18:17 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

ამ ჯერზე ამერიკულმა არჩევნებმა ყბადაღებული „რუსი ჰაკერების“ გარეშე ჩაიარა. ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა თავადაც შესანიშნავად გაართვეს საქმეს თავი.

ვიქტორია ნიკიფოროვა

ახალი პრეზიდენტი ამერიკელებს Google-მა და Facebook-მა დაუნიშნეს, ხოლო ბილ გეითსის სტატიებმა The Washington Post-ში, რომელიც ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, სრულიად ამერიკული დირექტივის სტატუსი შეიძინა.

„მითხრეს, არჩევნების მოგება შეუძლებელია, თუ BigTech არ გიჭერს მხარსო. მოდით, ხვალ ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე არჩევნების წინ. უკვე მეორე დღეს, როცა მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციული რესურსით გამყარებული საინფორმაციო ტექნოლოგიები მის წინააღმდეგ ამუშავდნენ, ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტი ცდებოდა.

წამყვან მედიასაშუალებებთან გაერთიანებულმა ინტერნეტ–პლატფორმებმა პრაქტიკულად დანიშნეს ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტად — მიუხედავად ათობით მილიონი ამერიკელის აზრისა და არჩევნებში „მკვდარი სულების“ მონაწილეობასთან დაკავშირებული უსასრულო სკანდალებისა. დემოკრატიულ პროცედურებზე ამ დაცინვის კულმინაციად იქცა ტელეარხების მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლის ტრანსლაციის შეწყვეტა, რომელიც მოწინააღმდეგეებს არჩევნებზე თაღლითობაში სდებდა ბრალს.

მთელი ბოლო თვეების განმავლობაში IT-კორპორაციების ლიდერებს გამუდმებით დაატარებენ აშშ-ის კონგრესსა და სენატში, კითხავენ მათ და ანგარიშის ჩაბარებას აიძულებენ. ლოგიკის თანახმად, ცუკერბერგს (Facebook), დორსის (Twitter), პიჩაის (Google) რესპუბლიკელები უნდა დასხმოდნენ თავს — ბოლოს და ბოლოს, სოციალური ქსელები ხომ მიზანმიმართულად სწორედ ტრამპსა და მის მომხრეებს ძირავდნენ. მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა.

დემოკრატი კონგრესმენები ინტერნეტ–პლატფორმებისა და სოციალური ქსელების მფლობელებს პოლიტიკურ მეტოქეებზე ნაკლებად როდი უტევენ. რესპუბლიკელები BigTech-ს ცენზურაში სდებენ ბრალს, დემოკრატები — ბაზრის მონოპოლიზაციაში.

რესპუბლიკელები ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონის 230-ე მუხლის გაუქმებით იმუქრებიან. ამით ოპერატორები პასუხისმგებლები გახდებიან ნებისმიერ კონტენტზე, რომლებიც მათ პლატფორმაზე იქნება განთავსებული. ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, სასამართლოში უჩივლოს ნებისმიერ IT-კორპორაციას, ხოლო ასეთი სარჩელების ტალღა მათ სწრაფ გაკოტრებას უზრუნველყოფს.

დემოკრატებს IT-კორპორაციებისთვის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღება სურთ. ეს კანონი, მართალია, ჭრიალითა და ნელა, მაგრამ მაინც იძლევა იმ კორპორაციების დანაწევრების საშუალებას, რომლებსაც ბაზარზე არაპროპორციულად დიდი წილი აქვთ მიტაცებული. ანტრიტრესტულმა კანონმდებლობამ თავის დროზე როკფელერის ნავთობ–ბიზნესიც შელეწა და IBM-ის კორპორაციაც.

გამოდის, რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელი ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც სასტიკად იბრძვიან არჩევნებზე, უეცრად გაუგებარი სახით გაერთიანდნენ IT-კორპორაციების წინააღმდეგ. რატომ მოხდა ასე?

გასულმა წელმა ხილულად წარმოაჩინა, როგორ შეიცვალა აშშ-ის ხელისუფლების სისტემა. პრეზიდენტი ტრამპი მთელი მსოფლიოს დასანახად კარგავდა კონტროლს ქვეყანაზე. ამ დროს სრულიად ამერიკულ (და მსოფლიოსაც) დღის წესრიგს IT-გიგანტების მფლობელები ქმნიდნენ. სოციალურმა ქსელებმა ტრამპის დემონიზება დაიწყეს, ატერორებდნენ მის მომხრეებს, აბუქებდნენ Black Lives Matter-ის პროტესტებს.

დემოკრატების კუთვნილ ადგილებში გეითსის, ბეზოსის, ცუკერბერგის დირექტივებს მერები და გუბერნატორები სიხარულით ასრულებდნენ. პრეზიდენტი ქვეყნის მართვის პროცესიდან საერთოდ გარიყული აღმოჩნდა. მიუხედავად მისი პირდაპირი მითითებისა, ნიუ-იორკის მერმა თავის ქალაქში არეულობის პროვოცირებაც მოახდინა და მხარსაც უჭერდა ამას. სიეტლის მერმა კი ტრამპის მოთხოვნას, დაემყარებინა წესრიგი, Twitter-ით უპასუხა: „იჯექი შენს ბუნკერში!“

ნოემბრის არჩევნებმა ამ კუთხით ვერაფერი შეცვალა. ჯო ბაიდენი უკეთ ერგება მარიონეტი პრეზიდენტის როლს, რომელიც მხოლოდ დეკორაციულ როლს ასრულებს და ძალაუფლების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

ადგილებზე მერები და გუბერნატორები იქნებიან მმართველები — ძალებისა და შესაძლებლობების თანაზომიერად. მათ კი ტრანსნაციონალური კომპანიების მფლობელი ვიღაც მულტიმილიარდერები უხელმძღვანელებენ, რომელთა ჩაწერის ადგილიც დუბლინია. ან მათ ზურგს უკან მდგომი ვიღაც კიდევ უფრო საეჭვო ხალხი.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ამერიკელი პოლიტიკოსების მთელი კლასის ადგილი მართვის ამ ორსართულიან სქემაში არ არის. სწორედ ეს აშინებთ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს, მიუხედავად მათი პარტიული ორიენტაციისა. უეცრად ყველა მათგანმა თავი ზედმეტ რგოლად იგრძნო.

შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკელებმა მკვეთრად დაივიწყეს რუსი ჰაკერები. აღმოჩნდა, რომ ფეიკური ბოროტმოქმედები, რომლებიც პროგრამულ კოდებს კირილიცაზე წერდნენ, მარტივი და გასაგები საფრთხე იყო. ეროვნული სახელმწიფოების სპეცსამსახურები რეგულარულად სვრიან ერთმანეთს ლაფში. აი IT-კორპორაციების ზღვარგადასული დონე — ეს ისეთი რამაა, რასაც მთელი სახელმწიფოს წალეკვა შეუძლია თავისი სპეცსამსახურებით, პოლიტიკოსებით, ჩინოვნიკებით, ლობისტებითა და უკვდავი ნენსი პელოსითაც კი.

ორიოდე წლის წინ რუსეთის ლიბერალური წრეები აღშფოთებული იყვნენ „სუვერენული ინტერნეტის“ იდეით და თემაზე არაერთი სასაცილო მემიც შექმნეს. აი, ამერიკელებმა კი საკუთარ თავზე გამოსცადეს საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაზღვრო თავისუფლება და ამიტომ ის პრეზიდენტი ვერ მიიღეს, რომელსაც რეალურად მისცეს ხმა.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ინტერნეტის კონტროლის გარეშე არ არსებობს თავისუფლება.

იმ მანტრების საწინააღმდეგოდ, რომ კერძო ბიზნესს იდეოლოგია არ აქვს, ინტერნეტ–კორპორაციები მთელ მსოფლიოს ახვევენ თავს სრულიად გარკვეულ და გასაგებ პოლიტიკურ პროგრამას. მისი აზრი თეთრი უმეტესობის უფლებათა შევიწროებაში, მთელ მსოფლიოში უსასრულო „კულტურული“ ომების გაჩაღებაშია. მარტივმა იდეებმა დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ცენზურის Newspeak (გამოგონილი ენა) და რთული აგებულების სისტემა შექმნა.

ეს შეტყობინება იოლად კოპი–პეისტდება ყველა ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე. სასაცილო სიტუაციაც კი იქმნება: იაპონიის მოსახლეობა მასობრივად გადის Black Lives Matter-ის მიტინგებზე. არადა, სად ისინი და სად — შავკანიანების ჩაგვრა? ასეთივე წარმატებით შეიძლება ხელისუფლების ორსართულიანი სისტემის დანერგვაც, რის სატესტო პოლიგონადაც დღეს შეერთებული შტატები იქცა.

ინტერნეტზე ნაციონალური კონტროლის კრიტიკოსები IT-იმპერიების კერძო სტატუსით აპელირებენ. აქაოდა, სოციალური ქსელების მფლობელებს უფლება აქვთ, როგორიც სურთ, ისეთი წესები დაამკვიდრონ საკუთარ „დახლშიო“. მაგრამ მათი საქმიანობის მონოპოლიური ხასიათი ინტერნეტ–გიგანტების მფლობელებს უფლებას აძლევს, მილიარდობით ადამიანის აზრის ცენზურა მოახდინოს და გაავრცელოს ნებისმიერი იდეა — კაციჭამიურიც კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Völkischer Beobachter-იც* ოდესღაც ისე იწყებოდა, როგორც კერძო გამოცემა.

* Völkischer Beobachter — „სახალხო მიმომხილველი“, გერმანული გაზეთი, 1920 წლიდან გერმანიის ნაცისტური პარტიის ბეჭდვითი ორგანო. მისი ბოლო ნომერი გამოიცა 1945 წლის 30 აპრილს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები