პიოტრ აკოპოვი
ამ ფონზე სულ უფრო მრავლისმეტყველია იმათი დუმილი, ვინც მისალოცი დეპეშების გაგზავნას არ ჩქარობს. მაგალითად, ლათინური ამერიკის უდიდესი ქვეყნების — ბრაზილიისა და აშშ-ის მეზობელი მექსიკის პრეზიდენტებისა. ამასთან, თუ ბრაზილიის ლიდერი ბოლსონარუ ყოველთვის ღიად გამოხატავდა ტრამპით აღტაცებას, მექსიკელ ლოპეს ობრადორს „არ სურს იყოს თავხედი“ და, გარდა იმისა, რომ „ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულებას“ ელოდება, პირადი მოტივებიც აქვს: ობრადორს საფუძვლიანად მიაჩნია, რომ 14 წლის წინ მასაც მოპარეს არჩევნებში გამარჯვება, უცხოელმა ლიდერებმა კი, ისე, რომ ოფიციალურ შედეგებს არ დალოდებიან, მილოცვები დაუგზავნეს მის ოპონენტს.
ბაიდენისთვის გამარჯვება არ მიულოცია მარშალ კიმ ჩენ ინსაც, რომელიც სამჯერ შეხვდა ტრამპს. დუმს რეჯეფ ერდოღანიც, რომელსაც კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა თეთრი სახლის ამჟამინდელ მასპინძელთან. თუმცა ყველაზე მრავლისმეტყველი მაინც მოსკოვისა და პეკინის დუმილია — ვლადიმირ პუტინი და სი ცზინპინი ასევე არ ჩქარობენ ბაიდენისთვის მილოცვას. და ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არჩევნებამდე პრაქტიკულად ყველა ამბობდა, რომ „ჩინელები ფსონს ბაიდენზე დებდნენ, ხოლო რუსები — ტრამპზე“. ანუ პეკინს უნდა გახარებოდა ჩინეთთან სავაჭრო ომის გამჩაღებელი ტრამპის მარცხი. მაგრამ სი ცზინპინი დუმს. პეკინში კი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები ამერიკული სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი, საიდანაც ამოდიან კიდეც ჩინეთის ხელმძღვანელები. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხანგრძლივი იქნება, ბაიდენი ნამდვილად ვერ მიიღებს მილოცვებს 78-ე დაბადების დღეზე, რომელიც ათი დღის შემდეგ დგება.
ვლადიმირ პუტინის დუმილს The New York Times-მა პირველი ნიშანი უწოდა იმისა, რომ რუსეთი ახალ პრეზიდენტთან „ღრმად მტრული ურთიერთობებისთვის“ ემზადება. არადა 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს გამარჯვება არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში მიულოცა. ახლა კი დუმს და ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის დაძაბულ წლებს მოასწავებს, წერს The New York Times.
მაგრამ ეს უკვე სასაცილოა — მეტი რაღანაირად დაძაბული შეიძლება იყოს ორი ქვეყნის ურთიერთობა?! სავარაუდოდ, პუტინი დუმს არა იმიტომ, რომ ბაიდენთან ბრძოლისთვის ემზადება, არამედ იმიტომ, რომ ტრამპს პატივს სცემს. დიახ, ადამიანური ფაქტორი არავის გაუუქმებია.
რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე პრაგმატული მოსაზრება დგას — რუსეთისთვის, ბუნებრივია, ხელსაყრელია, რომ ამერიკა რაც შეიძლება ღრმად ჩაეფლოს შიდა გარჩევებში. ამგვარ მიდგომას არაფერი აქვს საერთო აშშ-ის საშინაო საქმეებში ჩარევასთან. აქ საქმე მხოლოდ ხილული ფაქტების კონსტატაციასთან გვაქვს. თუ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შიდაამერიკულ დაპირისპირებას გააღრმავებს, რუსეთის მხრიდან (ისევე, როგორც ამერიკასთან დაპირისპირებული ნებისმიერი „დერჟავისა“) სასაცილო იქნებოდა, არ ესარგებლა შექმნილი ვითარებით. თუ ბაიდენისთვის არმილოცვა ინაუგურაციის მომენტამდე ხელსაყრელი იქნება, მაშინ ასეც მოხდება.
არ გადაიდგმება მხოლოდ უკიდურესად რადიკალური ნაბიჯი — ბაიდენის პრეზიდენტობის არალეგიტიმურად ცნობა, თუმცა თეორიულად ასეთი ვარიანტიც არსებობს. თუ 20 იანვარს ბაიდენი პრეზიდენტად გამოცხადდება, ხოლო ტრამპი არ აღიარებს მისი არჩევის კანონიერებას, მოსკოვს ექნება საბაბი თქვას, რომ, რადგან არჩევნები დარღვევებით ჩატარდა (ამასთან იმ მომენტისთვის შესაძლოა ყველა სასამართლო პროცესი დასრულებული არც იყოს), ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფოს ლეგიტიმური მეთაური არ ჰყავს. ეს აბსოლუტურად ამერიკული ილეთია, მაგრამ გასაგებია, რომ რუსეთი აშშ-თან ასეთ თამაშს არ ითამაშებს.
არაფერი პირადული, უბრალოდ რუსეთს ეს არ აწყობს. პირადული უკვე მერე იწყება — და აქ საუბარია პუტინის დამოკიდებულებაზე ტრამპისადმი. გასაგებია, რომ რუსეთისთვის მისი ხელმეორედ არჩევა იქნებოდა ხელსაყრელი — თანაც მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ორივე შესაძლო სცენარიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაშიც, თუ ტრამპი მოძლიერდება და „ვაშინგტონური ჭაობის“, ანუ გლობალისტების ბინადრობის მთავარი ადგილის დაშრობას დაიწყებს, და იმ შემთხვევაშიც, თუ მისი ხელახალი არჩევა ამერიკის გახლეჩას მოიტანს შედეგად — ორხელისუფლებიანობის ჩათვლით.
ახლა ტრამპის მეორე ვადის ვარიანტის „ანგარიშიდან ჩამოყრა“ ჯერ კიდევ არ ღირს: სასამართლო განხილვებს ტრამპის მომხრეთა ქუჩის მიტინგები და აქტივობები დაემატება და ვითარება შეიძლება „ვაშინგტონური ჭაობის“ კონტროლიდან გავიდეს კიდეც.
თუმცა პუტინი, დიდი ალბათობით, არ აკეთებს ფსონს იმაზე, რომ ტრამპი მოპარული გამარჯვების დაცვას შეძლებს. გამარჯვება რომ მოპარულია, ამაში ეჭვის შეტანაც არ შეიძლება. როგორ შეიძლება კრემლში იმათი პატიოსანი გამარჯვება დაიჯერონ, ვინც მთელი ოთხი წლის განმავლობაში ატრიალებდა აბსოლუტურად ცრუ ისტორიას რუსეთის არჩევნებში ჩარევისა და ტრამპის რუსული კავშირების შესახებ? როგორ შეიძლება დაეჭვება იმაში, რომ ადამანები, რომლებმაც არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს (ტრამპს ხომ 2016 წლის არჩევნების დასრულებისთანავე ჩაავლეს კლანჭები) შეთითხნილი „რუსული საბაბით“, ნებისმიერ მაქინაციაზე არ წავიდოდნენ მომდევნო არჩევნებზე გამარჯვებისთვის?
სისტემა ტრამპზე ძლიერია — ჯერჯერობით ძლიერი იქნება მანამ, სანამ გამოუსწორებელი შეცდომების დაშვება არ დაუწყია, რომელთაგან ერთ-ერთი, შესაძლოა, სწორედ ბაიდენის „გამარჯვებაც“ გამოდგეს. სწორედ აქედან ამოდიან კრემლში. მაგრამ პუტინის ტრამპისადმი პირად დამოკიდებულებაზე ეს მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს — ყოჩაღ, არ ნებდება მებრძოლი.
ორი პრეზიდენტის ურთიერთსიმპათია არ გადაზრდილა არანაირ ახლო ადამიანურ ურთიერთობებში — სამწლინახევრის განმავლობაში ისინი სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, უფრო მეტად არა პირისპირ. მაგრამ ჯერ კიდევ პირად ნაცნობობამდე ტრამპი პუტინზე პატივისცემით საუბრობდა და მასთან მოლაპარაკებების გამოცდილებამ ეს მოსაზრება დაადასტურა. ცოტა ხნის წინ ტრამპმა პუტინს „მსოფლიო კლასის მოჭადრაკე“ უწოდა და დაამატა, რომ ამავე კატეგორიას შეიძლება განეკუთვნებოდნენ სი ცზინპინიც, რეჯეფ ერდოღანიცა და კიმ ჩენ ინიც. რა აერთიანებს ამ ოთხს გარდა იმისა, რომ ისინი მართლაც ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეები არიან? ის, რომ ისინი არ ჩქარობენ მიულოცონ ბაიდენს გამარჯვება. არადა იმავე სიტყვაში ტრამპი იმასაც ამბობდა, ბაიდენი, გამარჯვების შემთხვევაში, ვერ შეძლებს იმუშაოს პუტინის, სის, ერდოღანისა და კიმის თანაბრადო. და ეს სრული სიმართლეა.
ბაიდენს პუტინთან ერთადერთი საფუძვლიანი შეხვედრა ჰქონდა 2011 წლის 10 მარტს, მაგრამ მაშინაც მოახერხა მიენიშნებინა რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ აღარ უნდა ეყარა კენჭი მომდევნო არჩევნებში.
ბაიდენი სი ცზინპინს ჯერ კიდევ ათი წლის წინ (როცა ეს უკანასკნელი ჩინეთის თავმჯდომარის მოადგილე იყო) წარუმატებლად სთავაზობდა G2-ის შექმნას. ეს ობამას ადმინისტრაციის თამაში იყო, რათა ჩინეთი განახლებულ მსოფლიო წესრიგში უმცროს პარტნიორად ექცია. ანუ ბაიდენმა უკვე მაშინ ვერ მიაღწია ვერაფერს და თავისი ნაბიჯებით აშშ-სა და მისსავე წინააღმდეგ განაწყო „პარტნიორები“. თუ ბაიდენი ახლა აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, „პარტნიორებს“, რაღა თქმა უნდა, მოუწევთ საქმე ჰქონდეთ მასთან — მაგრამ უკვე როგორც აშკარა მოწინააღმდეგეებს.
ბაიდენი ნამდვილად სუსტი გეოპოლიტიკური მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უკან მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მანქანა უდგას. თუმცა ის უკვე დიდი ხანია „ჭედავს“ და თუ ის ტრამპს დაამარცხებს, ეს „გამარჯვება“ მისთვის შეიძლება უკანასკნელიც გამოდგეს. ასე რომ, მისალოცი აქ მართლაც არაფერია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს