პიოტრ აკოპოვი
ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული არაა — იმის შესახებ, რომ ყველაფერი სწორედ ასეთი „დიდი სამიანის“ შექმნას მიანიშნებდა, პანდემიამდე დიდი ხნით ადრე საუბრობდნენ.
აშშ-ს, რასაკვირველია, ემატება ევროკავშირი, მაგრამ არა უმცროსი პარტნიორის ჩვეული სახით, არამედ როგორც პოტენციურად სრულიად დამოუკიდებელი ძალა. ამ ძალის პრობლემა ისაა, რომ მას თვითიდენტიფიკაციის კრიზისი აქვს — უკვე აცნობიერებს რა, რომ მისი მომავალი ამერიკის დაქვემდებარება–მიბმაში არ მდგომარეობს და ამასთან, არც უნარი აქვს და არც ნება, აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში. ევროპას არ გააჩნია მომავალში თავისი ადგილისა და როლის გლობალური ხედვა (ამაზე მუდმივად საუბრობს ემანუელ მაკრონი), თუმცა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი არ დააჩქარებს მისთვის სუბიექტობის დაბრუნებას, პირიქით, დროებით შეასუსტებს კიდეც ერთიანობის შეგრძნებას.
ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში, უახლოეს ორ-სამ წელიწადში სწორედ სამი აქტიური მძიმეწონოსანი მოთამაშე შეასრულებს გადამწყვეტ როლს მსოფლიო წესრიგის დამყარებაში.
რუსეთის ეკონომიკური სისუსტე — ჩინეთთან და აშშ-თან შედარებით — არ ტოვებს მას „დიდი სამიანის“ მონაწილის სტატუსს მიღმა, ვინაიდან ამ სისუსტის კომპენსაცია ხდება ყველა ფრონტზე აქტიური გეოპოლიტიკური თამაშით, ისტორიული გამოცდილებითა და რეპუტაციით. 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა მსოფლიო ისტორიის ახალი თავი გადაშალა, როდესაც უკრაინის პროვოკაციას ყირიმით უპასუხა. მან შეძლო აშშ-ის პროვოკაციაზე წამოგება, რომელმაც სცადა რუსეთის იზოლირება მთელი მსოფლიოსგან. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთი კი მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის იქცა ატლანტიკური წესრიგის წინააღმდეგ ლაშქრობის მედროშედ. ასეთი ავტორიტეტის შეძენა ფულით შეუძლებელია. სწორედ ეს ავტორიტეტი, კრემლის მოხერხებული გეოპოლიტიკური თამაშის თანხლებით, ავსებს რუსეთის არასაკმარის ეკონომიკურ წონას, ჩინეთისა და აშშ-ის ფონზე.
ისმის კითხვა - როგორ იმოქმედებს „დიდი სამიანი“ ახლებურ წესრიგზე? აშშ შესუსტებული ზესახელმწიფოა, ჩინეთი კი აღზევების გზაზე დგას. მაგრამ როგორია რუსეთის ადგილი? რუსეთი არა მხოლოდ წონაა სასწორზე, რომელიც ერთ ან მეორე მხარეს ხრის მათ, არამედ გამთამაშებელია, რომელსაც საკმარისი ავტორიტეტი აქვს ახალი წესების დასადგენად. ჩინეთთან ერთად იგი მხარს უჭერს პოსტამერიკული მსოფლიოდან მრავალპოლარულ ფორმატზე რბილად გადასვლას — ძალის რამდენიმე ცენტრით, რომელთა შორის ბალანსი და პაექრობა ახალი გლობალური მსოფლიო წესრიგის კონტურებს მოხაზავს. არა მუდმივს, მაგრამ უფრო მყარს, ვიდრე დღევანდელია. ამ თვალსაზრისით რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მოკავშირეები არიან.
შეერთებული შტატებისთვის სამკუთხედის შიდა ურთიერთობები ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იხილებოდა კისინჯერის მცნებების საფუძველზე: სწრაფვა იმისკენ, რომ ვაშინგტონის ცალკეული ურთიერთობები მოსკოვთან და პეკინთან იმაზე უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე რუსეთსა და ჩინეთს შორისაა. ეს ფორმულა დიდი ხნის განმავლობაში უკვე აღარ მუშაობდა, ხოლო 2012 წელს ჩინეთის სათავეში სი ძინპინის მოსვლის შემდეგ მისი შესრულება საერთოდ შეუძლებელი გახდა. თუმცა აშშ-ს კვლავაც სწამდა ფორმულის დიადი მომავლისა — მას შემდეგაც კი, რაც 2014 წელს არ გაითვალისწინა კისინჯერის რჩევები რუსეთის იზოლაციის მცდელობით გამოწვეული საფრთხეების თაობაზე, რაც რუსეთს საბოლოოდ ჩინეთისკენ უბიძგებდა. სინამდვილეში რუსეთი და ჩინეთი ყირიმის მოვლენებამდეც უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და მის გარეშეც განაგრძობდნენ ამ სტრატეგიულ კურსს — დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტმა მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები. მაგრამ ვაშინგტონში განაგრძობდნენ ილუზიებით თავის დაიმედებას: არაფერია საშიში, რუსეთსა და ჩინეთს შორის ისეთი ღრმა და მოუგვარებელი წინააღმდეგობები არსებობს, რომ მათი ალიანსი ვერ იქნება მყარი, მაინც კონფლიქტით დასრულდება, ასე რომ, აშშ-ის გლობალურ ლიდერობას ამ მხრივ არაფერი ემუქრებაო.
ასე მიაღწია შეერთებულმა შტატებმა 2016 წლამდე, როდესაც, ატლანტისტებისთვის მოულოდნელად, ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპი მოვიდა, რომელმაც ჩინეთთან სავაჭრო ომი წამოიწყო და რუსეთთან დაახლოება მოინდომა — ანუ, თითქოს კისინჯერის სქემით მოქმედებდა. თუმცა რეალურად ტრამპი წარმოადგენდა არა იმ აშშ-ს, რომელიც მანამდე „დიდი სამიანის“ ფარგლებში თამაშობდა, არამედ ეს იყო ახალი, ანტიგლობალური ამერიკა, რომლის ინტერესიც ძლიერი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნა იყო და არა ის, რომ ნებისმიერ ფასად (საკუთარი ქვეყნის დეგრადაციის ჩათვლით) დაეჭირა მხარი ეროვნებაზე მაღლა მდგომი ატლანტიკური ელიტების მსოფლიო ჰეგემონიისთვის. ანუ, სამკუთხედის ფარგლებში თავი მოიყარა არსებული მსოფლიო წესრიგის სამმა მტერმა — და ეს უნიკალური ვითარებაა.
რასაკვირველია, ტრამპს, პუტინსა და სის შეთანხმება გაუჭირდებათ — გეოპოლიტიკური, სავაჭრო-ფინანსური და სხვა წინააღმდეგობები მათ შორის კვლავ არსებობს. მაგრამ ეს არის წინააღმდეგობა ნაციონალურ სახელმწიფოებს (იმპერიებს, სახელმწიფო–ცივილიზაციებს), ანუ მათ შორის, ვინც კოორდინატთა ერთ სისტემაში არსებობს, და არა უნიფიკაციისა და მსოფლიო ჰეგემონიის გლობალისტურ პროექტსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ცივილიზაციის საკუთარი მოდელის არსებობის უფლებას იცავენ და სხვების მსგავს უფლებებსაც აღიარებენ.
ტრამპი-პუტინი-სის სამეულმა კორონავირუსამდე ჩამოყალიბება სავსებით გასაგები მიზეზების გამო ვერ დაიწყო. აქ ჩინეთთან სავაჭრო ომი საერთოდ არაფერ შუაშია. ეს სრულად შეესაბამებოდა ტრამპისეულ იზოლაციონიზმს და მისი აქტიური ფაზა პრაქტიკულად გლობალური პანდემიის დაწყების წინ დასრულდა ნაწილობრივი შეთანხმების შემდეგ. რასაკვირველია, ჩინეთზე ზეწოლის პოლიტიკა, რომელსაც პერიოდულად მიმართავდა ტრამპი, ხელს უშლიდა ჩინეთისა და აშშ-ის დიდი სტრატეგიული დიალოგის თეორიულ შესაძლებლობასაც კი, თუმცა, ამას გარდა, ტრამპს საერთოდ მოუსპეს პუტინთან კონტაქტის საშუალებაც. ამის მიუხედავად, შემოდგომაზე ხელახლა არჩევის შემდეგ ტრამპს ხელ-ფეხი გაეხსნება და „დიდი სამიანის“ ფარგლებში თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა მიეცემა.
ახალი ალიანსის შექმნისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ვლადიმირ პუტინის ინიციატივა ბირთვულ სახელმწიფოთა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა სამიტის ჩატარების თაობაზე, რომელიც მან იანვარში იერუსალიმში ვიზიტისას გამოთქვა. „დიდი ხუთიანი“, არსებითად, „დიდი სამიანი“ იქნებოდა, შევსებული ევროპით პრეზიდენტ მაკრონის სახით, ვინაიდან აშშ-ისა და ბრიტანეთის ანგლოსაქსონური ერთობა (მით უმეტეს, გეოპოლიტიკური) Brexit-ის ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. პუტინის იდეას ყველა დაეთანხმა და სამიტი სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდება, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად.
კორონავირუსმა მთელი მსოფლიო კარანტინში ჩაკეტა. მაგრამ შემოდგომისთვის პანდემია შესუსტდება და პუტინი, სი ძინპინი, მაკრონი და ჯონსონი ნიუ-იორკში ჩასვლას შეძლებენ. თუ, რასაკვირველია, აშშ ანტიჩინურ ისტერიას არ მიეცემა. ამის ნიშნები კი უკვე არსებობს, მაგალითად, სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ჩინეთი პასუხისმგებელია კორონავირუსის გამო ამერიკელების გარდაცვალებასა და უმუშევრობაზე, ამიტომ შტატებმა მკაცრად უნდა დასაჯოს ჩინეთი და აიძულოს ის, შეცვალოს ქცევის წესები“.
მსგავსი რამ ტრამპს რომ განეცხადებინა, გასაგებია, არავითარ სექტემბრის სამიტზე ლაპარაკი არ იქნებოდა - სი ძინპინი უბრალოდ უარს იტყოდა მასთან შეხვედრაზე. მაგრამ ტრამპი ამ ტონით არ ისაუბრებს, რადგან უმაღლესი დონის შეხვედრა აშშ-ს ჩინეთზე მეტად სჭირდება. შეხვედრით რუსეთიც დაინტერესებულია - რაც უფრო მალე დაიწყება მოლაპარაკება პოსტკორონავირუსულ მსოფლიო მოწყობაზე, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.
ჯერჯერობით „დიდი სამიანი“ ასოცირდება მხოლოდ სტალინთან, რუზველტთან და ჩერჩილთან. მაგრამ ძალიან მალე მან, შესაძლოა, ახალი ფორმა შეიძინოს - ოღონდ მას შემდეგ, რაც ნოემბერში ტრამპს ხელახლა აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად. ამ შემთხვევაში 2021 წელს კაცობრიობა ახალი მსოფლიოს დაბადების პირველი აქტის მომსწრე გახდება.