თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის 17 შტატის ხელმძღვანელთა ჯგუფმა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში გაგზავნა დოკუმენტი, რომლითაც მხარი დაუჭირეს ტეხასის გენერალური პროკურორის სასარჩელო განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის თაობაზე, იუწყება CNBC.
ტეხასის გენერალური პროკურორი კენ პეკსტონი სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ არჩევნები რამდენიმე შტატში, სადაც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, ნორმების დარღვევით ჩატარდა. საუბარია ვისკონსინის, ჯორჯიის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებზე. სასამართლოს ჯერჯერობით არ გამოუტანია გადაწყვეტილება პაკსტონის სარჩელზე.
ტეხასელ გენერალურ პროკურორს მხარი დაუჭირეს ისეთმა შტატებმა, რომლებსაც რესპუბლიკელები ხელმძღვანელობენ. ესენია: მისური, ალაბამა, არკანზასი, ფლორიდა, ინდიანა, კანზასი, ლუიზიანა, მისისიპი, მონტანა, ნებრასკა, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტა, სამხრეთ კაროლინა, ტენესი, იუტა, ოკლაჰომა და დასავლეთი ვირგინია.
როგორც შტატების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ აინტერესებთ, რა როლი ითამაშეს ადგილობრივმა საკანონმდებლო კრებებმა კოლეგიის წევრების შერჩევისას, რომლებმაც 14 დეკემბერს მონაწილეობა უნდა მიიღონ პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცედურაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა, ჩართონ იგი სასარჩელო განცხადებაში კერძო პირისა და საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის სახით.