15:08 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
447 0 0

მსოფლიოს ლიდერების პირველი დიდი შეხვედრა ნოემბრის ბოლოს ერ-რიადში გაიმართება. რასაკვირველია, თეორიულად, „დიდი ოცეულის“ სამიტი შეიძლება გადაიდოს კიდეც.

პიოტრ აკოპოვი

მაგრამ პირისპირ ურთიერთობას მოწყურებული სახელმწიფოთა მეთაურები უარს არ იტყვიან ესოდენ დრამატული და მძიმე წელიწადის მიწურულს შეხვედრის შესაძლებლობაზე. სამიტს 84 წლის მეფე სალმანი უმასპინძლებს, თუმცა სტუმრებს დახვდება მისი 34 წლის ვაჟი და მემკვიდრე მუჰამედი, საუდის ფაქტობრივი მმართველი. ერთ-ერთი სტუმარი იქნება ვლადიმირ პუტინი, რომელიც საუდის არაბეთს უკვე მესამედ ეწვევა.

საუდის არაბეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური დაახლოება – ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა. ამის ყველაზე ნათელი დასტურია თანამშრომლობა ნავთობის ბაზარზე: 2016 წლის ბოლოდან მოქმედი ე.წ. OPEC+-ის გარიგება (რომლის მთავარი მოთამაშეები არიან საუდის არაბეთი და რუსეთი). ამ წლის მარტში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აპრილში, ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნის შემდეგ, ახალი შეთანხმება მაინც გააფორმეს. მაგრამ ნავთობი – მხოლოდ ნაწილია რუსეთ-საუდის დაახლოებისა, მისი არქიტექტორების როლში კი პუტინი და მუჰამედი გამოდიან. ხუთ წელიწადში მათ ბევრს მიაღწიეს და სწორედ ახლა ირკვევა ამ ურთიერთობების დასაწყისის მეტად საინტერესო დეტალები.

ერთი საუკუნის წინ, 20-30-იან წლებში აღმასვლით დაწყებული ურთიერთობა, როდესაც სსრკ აქტიურად ეხმარებოდა ახალგაზრდა სამეფოს ფეხზე დადგომაში, მალე თითქმის ნახევარი საუკუნით შეწყდა. საუდის მონარქია აშშ-ის უახლოესი მოკავშირე გახდა, სსრკ-სთან დიპლომატიური ურთიერთობა კი გაწყვიტა. ამერიკელები მორწმუნე საუდელებში ყველანაირად აღვივებდენ შიშს ურწმუნო საბჭოთა კავშირის წინაშე. ხოლო ანტიმონარქიული რევოლუციების ტალღა, რომელმაც არაბულ სამყაროს გადაუარა, და „არაბული სოციალიზმის“ შენებაზე გადასვლა ეჭვიან საუდელებს რუსების მზაკვრულ ჩანაფიქრში არწმუნებდა. 80-იანებში ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ომში მოჯაჰედების დახმარება საუდელებისთვის ურწმუნოებთან წმინდა ბრძოლად იქცა, ნავთობის ფასების ვარდნა კი შეირაცხა მათ დიდ წვლილად სსრკ-თან დასავლეთის ბრძოლაში. მაგრამ სსრკ დაიშალა, ერ-რიადს სოციალისტური საფრთხე აღარ ემუქრებოდა, პრობლემები კი დარჩა და ახლებიც გაჩნდა, თანაც გაცილებით უფრო სერიოზული. 90-იანების დასაწყისში აღდგა ურთიერთობა მოსკოვთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთში თავისი პოზიციების გამყარებას შეუდგა.

ვიდრე ამერიკელები ერაყთან და ავღანეთთან ბრძოლით იყვნენ დაკავებული, საუდის არაბეთი მოსკოვთან მისასვლელ გზებს ეძებდა, მაგრამ კონცენტრირებული იყო, ძირითადად, ირანის თემაზე. ერ-რიადისთვის მნიშვნელოვანი იყო, არ დაეშვა ირანისა და რუსეთის დაახლოება, რადგან სწორედ თეირანი აღიქმებოდა მთავარ საფრთხედ და მოწინააღმდეგედ. ამასთან, საუდელებს მთავარი პრობლემები ჰქონდათ არა ირანელებთან, არამედ ამერიკელებთან, უფრო ზუსტად, მათ პოლიტიკასთან ახლო აღმოსავლეთში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკელებმა უფრო ინტენსიურად შეუტიეს ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ საუდელებს ეს არ გახარებიათ, რადგან რთული არ იყო იმის გამოცნობა, რომ ანტიამერიკული განწყობა მთელ ისლამურ სამყაროში და განსაკუთრებით ვაჰაბიზმის სამშობლოში, ანუ თვით საუდის არაბეთში მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა. ამერიკის მარიონეტის რეპუტაცია საუდის დინასტიას დიდ პრობლემებს უქადდა: მას პრეტენზია ჰქონდა არაბული და ისლამური სამყაროს ლიდერის სტატუსზე, თუმცა ამის ნაცვლად შეიძლებოდა უბრალოდ ქარიშხალს წაელეკა. საჭირო იყო აშშ-ზე დამოკიდებულების შესუსტება და დასავლეთისგან დისტანცირება.

უკვე 21-ე საუკუნის დასაწყისში საუდელებმა მოსკოვში ვიზიტებს მოუხშირეს. 2007 წელს კი ერ-რიადს პირველად ეწვია რუსეთის პრეზიდენტი. ორი ქვეყნის ურთიერთობა თითქოს ახალ დონეზე გადავიდა. მაგრამ საუდის ხელმძღვანელობაში გრძელდებოდა ორი სტრატეგიის ბრძოლა: პროამერიკულის და ანტიამერიკულის. ანტიამერიკული არ ითვალისწინებდა აშშ-თან ურთიერთობის მთლიანად გაწყვეტას – მისი მხარდამჭერები ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების წინადადებით გამოდიოდნენ. 2011 წელს დაწყებულმა „არაბულმა გაზაფხულმა“ სამეფოსთვის რისკები გაზარდა: არაბული სამყაროს ქვეყნები ერთიმეორის მიყოლებით ფეთქდებოდა. იმედი, რომ ამერიკელები ვითარებას თუ ვერ გააკონტროლებდნენ, დაეხმარებოდნენ მაინც საუდელებს, სწრაფად გაქარწყლდა. 2013 წელს საუდელები მიხვდნენ, რომ ამერიკელები ატყუებდნენ. მიხვდნენ მას შემდეგ, რაც ობამამ სირიის სარაკეტო დარტყმაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ასადმა თითქოს ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ობამას გადაწყვეტილების შეცვლაში, უფრო ზუსტად კი ჩიხიდან გამოსვლაში მაშინ სწორედ ვლადიმირ პუტინი დაეხმარა. საუდელები კი ისე განაწყენდნენ ვაშინგტონზე, რომ მაშინვე, 2013 წლის სექტემბერში კარი გამოიჯახუნეს და დატოვეს ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში.

ისინი განაგრძობდნენ სირიაში ასადის ოპოზიციის მხარდაჭერას, მაგრამ ასადის დაცემის ნაცვლად გახდნენ იმის მოწმენი, როგორ ამოიზარდა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე ტერორისტული ორგანიზაცია.

თვითგამოცხადებული „ხალიფატი“ არ მალავდა თავის გეგმებს – დროთა განმავლობაში გაეთავისუფლებინა მექა და მედინა. ვისი იმედი უნდა ჰქონოდათ საუდელებს? ამერიკელების? მაგრამ „ხალიფატი“ ერაყში მათი გიჟური მოქმედების შედეგი იყო, ხოლო თუ აშშ გადაწყვეტდა ქაოსის გამოყენებას და ბარემ საუდის არაბეთის ფორმატის შეცვლას?

სწორედ ამ დროს ერ-რიადში გარდაიცვალა მეფე აბდულა და 2015 წლის იანვარში ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა სალმანი. მაგრამ ფაქტობრივად პირველი პირი გახდა 29 წლის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი – მან მიიღო თავდაცვის მინისტრისა და მემკვიდრის მოადგილის პორტფელი. ზაფხულში სალმანი რუსეთში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა. მომდევნო წლებში ვიზიტები გახშირდა, თუმცა სწორედ პირველი შეხვედრა იყო საკვანძო. მისი ზოგიერთი დეტალი სულ ახლახან ამოტივტივდა The Guardian-ის პუბლიკაციაში, სადაც საუბარია სარჩელზე, რომელიც ვაშინგტონში, ფედერალურ სასამართლოში კანადის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეიტანა. რატომ მაინცდამაინც იქ? იმიტომ რომ საუდის დაზვერვის იმ წლების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პრინც მუჰამედს უჩივლა. საად ალ ჯაბრი კანადაში დიდი ხნის წინ გაიქცა, ახლა კი პრინცს ბრალს სდებს იმაში, რომ მას ჯაბრის მოკვლა იქაც კი უნდოდა (რამდენიმე კვირაში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის შემდეგ, რომელიც სტამბულში, საუდის საკონსულოს ტერიტორიაზე 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს). რისთვის სურდა პრინცს ჯაბრის მოკვლა?

იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა გადასცა მას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უკმაყოფილება პრინც მუჰამედის გეგმებით, მიეწვია რუსები სირიაში. „საუდელები მხარს უჭერდნენ ამბოხებულებს, უკვე თითქმის დაამარცხეს ასადი, აქ კი გამოჩნდნენ რუსები მის გადასარჩენად – მორჩა, ახლა იქნება ჯიჰადი რუსეთის წინააღმდეგ!“

პრინცი მუჰამედი არ იყო სირიაში რუსების ყოფნის წინააღმდეგი, თანაც მანამ, სანამ ისინი იქ გამოჩნდებოდნენ. და საუდის არაბეთი შემობრუნდა რუსეთისკენ, როდესაც იგნორირება გაუწია ამერიკელების წინააღმდეგობას:

„საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა 2015 წლის ზაფხულში შეცვალა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და „მწვანე შუქი“ აუნთო რუსეთის საომარ ოპერაციებს სირიის ტერიტორიაზე. ამაზე საუბარია ყოფილი მზვერავის, კანადაში გაქცეული საად ალ ჯაბრის სარჩელში. ჯაბრი დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა, ამტკიცებს, რომ სირიაში რუსეთის მოქმედებისადმი დადებითი დამოკიდებულება მეტად აღელვებდა ჯონ ბრენანს, რომელიც მაშინ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი იყო.  

სარჩელის თანახმად, 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში ბრენანი ჯაბრისთან საუბრისას უთითებდა იმაზე, რომ „სალმანი მხარს უჭერდა რუსეთის შეჭრას სირიაში მაშინ, როცა რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო სირიის ტერიტორიაზე გაჩაღებული ომის ნაწილი“.

ყოფილი საუდელი მზვერავი ამტკიცებს, რომ როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოზიცია პრინცს გაუზიარა, სალმანი „გაცოფდა“. ჯაბრის აზრით, სწორედ ბრენანთან შეხვედრას უკავშირდება მისი გათავისუფლება და სამუშაოს დაკარგვა სამეფოს დაზვერვის სამსახურში, მოგვიანებით კი – გაქცევა კანადაში“.

რა კავშირი აქვს მუჰამედის გმირობას კურსის ცვლილებასთან – არაბთა გაერთიანებული საამიროების ფაქტობრივი მმართველი შეიხი მუჰამედ იბნ ზაიდი:

„დასავლელი დიპლომატები ამბობენ, რომ მალევე მას შემდეგ, რაც პრინცი მუჰამედი თავდაცვის მინისტრი გახდა, მასზე ძლიერი გავლენა იქონია აბუ-დაბის პრინცმა შეიხმა მუჰამედ იბნ ზაიდმა. წყაროს ცნობით, პრინცი მუჰამედი და შეიხი მუჰამედი ერთმანეთს შეხვდნენ თებერვალში აბუ-დაბიში, იარაღის ბაზრობაზე Idex. შეიხ მუჰამედის მტკიცებით, სირიაში „ძმები-მუსლიმების“ რევოლუციის საფრთხე სპარსეთის ყურის მონარქიის თვალსაზრისით უარესი იყო, ვიდრე ასადის გადარჩენა. შეიხი მუჰამედი პრინცს ესაუბრა სირიაში „ძმები-მუსლიმების“ რევოლუციის უზარმაზარ საფრთხეზე და იმაზე, რომ მათ აშშ ეხმარებოდა...

შეიხმა აღნიშნა, რომ საუდელებს უნდა ეზრუნათ ახალ კავშირებსა და ჩინეთისა და რუსეთისკენ შებრუნებაზე. შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდს თითქოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან“.

მას შემდეგ, რაც საუდის პრინცი 2015 წლის 18 ივნისს პუტინს ესაუბრა, ამის შესახებ შტატებში გაიგეს და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ალ ჯაბრის თავისი უკმაყოფილება გაანდო. როდესაც ჯაბრი ამის შესახებ მუჰამედს ესაუბრა, პრინცი ამერიკული ზეწოლის გამო აღშფოთდა, შესაძლოა, იმაშიც შეიტანა ეჭვი, რომ ალ ჯაბრი ორმაგ თამაშს თამაშობდა. ჯაბრიმ დაკარგა თანამდებობა დაზვერვაში, მოგვიანებით კი კანადაში გაიქცა.

რასაკვირველია, გაქცეული სპეცსამსახურების ხელმძღვანელის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში პრინც მუჰამედის რუსეთისკენ შემობრუნების ისტორია სიმართლეს ჩამოჰგავს. მისი დეტალების („მწვანე შუქი“ რუსებს სირიაში შესასვლელად) გახმაურება ძალიან ხელსაყრელია საუდის პრინცისთვის, მაგრამ თუ ამერიკელებმა გადაწყვიტეს მასზე ამგვარად ზეწოლა, მაშინ ისინი ზუსტად საპირისპირო შედეგს მიიღებენ.

ამ წლის გაზაფხულზე ანგლოსაქსონურმა მასმედიამ უკვე გამოაქვეყნა „გაჟონვა“ იმის შესახებ, თუ როგორ იკამათეს თითქოსდა პუტინმა და მუჰამედმა OPEC+-ის ახალ გარიგებაზე, თითქოს პრინცი თითქმის უყვიროდა რუსეთის პრეზიდენტს. ისტორიაში ვაშინგტონიც ჩართეს: ტრამპის სიძე თითქოს იცნობდა საუდის პრინცის გეგმებს – მკაცრ საუბარს მოსკოვთან, მაგრამ არ შეაჩერა იგი. მთელი ეს პროვოკაციული „გაჟონვა“ გამიზნული იყო მოსკოვსა და ერ-რიადს შორის უთანხმოების ჩამოგდებაზე, მაგრამ წარუმატებლად, რადგან მალევე პუტინი და მუჰამედი ნავთობის ახალი ხელშეკრულების დადებაზე შეთანხმდნენ. რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაციონალური ინტერესები ორ ქვეყანას ერთმანეთისკენ უბიძგებს, აშშ-ის მიმართ უნდობლობა კი უკვე ვეღარაფრით გამოსწორდება. ნოემბერში ერ-რიადში პუტინი და მუჰამედი კიდევ ერთხელ ბევრს იცინებენ მათი წაჩხუბების მორიგ მცდელობებზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები