფოკუსირდება. მაგრამ პირველ და მეორე შემთხვევაშიც საუბარია აშშ-ის დომინირების შენარჩუნებაზე. რომელიმე ქვეყანაზე ხისტი ზეწოლითა თუ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მაღალ სტანდარტებთან შეუსაბამობის ბრალდებებით ვაშინგტონი, რესპუბლიკელების დროსაც და დემოკრატებისაც, ცდილობს არ დაუშვას კონკურენტების გამოჩენა ჩინეთისა თუ რუსეთის სახით. ევრაზიული მიმართულება იყო და რჩება აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტად, ვისაც უნდა ეკავოს იქ სახელისუფლებო სიმაღლეები.

თავად ფილიპ რიკერის კარიერა ამის შესანიშნავი დასტურია. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ინტერესების ამჟამინდელი პრომოუტერი წარმატებით მუშაობდა ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს გუნდში. მან ეს პოსტი 2019 წლის მარტში დაიკავა და საქართველოს მიმართულებით გამოცდილების დაგროვებაც მოასწრო. 2019 წლის სექტემბერში რიკერი, პომპეოს დავალებით, თბილისში ჩავიდა და ვიზიტის დროს აღნიშნა: „ქართველებს არ ჰყავთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი“. გასული წლის ნოემბერში, პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს, რიკერმა დელიკატური მისია შეასრულა − ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისმა იმჟამინდელმა შეფმა, რომელსაც მალე პოსტი უნდა დაეტოვებინა, ამჯობინა ყურადღება ოფიციალურ ხელისუფლებასთან დიალოგზე გაემახვილებინა. და, აი, ახლა, ივნისში, ის უკვე ახლანდელი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილის ხარისხში ქადაგებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა დიალოგის იდეას, როგორც საქართველოს შიდა სტაბილურობის ფუნდამენტისა.

ასე რომ, ტრამპის დროსაც და ბაიდენის დროსაც საქართველო იყო და არის აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი კავკასიაში. ორმხრივი მოკავშირეობის ძირითადი საკითხები იგება სამხედრო სფეროს, თბილისის ნატოში გაწევრიანების, ასევე დემოკრატიის მხარდაჭერის გარშემო, რომელიც შიდაქართული ევროატლანტიკური კონსენსუსის განმტკიცებად აღიქმება.

თბილისის გეოპოლიტიკური მარტოობა?

ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ძალიან ზუსტად განსაზღვრა კავკასიაში ახალი სტატუს-კვო ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ: „რუსეთისა და თურქეთის როლი დასავლეთის ხარჯზე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რეგიონში ის სრულიად დამოუკიდებელი მოთამაშეა და არანაირად არ ათანხმებს თავის ნაბიჯებს მოკავშირეებთან“. და ეს მდგომარეობა ძალიან აღელვებს აშშ-საც და საქართველოსაც, დამატებით იმპულსებს აძლევს მათ კოოპერაციისთვის. ვაშინგტონს აშინებს სამი ევრაზიული გიგანტის – ირანის, რუსეთისა და თურქეთის ალიანსის ფორმირება, დაე, თუნდაც ის სიტუაციური იყოს. ამ სამიდან არც ერთი არ არის დაინტერესებული აშშ-ისა და მისი მოკავშირეების პოპულარიზაციით ევრაზიაში, სამივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, არც ერთ მათგანს არ სურს „ფასეულობების პოპულარიზაცია“, რომლითაც ვაშინგტონის პრიორიტეტებია კომუფლირებული. თუმცა ეს ყველაფერი თურქეთს ნატოს არ აძულებს, და შტატებთან სელექციური კოოპერაციისთვის მისი მზადყოფნა რამდენჯერმე აღემატება მოსკოვისა და თეირანის ანალოგიურ სწრაფვას. მაგრამ „ევრაზიული სამეულის“ დაახლოების საშიშროება (თეორიაშიც კი) ამერიკულ ისტებლიშმენტს აღელვებს.

თუმცა ვაშინგტონს თურქეთი და რუსეთი სხვადასხვაგვარად აშფოთებს: პირველ შემთხვევაში საუბარია ანკარისა და თბილისის მზარდ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელშიც ქართველი პარტნიორები უმცროსებისა და დამოკიდებულების როლში არიან. რუსეთი კი შიშებს იწვევს – როგორც „სახელმწიფო-რევიზიონისტი“. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს აშშ სსრკ-ის დაშლის პროცესში თვითგამორკვევის პრობლემად კი არა, ძალის დახმარებით კავკასიის ტერიტორიულ რეკონფიგურაციად აღიქვამს. და ამ ძალისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აშშ ჯერჯერობით მზად არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს განისაზღვრება როგორც მოკავშირეობის დილემა. არსებობს ორმხრივი კოოპერაციის გაფართოების ინტერესი, მაგრამ დიდია მოკავშირის მესამე ქვეყნებთან დავებსა და კონფლიქტებში ჩართვის რისკები.

ყარაბაღის მეორე ომმა აზერბაიჯანის თურქეთთან ბმა გააძლიერა, სომხეთისა კი რუსეთთან. ამასთან მოსკოვიცა და ბაქოც დაინტერესებული არიან, შეინარჩუნონ პოზიტიური დინამიკა ორმხრივ ურთიერთობებში. ამ კონტექსტში მარტო საქართველო რჩება დასავლეთთან დაახლოების თანმიმდევრულ მცველად. სომხეთისთვის ნატოსკენ მიმავალი გზა დაკეტილია თურქეთის ალიანსის წევრობის ფონზე, ხოლო აზერბაიჯანისთვის ბლოკთან კოოპერაციის ამჟამინდელი დონე არასაკმარისია. გამოდის, რომ საქართველოს გარდა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია კავკასიაში სერიოზულად არავის აინტერესებს.  

ნატოში შიდა სტაბილურობის გავლით?

ფილიპ რიკერს ევრაზიასა და ევროპაში პრონატოური განწყობების წარმატებული ლობისტის რეპუტაცია აქვს. მას ბალკანებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რიკერი შესანიშნავად იცნობს მაკედონიას, სადაც ის 1990-იანების დასაწყისში მსახურობდა რიგით დიპლომატად, 2008-2011 წლებში კი − უკვე ელჩად. მის სახელს უკავშირდება ათენსა და სკოპიეს შორის დავების დარეგულირებაში შეტანილი წვლილი და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ოფიციალური სახელწოდებით ჩრდილოეთ მაკედონია.

ამ კონტექსტში მარტივი გასაგებია ის ენთუზიაზმი, რომლითაც დახვდნენ მაღალი რანგის ვიზიტორს თბილისში. თუ 2020 წლამდე ნატოს მოლოდინები მხოლოდ „რუსეთის შეკავების“ საკითხს უკავშირდებოდა, დღეს საქართველოს ყარაბაღის საკითხებში „რუსეთ-თურქეთის კონდომინიუმი“ აშფოთებს და ასევე დასავლეთის დასუსტება კავკასიაში. რიკერის ვიზიტს ქართული ელიტის შიშები უნდა გაექარწყლებინა. მაგრამ რა სიგნალები გაგზავნა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა ვიზიტორმა?

წარმოითქვა სიტყვათა მთელი ჩვეული ნაკრები. რუსეთი საქართველოს მიმართ ქმედებებისთვის გააკრიტიკეს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებას ვაშინგტონის წარმომადგენელმა სრულად დაუჭირა მხარი, ისევე, როგორც მოსკოვის დაგმობას, რომელიც ამისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

მაგრამ არც საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებულა არანაირი ცხადი მესიჯი და არც ამ ქვეყნისა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭების თაობაზე (რაც სულაც არ ნიშნავს ალიანსში ავტომატურად გაწევრიანებას). იმავე მაკედონიამ მაპი 1999 წელს მიიღო, მაგრამ ნატოს წევრი მხოლოდ 2020 წლის მარტში გახდა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა მაპს 2010 წლის აპრილიდან ფლობს, მაგრამ ალიანსს ჯერ არ გადაუწყვეტია მისი წევრობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გამუდმებით უწოდებენ ნატოს „ასპირანტს“, „საკანდიდატოს დაცვა“ ვადაში იწელება. რაშია მიზნისადმი ესოდენ ნელი სვლის მიზეზი, რომლის მიღწევასაც აშშ სიკეთედ განიხილავს?

შტატებს აღელვებს არა მარტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი და მოსკოვის უკიდურესი გაღიზიანებულობა ალიანსის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავარი კავკასიური მოკავშირე უკვე რამდენიმე წელია ვერ ართმევს თავს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები აქრობენ, მაგრამ სრულად ვერა. საქართველოს პოლიტიკური კლასი კელი დეგნანის, იგივე ფილიპ რიკერისა თუ შარლ მიშელის მისიების გარეშე საქმეს თავს ვერ ართმევს. და როგორც შედეგი – ჩნდება შიშები, რომ ნებისმიერი ახალი კრიზისი ევრო- და ნატოსკეპტიციზმს გაზრდის. აქედანაც არის რისკების შეჯირებისადმი სწრაფვა.

აშშ-ს სურს განამტკიცოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რათა მერე ნატოში შეიყვანოს იგი. თანმიმდევრობა ასეთია. და სწორედ ეს სიგნალი იყო საკმაოდ მკაფიოდ ფორმულირებული რიკერის მიერ. გაიგონებენ კი ამას, ან როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ? ამ კითხვაზე პასუხი აშკარა არ არის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები