23:42 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (635)
39 0 0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, თუ ევროპას ნორმალური დიალოგი არ სურს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მის ხელმძღვანელებთან ურთიერთობა შევწყვიტოთო.

პიოტრ აკოპოვი

სიტყვა სიტყვით ასე თქვა. დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებმა დაცემის ახალ დონეს მიაღწია.  

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვქონდა საკუთარი ღირსების შეგრძნება. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც დასავლეთში პასუხს აგებენ საგარეო პოლიტიკაზე, არ ესმით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საუბრის აუცილებლობა. ალბათ ჩვენ რაღაც დროით უნდა შევწყვიტოთ მათთან ურთიერთობა. მით უმეტეს, რომ [ევროკომისიის თავმჯდომარე] ურსულა ფონ დერ ლიაიენის განცხადებით, რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან გეოპოლიტიკური პარტნიორობა არ გამოდის. იყოს ასე, რახან ასე სურთ“.

ფონ დერ ლიაიენის გამონათქვამს, რომ საჭიროა იმ ილუზიასთან გამოთხოვება, თითქოს რუსეთს, თავისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, შეუძლია აღადგინოს ევროკავშირის პარტნიორის სტატუსი, ლავროვმა „ევროკომისიის უმაღლესი ოფიციალური პირის ძალიან სერიოზული განცხადება“ უწოდა.

და ეს გადაჭარბებული არ არის: ევროპა მიგვანიშნებს, რომ მას არ აწყობს რუსეთის ხელმძღვანელობა. თანაც არ აწყობს იმის გამოც, რომ ის, ევროპის თვალსაზრისით, არასწორ საშინაო პოლიტიკას ატარებს („წამლავს ნავალნის“) და იმის გამოც, რომ ევროპის საშინაო საქმეებში ერევა („გატეხეს ბუნდესტაგის სერვერი“), და, საერთოდაც, უკიდურესად დესტრუქციულადაა განწყობილი.

ანუ ევროპა თავად გადადის პიროვნებებზე, ანაცვლებს რა სახელმწიფო ინტერესებსა და სახელმწიფოთშორის ურთიერთობებს რუსეთის ხელისუფლებისადმი პრეტენზიებით. თანაც ისეთი პრეტენზიებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მოწმობს ევროპის რუსეთის მიმართ აღმატების ღრმა გრძნობას (მორალურისა და არა მარტო). ჩვენ მივხვდით, რომ გამოუსწორებლები ხართ და აღარ გვსურს თქვენი პარტნიორობაო. „თქვენთან“ — ეს პუტინი და ლავროვი კი არ არიან, არამედ რუსეთი. მანამ, სანამ მას პუტინი და ლავროვი მართავენ? დიახ, მერე კი ვნახოთ. ერთიც ვნახოთ და ისინი ნავალნიმ სულაც ვერ ჩაანაცვლოს?

ამასთან, თავად ევროპისთვის რუსეთთან ამგვარი ურთიერთობები უკიდურესად არახელსაყრელია, მაგრამ რა ქნას, თუ არც გონება ჰყოფნის და არც გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობა? რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია ჩაუდოს ევროკავშირის ხელმძღვანელობას თავში თავისი ტვინი და მსოფლიო დღის წესრიგზე ხელსაყრელი წარმოდგენა (მათ შორის ევროკავშირისთვისაც). მაგრამ მას შეუძლია განაცხადოს, რომ რუსეთი ამ ტონში ლაპარაკს არ განაგრძობს: თუ არ გსურთ პატივისცემითა და თანასწორად საუბარი, მაშინ საერთოდაც არ დაგელაპარაკებითო.

ამის შესახებ ლავროვმა კლუბ „ვალდაის“ მოხსენების პრეზენტაციაზე განაცხადა სამშაბათს. ოთხშაბათს კი სამი რუსული რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში (რადიო Sputnik-ის ჩათვლით) განაგრძო ამ თემაზე მსჯელობა. ჟურნალისტებმა სთხოვეს დაეზუსტებინა, რა, ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთო?

ლავროვმაც დააზუსტა, რომ „რუსეთს უჩნდება კითხვა არა უბრალოდ იმაზე, შესაძლებელია თუ არა ბიზნესი ისე, როგორც იყო, არამედ იმაზე, შესაძლებელია თუ არა საერთოდ ბიზნესი ევროკავშირთან“, რომელიც „რუსეთს არა უბრალოდ ზემოდან, არამედ მეტად ქედმაღლურად უყურებს, ითხოვს რა პასუხი ვაგოთ ყველა იმ ცოდვაზე, რომლებიც, ევროკავშირის აზრით, ჩვენ ჩავიდინეთ. მე კი მიმაჩნია, რომ ვალდებული არ ვართ ვინმეს ანგარიში ვაბაროთ“.  

ამასთან საუბარი არ არის ეკონომიკურ ურთიერთობებზე — ლავროვს მისი დანგრევისა არ სჯერა. საუბარია პოლიტიკურ დიალოგზე, რომელიც არა მარტო რუსულ–ევროპულ ურთიერთობებს, არამედ მთლიანად საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, უმნიშვნელოვანესი კრიზისული წერტილების ჩათვლით. ასეთ დიალოგს რუსეთი, ბუნებრივია, შეინარჩუნებს ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან, მაგრამ შესაძლოა უარი თქვას ევროკავშირთან დიალოგზე, რომელიც რუსეთს უცხადებს, რომ „პრინციპში ის ჯერ არ გაზრდილა იქამდე, რომ ევროკავშირის გეოპოლიტიკური პარტნიორი იყოს. მე კი მიმაჩნია, რომ სირბილი და თავის დამცირება ჩვენს ღირსებას არ შეეფერება. არ მგონია, რომ ჩვენ გამუდმებით უნდა ვუყუროთ იმას, თუ რას ამბობს ჩვენზე დასავლეთი“.

მოსაზრება, რომ რუსეთი არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, როგორ აფასებს მას დასავლეთი, ახალი არაა არც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის და არც საზოგადოებისთვის. დიდი ხანია ჩაიარა იმ დრომ, როცა რუსეთი თავს ისუფთავებდა „ცივილიზებული სამყაროს“ დაჟინებული მზერის ქვეშ იმ იმედით, რომ „ოჯახში მიიღებდნენ“. ახლა უკვე ამაზე საუბარი აღარ არის — რუსეთმა სრულად აღიდგინა სუვერენიტეტი არა მარტო მსოფლიო არენაზე, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია — შინ. საუბარია არა უბრალოდ ქვეყანაში წესრიგის დამყარებასა და ხელისუფლების ვერტიკალის მუშაობაზე, არამედ დამოუკიდებელ მსოფლმხედველობასთან დაბრუნებაზე, მათ შორის გეოპოლიტიკურზეც. ანუ ჩვენ და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ადამიანები უბრალოდ ეროვნული ინტერესებიდან კი არ ამოვდივართ, არამედ დამოუკიდებლად ვაცნობიერებთ და ვაყალიბებთ მათ — გამომდინარე რუსეთის ისტორიიდან და ტრადიციებიდან, ღირებულებებიდან და გამოცდილებიდან. ეს არის საკვანძო ნიშანი არა უბრალოდ დიდი „დერჟავისა“, არამედ დამოუკიდებელი ქვეყნისაც.

მაგრამ რუსეთი ხომ მეტად ცუდად განსაზღვრავს თავის ინტერესებს, ზედმეტად გაუბედავად იქცევა, გამუდმებით აპელირებს საერთაშორისო სამართლით? — ასეთი საყვედურები ხშირად ისმის რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და მისი ავტორების მისამართით. და ინტერვიუს დროს ლავროვსაც შესთავაზეს უფრო ხისტად, ღიად, შემტევად მოქმედება — თუ დასავლეთი მაინც განაგრძობს ჩვენ დამცირებას, მოდით, პირველებმა დავარტყათ, შევწყვიტოთ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობა, მთელი ეს გაერო...

ლავროვმა კი შეიცხადა – ჩვენ ხომ თავაზიანი ადამიანები ვართო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია იმ სიტუაციისგან განდგომის თაობაზე, როდესაც დასავლეთს შევცქერით, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე, ის მაინც უნდა რჩებოდეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, — თქვა მან.

რა თქმა უნდა, როცა ძალა არ არის, სამართალზე ლაპარაკობენ, მაგრამ არსებობს ძლიერის სამართალიც... თუმცა საქმე ისაა, რომ აღარანაირი ძლიერის სამართალი უკვე არ არსებობს — ანუ ძველი, დასავლური სამყარო მიდის. აშშ-ს (და ზოგადად დასავლეთს) უკვე აღარ შესწევს ძალა არათუ ხალხების მწყემსვისა, არამედ თავისი არსებული სტატუსის შენარჩუნებისაც. სწორედ ამიტომ ლავროვი გვახსენებს, რომ მსოფლიოს მიერ გადატანილი ღრმა ტრანსფორმაციების, ძალთა გლობალური ბალანსის გადანაწილების მთავარი შინაარსი „არის ობიექტური, უფრო დემოკრატიული, მრავალპოლარული მოწყობის ფორმირების პროცესი“. თანაც მას მიაჩნია, რომ ამას მთელი ეპოქა არ დასჭირდება, საუბარია ათწლეულებზე.

მაგრამ სწორედ ამ დროშია მნიშვნელოვანი რთული, მრავალდონიანი თამაშის წარმოება ავანტიურებში ჩაფლვის გარეშე, თამაშის სხვა მონაწილეებისთვის საკუთარი ნების კარნახის მცდელობის გარეშე. საჭიროა სახის შენარჩუნება — შემთხვევით არ გაიხსენა ლავროვმა პოკერი და ის, თუ ვინ დაახამხამებს თვალებს პირველი — და არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს. ლავროვსა და პუტინს ეს ძალიან კარგად ესმით.

არც ლავროვსა და არც პუტინს არ შეიძლება ეწოდოთ არც სუსტი გეოპოლიტიკური მოთამაშეები, არც რეალობას მოწყვეტილი მეოცნებეები, არც ტაქტიკური „პროსპასობლენცები“ — ისინი ჯიუტად ატარებენ საგარეო პოლიტიკურ ხაზს, რომელიც რუსეთს მისთვის კუთვნილ ადგილს უბრუნებს მსოფლიოში. დიახ, მათ თამაში ცუდი კარტებით დაიწყეს, მაგრამ რუსეთის საერთაშორისო წონა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც, სხვათა შორის, არც ლავროვისთვის დაუხვევია თავბრუ და არც პუტინისთვის.

იმიტომ რომ ყველაფერი სწორედ საკუთარი შესაძლებლობების სწორი შეფასებიდან იწყება, ხოლო ისინი, ვისაც საკუთარი აღმატებულებისა სჯერა, რეალობის შეგრძნებას კარგავს და ხელიდან უშვებს ძალის გამოცლისა და რეპუტაციის ჩამოშლის მომენტს. ღირსების გრძნობა კი საკუთარი ძალების გაცნობიერებასა და იმ გზის მახსოვრობას ეფუძნება, რომელიც შენამდე გაიარეს, იმ მიზნისკენ სიარულს, რომელიც ბედმა დააყენა შენ წინაშე. ეს ადამიანებსაც ეხებათ და სახელმწიფოებსაც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას

თემები:
რუსეთი დღეს (635)

მთავარი თემები