თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, თავი შეიკავონ კორონავირუსისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თემების პოლიტიზირებისგან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა პანდემიის გავრცელების აღკვეთისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებზე კონცენტრაცია, რათა ზარალი, მით უმეტეს, ადამიანური, მინიმალური იყოს.
„მე ვურჩევდი [ქვეყნებს], თავი შეიკავონ კორონავირუსის თემის პოლიტიზირების მცდელობისგან — რაც შეიმჩნევა არა მარტო ჯანმოს, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის მიმართაც. მე ახლა ყურადღებას უფრო პანდემიის გავრცელების აღკვეთისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე, ზარალის მინიმიზაციაზე გავამახვილებდი, უპირველესად, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, — განაცხადა ლავროვმა.
რუსი მინისტრის თქმით, ჯანმო „მნიშვნელოვან მაკოორდინებელ როლს ასრულებს და პანდემიასთან ბრძოლას ეხმარება“, რაც აისახა კიდეც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასა და „დიდი ოცეულის“ საგანგებო სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ შეუძლია აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც გაიყვანოს და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, ისინი ზიანს აყენებენ აშშ-ის ინტერესებს.