04:53 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

ამომრჩეველთა კოლეგიისგან არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა: როგორც მოსალოდნელი იყო, ჯო ბაიდენმა მათგან 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპს კი 232 ერგო.

სოფია მელნიჩუკი

დემოკრატი სულ უფრო ახლოა ინაუგურაციასთან, ხოლო რესპუბლიკელი პრეზიდენტის შანსები, რომ გაასაჩივროს არჩევნების შედეგები, თვალსა და ხელს შუა დნება. რამ შეუშალა ხელი ტრამპს, მოეგო სასამართლოებში? 

ვარსკვლავური მოწმე

„მე ვიცი რაც ვნახე. და მე მოვაწერე ხელი ფურცელს, რომელშიც ეწერა: თუ მოვიტყუები, ციხეში ჩავჯდები. თქვენ? დარეგისტრირებული ამომრჩევლების სიაში ასობით ათასი შეუსაბამობაა... გამოდის, რომ გამოცხადება 120 პროცენტი იყო“, — ასეთი ჩვენება მისცა დეტროიტში მელისა კარონმა, დონალდ ტრამპის გუნდის „ვარსკვლავურმა მოწმემ“.

ის გამუდმებით აწყვეტინებდა სიტყვას სენატორს, რომელიც კითხვებს უსვამდა. ტრამპის პირადმა ადვოკატმა რუდოლფ ჯულიანიმ რამდენჯერმე ჩამოქაჩა კიდეც.

ზოგმა ისიც კი იფიქრა, რომ ექსცენტრიული ვარცხნილობისა და საუბრის თავისებური მანერის მქონე ქალბატონი ცოტა გადაკრულში იყო. შედეგად – მელისა ინტერნეტ–სენსაციად და პაროდიების პერსონაჟად იქცა იუმორისტულ შოუში Saturday Night Life.

ტრამპის მომხრეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ საარჩევნო უბნების თანამშრომლებმა ორჯერ გაატარეს სკანერებში „ათობით ათასი“ ბიულეტენი, ხოლო ხმების დათვლის ცენტრში საკვების ფურგონებით ყალბი ბიულეტენები შეჰქონდათ.

მოსმენებზე ტრამპის გუნდს კვლავ სურდა ნოემბრის არჩევნების გასაჩივრება, მაგრამ ყოველთვის, როცა სასამართლოსთვის თაღლითობის მტკიცებულებების წარდგენას ცდილობდნენ, პრობლემები ჩნდებოდა.

კონფუზი კონფუზზე

რეგიონულ სასამართლოებში საჩივრების შეტანა ტრამპის შტაბმა არჩევნების შემდეგვე დაიწყო. მათ არაერთი არსებითი შეუსაბამობა გაასაჯაროვეს. მაგალითად, არიზონის მარკოპის ოლქში რესპუბლიკელი ამომრჩევლები ჩიოდნენ, რომ ხმების დამთვლელი აპარატები საერთოდ „არ კითხულობდა“ მათ ბიულეტენებს, ვინაიდან ისინი ფირმა Sharpie-ს მარკერებით ივსებოდა.

მაგრამ მოსმენებზე მოწმეები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდნენ: ამბობდნენ, რომ ხმები მარკერების გამო არ დაკარგულა. უფრო მეტიც, ადვოკატ კორი ლანგჰოფერის თქმით, საუბარი იყო არა თაღლითობაზე, არამედ უფრო „წინასწარ განუზრახველი შეცდომების“ შესახებ. კითხვაზე, გადაუხადეს თუ არა მას ფული ცრუ ჩვენების მიცემაში, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა თქვა, არ ვიცი, ჯერჯერობით ჩემთან ამაზე არავის უსაუბრია, თუმცა, თუ ამისთვის ჯილდოა გათვალისწინებული, მის აღებაზე უარს არ ვიტყვიო.

ჯორჯიის სასამართლოში კიბერუსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ირწმუნებოდა, რომ აპარატების მიერ დათვლილი ხმები მნიშვნელოვნად ჭარბობდა დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას. თუმცა არა ჯორჯიაში, არამედ მიჩიგანში. იმავდროულად ქალაქების სიაში, სადაც თითქოს დარღვევები დაფიქსირდა, ძირითადად მინესოტის დასახლებული პუნქტები ჭარბობდა.

პენსილვანიაში სასამართლოსთვის პრეზიდენტის იურისტები დიდხანს ემზადებოდნენ, მაგრამ ადეკვატური სამხილების თავმოყრა მაინც ვერ შეძლეს. ზოგ შემთხვევაში თავად ადვოკატები აღიარებდნენ, რომ თაღლითობის მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობდა.

ბოლო შანსი

ვარაუდობდნენ, რომ ტეხასის შტატის გენერალური პროკურორის მიერ უმაღლეს სასამართლოში გასულ კვირაში შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ მერყევ შტატში — ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდა, გადამწყვეტი იქნებოდა. ტეხასის გენპროკურორს 17-მა შტატმა დაუჭირა მხარი. საჩივარი უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს, ვინაიდან სწორედ ის წყვეტს რეგიონებს შორის დავებს პირდაპირ, ქვემდგომი ინსტანციების გვერდის ავლით. როგორც წესი, ასეთი სქემით საზღვრებთან ან წყლის რესურსებთან დაკავშირებული საქმეები განიხილება ხოლმე, მაგრამ ამ ჯერზე საუბარი არჩევნების არაკონსტიტუციური შედეგების გაუქმებაზე მიდიოდა.

დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი არ განიხილა. საქმეს ვერც იმან უშველა, რომ მოსამართლეებს შორის ტრამპის მიერ დანიშნულებიც იყვნენ.

ნებრასკის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ სასმა შედეგები შეაჯამა: უმაღლესი სასამართლოს დადგენილება, რომელშიც სამი „ტრამპელი“ შედის, ნუგეშია თითოეული ამერიკელისთვის, რომლებსაც კანონის დაცვა ადარდებთ“.

უმაღლესი სასამართლო ბოლოს არჩევნების ბედს 2000 წელს წყვეტდა. მაშინ გაუგებარი იყო, ვინ გაიმარჯვა ფლორიდაში — დემოკრატმა ალბერ გორმა თუ რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუში–უმცროსმა. შტატმა, რომლის გუბერნატორი ჯორჯის ძმა ჯები იყო, გამარჯვება რესპუბლიკელს არგუნა. დემოკრატების მოთხოვნით ხმები გადაითვალა, ბრძოლა თითოეული ბიულეტენისთვის მიდიოდა, ეკიდებოდნენ წვრილმანებს, მაგრამ გამარჯვებულის გამოვლენა არ ხერხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, უმაღლესმა სასამართლომ პირვანდელი შედეგები აღიარა. პრეზიდენტი, მიუხედავად ამომრჩეველთა ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობისა, ბუში გახდა.

წლევანდელი არჩევნების წინ ბევრი შიშობდა, რომ სიტუაცია შეიძლება გამეორებულიყო, ხოლო ტრამპის მიერ დანიშნული კონსერვატიული მოსამართლეები პრეზიდენტს „კოჭს გაუგორებდნენ“. მაგრამ უმაღლეს სასამართლოში თანამდებობა მუდმივია და ამიტომ არბიტრებს არაფერში სჭირდებათ სავარძლის გამო მადლობების გადახდა.

ამომრჩევლების არჩევანი

ფინალური აკორდი ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა იყო. ხმას თითოეული შტატის წარმომადგენელი აძლევდა. მათი რაოდენობა რეგიონის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული — რაც მეტია ამომრჩეველი, მით მეტია წარმომადგენელი. მაგალითად, მჭიდროდ დასახლებულ კალიფორნიასა და ფლორიდას 55 და 38 წარმომადგენელი ჰყავთ, შესაბამისად, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას — სამ–სამი. გამარჯვებისთვის კი 270 ელექტორალური ხმის მოპოვებაა საჭირო.

საარჩევნო სისტემის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი იმ შემთხვევაშიც შეიძლება გახდე, თუ უბრალო ამერიკელებისგან ხმების ნაკლებ რაოდენობას მიიღებ. ხოლო მომხრეები აღნიშნავენ, რომ სამაგიეროდ მცირედ დასახლებულ შტატებს თავიანთი წონა აქვთ არჩევნებზე.  

ამჯერად ყველაფერი პროგნოზირებადი იყო: ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“. სხვა სიტყვებით, ლიდერს თითოეულ შტატში კოლეგიის ყველა წევრის ხმა ხვდება — მოსწონს თუ არა ეს ვინმეს.

აშშ-ის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კოლეგიის წევრები ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წასულან. ბოლოს ასეთი რამ 2016 წელს მოხდა: ხუთმა დემოკრატმა და ორმა რესპუბლიკელმა ისეთი არჩევანი არ გააკეთა, როგორსაც ელოდებოდნენ. რეალურად კონსტიტუცია მათ არაფერს ავალდებულებს, თუმცა ზოგ შტატში თავნებობისთვის აჯარიმებენ ან ციხეშიც კი სვამენ.

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები იქნება განხილული და მხოლოდ მაშინღა გამოცხადდება ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ. თუმცა მანამდე, 3 იანვარს კონგრესის შემადგენლობა განახლდება. თეორიულად ტრამპის მარცხი ჯერ კიდევ შეიძლება არ აღიარონ — და ეს მოქმედი პრეზიდენტის ბოლო შანსია.

მთავარი თემები