11:37 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
226 0 0

ჩინეთთან ცივი ომის გარდაუვალობის ფონზე, რომელიც, დიდი ალბათობით, სანქციებსაც გაითვალისწინებს, ეკონომიკური კავშირების შეზღუდვასაც, ორმხრივ შპიონაჟსაც და, შესაძლოა, კონფრონტაციის ძალისმიერ ფორმასაც, დასავლელი ექსპერტები პეკინზე გამარჯვების ჯადოსნური მეთოდის ძებნას იწყებენ

ივან დანილოვი

„ჩინური დრაკონის მოხრჩობის“ ყველა ვარიანტი, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით განიხილავენ ვაშინგტონში, ლონდონსა თუ ბრიუსელში, რაღაც ფართო ანტიჩინური კოალიციის შექმნას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ კოლექტიური ძალისხმევით მოხდეს ჩინეთის იზოლირება, გაუვნებელყოფა და დაჩოქება დაახლოებით ისეთივე სქემით, როგორიც სსრკ-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის გამოიყენებოდა.

მაგრამ თუ რაღაც მიმართულების მიმცემი პრინციპების დონეზე არანაირი მრავალფეროვნება არ შეინიშნება, ამ პრინციპების განხორციელების დონეზე სერიოზული პრობლემა ჩნდება, რომლის გადაჭრის დროსაც პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიპლომატებსა თუ ანალიტიკოსებს „შუბები ემსხვრევათ“.

საქმე ისაა, რომ ზოგ ევროპულ დედაქალაქში და აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებში უკვე იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირისა და (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ასევე აზიის ზოგი ქვეყანა რატომღაც არ იწვიან სურვილით, მონაწილეობა მიიღონ ახალ ცივ ომში ჩინეთის წინააღმდეგ — აშშ-ის პაიკების რანგში. უფრო მეტიც, მათ არ სურთ ფული იხადონ ამერიკის გამარჯვებისთვის ამ ომში (რაც იმ მუდმივ სკანდალებში გამოიხატება, რომ გერმანია და საფრანგეთი უარს ამბობენ თავიანთი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის ორი პროცენტის გადახდაზე „ამერიკულ სამხედრო საფარველში“) და ისინი მზად არც კი არიან, მაშინვე დაეთანხმონ, მაგალითად, ევროკავშირში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ აღჭურვილობის სრულ აკრძალვას, რაც 5G ქსელებისთვისაა საჭირო. ეს კი წარმოუდგენლად აბრაზებს „ანტიჩინურ ქორებს“ ვაშინგტონსა და ლონდონში.

საკუთარი არმიის ფაქტობრივი შექმნის შესახებ ევროპული განცხადებებისა და მაკრონის დეკლარაციის ფონზე, რომელიც დამოუკიდებელი (ანუ, არც პროჩინური და არც პროამერიკული) საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილს შეეხება, ჩნდება ეჭვები, რომ ფართო ანტიჩინური ალიანსის „შეკოწიწება“ ძალიან რთული და ძვირი იქნება. და ეს ეჭვები მხოლოდ ძლიერდება, მასთან ერთად კი ძლიერდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

ავტორიტეტული ჟურნალი Foreign Affairs, რომელიც გავლენიანი „გონებრივი ცენტრის“ Council on Foreign Relations-ის ეგიდით გამოიცემა, ამ პრობლემისადმი მიდგომის ორ ვარიანტს განიხილავს. მათგან ერთს შეიძლება პირობითად „დონალდ ტრამპის მიდგომა“ ეწოდოს, ხოლო მეორეს — „ბორის ჯონსონის მიდგომა“. იმ კოლოსალური გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც Council on Foreign Relations-ი ახდენს ამერიკული და ასევე ევროპის პროამერიკული ელიტების აზროვნებაზე (თავად „გონებრივი ცენტრი“ რამდენიმე პოპულარული შეთქმულების თეორიის გმირია, რომელთა თანახმადაც, ის ლამის „აშშ-ის ჩრდილოვან მმართველად“ მიიჩნევა), ღირს განვიხილოთ ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკოცენტრული სამყაროს მოწყობის კრიზისისა და „ჩინური პრობლემის“ წარმატებით გადაჭრისთვის გვთავაზობენ — მით უმეტეს, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ Foreign Affairs-ის ახალი სტატია დაიბეჭდა სათაურით „დემოკრატიის საბჭოს მრავალმხრივობის გადარჩენა შეუძლია“, შემოთავაზებული მეთოდები მაინც ვაშინგტონის ფაქტობრივ დომინირებაზეა (მინიმუმ, დასავლურ სამყაროში მაინც) ორიენტირებული, განსხვავება მხოლოდ ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნების მეთოდებშია.

ავტორიტეტული გამოცემის ავტორები სტატიას იმის კონსტატაციით იწყებენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი აშკარად სულს ღაფავს, ხოლო მთავარი საფრთე ამ დროისათვის არის არა კორონავირუსი, არამედ ჩინეთი და რუსეთი.

„მაგრამ კორონავირუსის პანდემიამდეც კი მრავალმხრივი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძლივს უმკლავდებოდა ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებს მსოფლიოში. COVID-19-მა აჩვენა, რომ მეფე შიშველია, მაგრამ რეალურად მეფე მანამდე ძუნწად იყო ჩაცმული რაღაც დროის განმავლობაში.

რამდენადაც მსოფლიო ეკონომიკის სიმძიმის ცენტრმა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა, გლობალური ამბიციების მქონე სტრუქტურებს აღარ შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ამ რეგიონში დამაჯერებელ ლიდერობაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის გარეშე. მაგრამ G7-ში, რომელიც 1973 წლის სანავთობე შოკის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ შედის ევრო-ატლანტიკური რეგიონისმიღმა ერთი წევრი — იაპონია. ხოლო „დიდი ოცეული“, რომელიც აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიქმნა 1997 წელს და თავისი ღირებულება წარმოაჩინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ძალიან შეუთავსებელი აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე საერთაშორისო პრობლემების საიმედოდ გადაჭრის უნარის თვალსაზრისითაც. ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ზიანი მიადგა ჩინეთსა და რუსეთში აგრესიული ავტორიტარიზმის აღორძინებით“.

ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ თეზისამდე: „ყველაფერი დაიღუპა და არაფერი მუშაობს!“

შესაბამისად, შემოთავაზებულია გადაჭრის ორი გზა — ერთი ტრამპის, მეორე — ჯონსონისა.

„ჯონსონი პირველი იყო, ვინც ახალი სტრუქტურის იდეა წამოაყენა. მაისში მან ათი წამყვანი დემოკრატიის ალიანსის შექმნის წინადადება დააყენა, რომელშიც G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა შევიდოდნენ, ხოლო გაერთიანებას D10 დაერქმეოდა — იმისათვის, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში პოლიტიკის კოორდინაცია მომხდარიყო და ჩინური ბაზრის ლიდერის „ჰუავეის“ ალტერნატივა დამუშავებულიყო, რომლის დომინანტმა მდგომარეობამ 5G-ს ტექნოლოგიაში უსაფრთხოებას ყველგან შეუქმნა საშიშროება. ამის შემდეგ მალევე ტრამპმა გადადო G7-ის შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, და მის ნაცვლად G11-ის ფორმატი შემოგვთავაზა შემოდგომის სამიტზე. ჯონსონის წინადადებისგან განსხვავებით, ტრამპის ახალ ჯგუფში, D10-ის ქვეყნებთან ერთად, რუსეთიც უნდა შედიოდეს“.

Foreign Affairs-ის ექსპერტების რეკომენდაციით, ამ კლუბში რუსეთის შეყვანა არ ღირს და ისინი D10-ის ვარიანტს, ანუ ჯონსონის სქემას არჩევენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფრო საინტერესოა თავად ამ რეკომენდაციის მოტივაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს რამენაირად დაარწმუნებენ, რომ ანტიჩინურ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს, ტრამპის სქემა მაინც ცუდი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში — უპერსპექტივოც, იმის გამო, რომ ის უპირველესად ანტიჩინურ დღის წესრიგზე იქნება აგებული. აი ჯონსონის სქემიდან კი თითქოს რაღაც პოზიტიური დღის წესრიგის ამოღება შეიძლება, ანუ რაღაც გამაერთიანებელი იდეისა, რომელიც „ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსის“ შექმნას კი არა, არამედ „ყველაფერი კარგისთვის ალიანსის“ შექმნის საშუალებას გააჩენს.

პოზიტიურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ცარიელი ლოზუნგების ნაკრები მოიაზრება — „დემოკრატია“, „თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებები“. განსაკუთრებით სახალისოა ის, რომ ასეთი პოზიტიური დღის წესრიგის გაჩენა ვაშინგტონის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას საპირწონედ უდგება: „შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოვიდეს აზიური ბანკის (რომელსაც ჩინეთი მეთაურობს) ინფრასტრუქტურული ინვესტიციების წინააღმდეგ, ინიციატივებისა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ და რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. მაგრამ თუ დამაჯერებელ ალტერნატივას არ შესთავაზებენ სხვა ქვეყნებს, მათი დარწმუნება, რომ ისინიც იგივენაირად მოიქცნენ, ძალიან რთული იქნება. ვაშინგტონი ვერ დაამარცხებს რამეს, თუ არაფერს გამოიყენებს“.

ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ იარლიყით „დამზადებულია აშშ-ში“ ვერ შეუცვლის გერმანიას რუსულ გაზს, ხოლო იტალიას — ჩინურ ინვესტიციებს. აქ შეიძლებოდა ამერიკულ ფულს ემუშავა, მაგრამ ვაშინგტონს ასეთი ურთიერთობები არ სჭირდება, თანაც, კონკრეტული მომავალი პრეზიდენტის გვარის მიუხედავად — ბაიდენსაც და ტრამპსაც სჭირდებათ კოლონიები, მაგრამ ევროკავშირის დაბრუნება ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, აღარ გამოვა, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, D10-ის თუ G11-ის ფორმატში. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც აღარაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები