ქსენია მელნიკოვა
ასევე მიანიშნა, რომ ახალი ადმინისტრაცია, ძველის მსგავსად, კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს. მისი ვიზიტის შემდეგ გერმანელებმა პროექტი შეაჩერეს. კონკრეტულად რა დათმობებზე წასასვლელად არის მზად გერმანია?
რევერანსი ამერიკელებს
გერმანიამ გაითვალისწინა აშშ-ის მოსაზრება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ის მორატორიუმს აცხადებს სადავო პროექტის დასრულებაზე. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანერგეტ კრამპ–კარენბაუერმა ისაუბრა პენტაგონის შეფ ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც წინა დღით ეწვია ბერლინს პირველი დიდი ევროპული ტურნეს ფარგლებში. ამით ამერიკის თავდაცვის მინისტრმა აჩვენა, რომ ბაიდენის პირობებში ვაშინგტონს გერმანიასთან ურთიერთობების დალაგება სურს. ასეთივე მზადყოფნა გამოაჩინა ბერლინმაც.
ამ დროისათვის გაზსადენის 95 პოცენტია აგებული, ანუ 2460 კილომეტრიდან 2339 კმ. თუ პროექტი მაინც დასრულდება, გერმანია რუსულ გაზს გარკვეული პირობებით შეიძენს. „ეს მოსკოვის ნაბიჯებზეა დამოკიდებული“, — შენიშნა კრამპ–კარენბაუერმა.
ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მეორე ტოტის დასრულების წინააღმდეგია. თუმცა იმავდროულად ხაზი გაუსვა, რომ პროექტის გარშემო უთანხმოება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე. ამასთან კრამპ–კარენბაუერსა და მის ამერიკელ კოლეგას მარტო გაზსადენის პროექტი არ აინტერესებდათ. ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან 9,5-დან 12 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებდა, ადანაშაულებდა რა გერმანიას ნატოსა და აშშ-ის წინაშე „მრავალმილიარდიან დავალიანებაში“. ახალი ადმინისტრაცია კი, პირიქით, კონტინგენტს ზრდის — მართალია, მხოლოდ 500 კაცით. თუმცა ამერიკელი და გერმანელი მინისტრები მერე ისევ გაზსადენის სადავო პროექტის განხილვას დაუბრუნდნენ.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ვაშინგტონისა და ბერლინის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი განხეთქილების ვაშლია. ასე იყო პრეზიდენტ ტრამპის დროს და ასე გრძელდება ჯო ბაიდენის დროსაც. აშშ შიშობს, რომ რუსული გაზსადენი მათ მომგებიანი ევროპული ენერგეტიკული ბაზრებიდან მოკვეთს, რომლებიც, თავის მხრივ, რუსულ გაზზე იქნებიან დამოკიდებული.
გაზსადენი გერმანიის, დანიის, რუსეთის, ფინეთისა და შვედეთის ეკონომიკურ ზონებსა და ტერიტორიულ წყებში გადის. კოპენჰაგენი დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მის მშენებლობას, მაგრამ შემდეგ მაინც დათანხმდა. გერმანიის ხელისუფლება მხარს უჭერს პროექტს და ყველას მოუწოდებს, აღიარონ ის „წმიდა ეკონომიკურ“ პროექტად. თუმცა ქვეყნის შიგნით ყველა ასე არ ფიქრობს. ეკოლოგები და მწვანეები აქტიურად აკრიტიკებენ მას. ამ დღეებში ბუნების დაცვის ორგანიზაციამ Deutsche Umwelthilfe (DUH) ჰამბურგის სასამართლოში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვა გაასაჩივრა, რომელიც მანამდე საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ გასცა.
გაზსადენს, გარდა აშშ-ისა, ასევე ეწინააღმდეგებიან უკრაინა და პოლონეთი. ამ ქვეყნებს აწყობთ, რომ გაზის ტრანზიტი მათი ტერიტორიის გავლით ხდებოდეს. მათ მხარს უჭერენ: ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ხორვატია — იმის შიშით, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოსკოვის გავლენას გააძიერებს ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე.
ტრამპი მოწყვეტით ურტყამდა
დონალდ ტრამპი გაზსადენის გაყვანას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სანქციებით. მის გარემოცვაში მიაჩნდათ, რომ შეზღუდვები „პროექტს გულში ლახვარს ჩასცემდა“. დაწყებული 2017 წლიდან, ის სულ ახალ და ახალ შეზღუდვებს აწესებდა და ძირითადად უცხოურ კომპანიებს ურტყამდა, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.
თავდაპირველად მიიღეს კანონი, რომელიც ანტირუსულ სანქციებს აძლიერებდა და ამერიკულ და უცხოურ კომპანიებს რუსეთის „თავდაცვითი და სადაზვერვო სექტორების“ საწარმოებთან თანამშრომლობაზე აფრთხილებდა. ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა სამხედრო თავდაცვით ბიუჯეტს, რომელშიც ასევე იყო დათქმული ნაკადის გადაკეტვის მეთოდები. და მალე შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც მილები გაჰყავდა, ყველა ხომალდი გაიყვანა მშენებლობის რაიონიდან. ევროპელებს ამგვარი ზეწოლა არ მოეწონათ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ.
თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მოსვლის შემდეგ ბაიდენი დილემის წინაშე აღმოჩნდა: ერთი მხრივ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ორივე პარტია გამოდის და სანქციების შერბილება მოსკოვისთვის დათმობად შეფასდება, ხოლო მეორე მხრივ — ამერიკის ახალ ლიდერს ტრამპის დროს ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობების დალაგება ესაჭიროება, განსაკუთრებით გერმანიასთან, რომელიც პროექტის მომხრეა.
მაგრამ უკვე თებერვლის ბოლოს გაზსადენზე მომუშავე ხომალდი „ფორტუნა“ და მისი მფლობელი კომპანია КВТ-Рус ასევე აღმოჩნდნენ ამერიკულ სასანქციო სიაში, თუმცა მათ წინააღმდეგ უკვე მოქმედებდა სხვა ზომები. 2021 წლის თებერვლისთვის 18 ევროპული ფირმა პროექტიდან გავიდა ვაშინგტონის მუქარების გამო.
მარტში აშშ-ის ხელისუფლებამ ისევ გააფრთხილა პროექტის მონაწილეები, რომ ახალ შეზღუდვებს დააწესებდა, თუ მუშაობას განაგრძობდნენ.
ბერლინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა ვაშინგტონის მოქმედებებს. იქ დღემდე ბევრია დარწმუნებული, რომ პროექტი მაინც დასრულდება.
„რა ვითარებაც არ უნდა იყო ამერიკაში, იქ ყველას აერთიანებს უზარმაზარი სურვილი იმისა, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები არ მოგვარდეს და არ გახდეს ისინი კონსტრუქციული და საქმიანი. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მაინც დასრულდება, იმისგან დამოუკიდებლად, როგორ იქცევა ახალი ადმინისტრაცია“, — ვარაუდობს ბუნდესტაგის დეპუტატი ვალდემარ გერდტი.
კრემლში აღიარეს, რომ ამერიკული შეზღუდვები ართულებს მუშაობას. „გაზპრომმა“ 2021 წლის მემორანდუმში არ გამორიცხა პროექტის შეჩერება ან სულაც მთლიანად გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ „პოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვლება“.
ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისა და კონკრეტულად გერმანიის ეკონომიკისთვის მომგებიანი პროექტია“. მით უმეტეს, რომ მოსკოვი ახალი გაზსადენების დატვირთვის შემთხვევაშიც კი მზადაა, შეინარჩუნოს უკრაინული ტრანზიტი. რუსეთში დარწმუნებული არიან, რომ ამერიკელები უბრალოდ აძევებენ კონკურენტებს, სთავაზობენ რა ევროპას თავიანთ გათხევადებულ გაზს.
დამთავრდება თუ არა
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გაზსადენი, დიდი ალბათობით, მაინც დასრულდება, მაგრამ სრული სიმძლავრით არ აამოქმედებენ. „არსებობს შეზღუდვები ევროკავშირის ახალ წესებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც გაზის მიმწოდებელს შეუძლია მხოლოდ 50 პროცენტით გამოიყენოს ინფრასტრუქტურა“, — განმარტა რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კორტუნოვმა. მისი თქმით, არსებობს სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, გაზსადენის გადაკეტვა ან აშშ-ის მხრიდან გერმანიისთვის კომპენსაციის გადახდა. ვაშინგტონს შეუძლია ტერმინალების მშენებლობაში ინვესტიციები ჩადოს ამერიკული გათხევადებული გაზის მაგალითზე. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები ბაიდენის დროს, რომელიც ფიქალური გაზის მოპოვების წინააღმდეგია.
„არსებობს ალბათობა, რომ ამერიკელები უბრალოდ დროს წელავენ. მერკელი მიდის, აზრს ის არ შეიცვლის. შემოდგომაზე გერმანიაში არჩევნებია. თუ ხელისუფლებაში ახალი კოალიცია მოვა და მომდევნო კანცლერი მწვანეებისგან იქნება, შეიძლება ის სრულიად სხვაგვარად მოეკიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს. მაშინ პროექტი თავისთავად მოკვდება“, — ფიქრობს პოლიტოლოგი.
როგორც გერმანული კვლევების ცენტრის წამყვანი მეცნიერი ალექსანდრ კამკინი ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ ლოიდს ბერლინში სტუმრობისას გერმანიის ხელისუფლებისგან ამერიკული გათხევადებული გაზის შესყიდვების დაწყება მოეთხოვა. „გერმანია მშენებლობის დასრულების უფლებას მიწოდებების ნაწილობრივი დივერსიფიკაციის სანაცვლოდ მიიღებს. მაგრამ გაზსადენზე პოლიტიკური ზეწოლა არ შესუსტდება“, — ამბობს ის.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადება არ შეიძლება გერმანიის ხელისუფლების საბოლოო პოზიციად ჩაითვალოს. კრამპ–კარენბაუერი მოსკოვის მიმართ მკვეთრი გამონათქვამებითაა ცნობილი. ახლა აშშ და გერმანია კომპრომისის მოძებნასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ჯერ გაუგებარია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე მორატორიუმის შემოღება მხოლოდ გადადებს პრობლემის მოგვარებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს