ივან დანილოვი
თუ ორი კვირის წინ ესოდენ ეგზოტიკურ მიდგომაზე მხოლოდ რესპუბლიკელი სენატორები და წამყვანი პოლიტიკური თოქ–შოუები მსჯელობდნენ, ახლა საქმე თეთრ სახლამდე მივიდა.
როგორც The Washington Post-ი იუწყება ტრამპის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, „საკუთარი თავისთვის ვალების პატიების“ საკითხი, რომელიც ვაშინგტონს პეკინის მიმართ დაუგროვდა, იმ სტრატეგიის ფარგლებში განიხილება, რომელიც მოიაზრებს ჩინეთის იძულებას, დაფაროს კორონავირუსისგან მიყენებული ფინანსური ზარალი. ვალების „თვითნებური პატიება“ ამ შემთხვევაში ამერიკულ აუდიტორიას შესაძლოა კომპენსაციის ერთგვარ ავანსად წარმოუდგინონ: პეკინი ფიქრობდა, რომ ვაშინგტონს კრედიტი მისცა, სინამდვილეში კი თურმე წინასწარ გადაუხდია პანდემიის გამო კომპენსაცია.
თუ აშშ-ის ხელმძღვანელობის ოფიციალურ განცხადებებს დავუჯერებთ, აღმოჩნდება, რომ ჩინეთის მთავარი მტრისა და ყველაზე მეტად რაციონალურად მოაზროვნის როლს თავად პრეზიდენტი ასრულებს. ის თითქოს ემხრობა ჩინეთის მატერიალურ „დასჯას“ (იმ შეცდომების გამო, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ეპიდემიისთვის მზადებისას დაუშვა), თუმცა, გამომდინარე გარკვეული ბიზნეს-გამოცდილებიდან, ეწინააღმდეგება ძალიან სარისკო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ამერიკული ვალუტის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია.
Washington Post-ი აღწერს განსახილველი ზომების მთელ სპექტრს: „წყაროების თქმით, ბოლო დღეებში პრეზიდენტი ტრამპი თანაშემწეებთან არ მალავდა რისხვას ჩინეთის ქმედებების გამო, ადანაშაულებდა რა ქვეყანას ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში, და ამასთან განიხილავდა სერიოზული ზომების გატარებას, რომლებსაც, სავარაუდოდ, პეკინის პასუხი უნდა მოჰყვეს.
კერძოდ, ტრამპი და მისი თანაშემწეეები განიხილავდნენ ჩინეთისთვის „სუვერენული იმუნიტეტის“ მოხსნას, რაც მთავრობას (ან ეპიდემიის მსხვერპლთ აშშ-ში) საშუალებას მისცემს, სასამართლოში უჩივლოს ჩინეთს მიყენებული ზარალისთვის.
ჯორჯ სორიალმა, რომელიც წარსულში კომპანია Trump Organization-ის ტოპ-მენეჯერი და ჩინეთის წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელის მონაწილე იყო, The Washington Post-ს განუცხადა, რომ ის და თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ჩინეთისთვის „სუვერენული იმუნიტეტის“ შეზღუდვის თაობაზე მსჯელობდნენ. სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინეთისთვის „სუვერენული იმუნიტეტის“ შეზღუდვის მცდელობა უკიდურესად რთული იქნება და ამისთვის შესაძლოა კონგრესის საკანონმდებლო აქტები გახდეს საჭირო.
კიდევ ორი წყარო, რომლებიც შიდა დისკუსიების კურსში არიან, ირწმუნება, რომ ადმინისტრაციის ზოგი წარმომადგენელი ასევე განიხილავდა საკითხს, რომ აშშ-ს ჩინეთის მიმართ თავისი ვალების ნაწილი გაეუქმებინა. დაუჭირა თუ არა მხარი ამ იდეას პრეზიდენტმა, უცნობია.
თავად პრეზიდენტმა შექმნილ ვითარებაზე მოგვიანებით მეტად მიკიბულ–მოკიბული კომენტარი გააკეთა - თუ ამ თამაშს დავიწყებთ, ყველაფერი რთულად იქნებაო. და შფოთვა გამოთქვა "დოლარის სიწმინდესთან“ (sanctity of the dollar) დაკავშირებით. ამით ალბათ იმაზე მიანიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან სელექციურმა დეფოლტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მის გამოყენებას მსოფლიო ვალუტის სახით.
მეორე მხრივ, ტრამპმა მაშინვე დაამშვიდა ჟურნალისტები იმით, რომ ჩინეთის დასჯის მეთოდს აუცილებლად იპოვის, და სხვა იდეაც ახსენა — ჩინურ საქონელზე ექსტრაორდინარულად მაღალი ტარიფების დადება ზუსტად იმ ტრილიონის მისაღებად. სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხად აფასებს აშშ-ის ლიდერი ზარალს, რომელიც ამერიკის ეკონომიკასა და მის პირად რეიტინგს მიადგა ოფიციალური პეკინის ქმედებითა თუ უმოქმედობით ეპიდემიის დროს.
ყველაფერი ეს შეიძლებოდა წინასაარჩევნო რიტორიკად ჩათვლილიყო. მაგრამ 15 წლის წინ ვინმეს რომ საერთაშორისო სამართლისა და ფინანსების ექსპერტისთვის ეთქვა, აშშ რუსულ კომპანიებსა და ბანკებს სანქციებს დაუწესებს „უცხო ტერიტორიების ანექსიისა“ და ასევე „ამერიკულ არჩევნებში ეფექტური ჩარევისთვისო“, თანაც ამ სანქციებს ის პრეზიდენტი შემოიღებს, რომლის მხარდასაჭერადაც „ჩაერია“ რუსეთი არჩევნებშიო, ექსპერტი ბევრს იცინებდა, ვინაიდან ამას ამერიკულ პოლიტიკაზე სატირად მიიჩნევდა.
მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა, თანაც, ისტორიული საზომით, ძალიან სწრაფად.
გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაძარცვის გადაწყვეტილება დაახლოებით 1,3 ტრილიონი დოლარით, პრეზიდენტის ხელის ერთი მოწერით ამერიკული ობლიგაციების გაუქმება — არა მარტო ეკონომიკურია, არამედ პოლიტიკურიც. ნიუ-იორკის ქუჩებში ცხედრებით დატვირთული სატვირთოების ხილვა, უმუშევრობის გამო შემწეობის შესახებ განაცხადის შევსება, გაუგებარი პერსპექტივები კომუნალური გადასახადებისა და იპოთეკის კუთხით, ათობით მილიონ ამერიკელ ამომრჩეველში, რომლებსაც შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები ელოდებათ, ძლიერ უარყოფით ემოციებს აღძრავს.
თუ პრეზიდენტი იტყვის, რომ მან გააბათილა იმ ქვეყნის მიმართ ვალი, რომელიც თავად ტრამპისა და ბევრი ამერიკელი ჟურნალისტის აზრითაც, დამნაშავეა ეპიდემიაში, ხოლო დაზოგილ თანხას, მაგალითად, უმუშევრად დარჩენილ მენავთობეებს დაურიგებს, ეს მძლავრი პოლიტიკური ჟესტი იქნება კარგი ელექტორალური ბონუსებით.
რისკების მართვის თვალსაზრისით, მათ შორის, პოლიტიკური, ახლა შესაძლოა დაიწყოს ჩინური სავალუტო რეზერვების გატანა ამერიკული ინსტრუმენტებიდან, ან, უკიდურეს შემთხვევაში — მათი წილის შემცირება რეზერვებში, ვინაიდან ტრამპს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ოფიციალური პოზიცია.
როგორც The Washington Post-ი წერს, „[ტრამპის] ერთ-ერთი მთავარი თანაშემწის თქმით, ჩინეთის დასჯა — ეს ისაა, რისკენაც იხრება პრეზიდენტი“.
ჩინეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით მესამედის განადგურება სერიოზული სასჯელია ნებისმიერი საზომით. მით უმეტეს, რომ პირველი რეაქცია „ჩინური ვალის“ შესაძლო დეფოლტის შესახებ სტატიაზე — ეს იუანის კურსის შემცირება იყო ბანკთაშორის ვაჭრობაზე. და თუ ვალის ასეთი იძულებითი ჩამოწერა მართლაც მოხდება, მაშინ ჩინურ ვალუტაზე ზეწოლა შეუდარებლად სერიოზული იქნება.
ბოლოს და ბოლოს, ტრამპს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ დოლარის სტატუსის მსხვერპლად გაღება მისი ხელახლა არჩევისთვის — შესანიშნავი იდეაა. ამასთან თეთრ სახლში შესაძლოა ფეხი მოიკიდოს იდეამაც იმის შესახებ, რომ თუ ფედერალური რეზერვი ისედაც იძენს ამერიკულ ობლიგაციებს ბაზარზე, მაშინ საგარეო კრედიტორები აშშ-ს საერთოდაც არ სჭირდება: საბეჭდი დაზგა ბიუჯეტსაც გადაარჩენს, სახელმწიფო ვალსაც გადაიხდის და დოლარსაც უზრუნველყოფს.
ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ შეიძლება გავიხსენოთ ანდაზა, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია" (нет худа без добра): ანტირუსულმა სანქციებმა აიძულა რუსეთი, წინასწარ ეზრუნა საკუთარ ფინანსურ სტაბილურობაზე, ოქროს წილის გაზრდაზე ოქროსა და სავალუტო მარაგებში და მოწყვლადობის აღმოფხვრაზე. იმ რისკებისა და კატასტროფების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლოა მსოფლიო საფინანსო სისტემაში მოხდეს, თუ ვაშინგტონი ნამდვილად წამოიწყებს პეკინის წინააღდეგ არა მარტო სავაჭრო, არამედ ფინანსურ ომსაც, რუსეთის მიერ გატარებული დამზღვევი ზომები წარმოუდგენლად დროული გამოდგება.