09:23 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
107 0 0

ამერიკის მცდელობებმა, შეაჩეროს რუსული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლა, შესაძლოა შედეგად არა მარტო ევროპელი პოლიტიკოსების დამატებითი მხარდაჭერა მოიტანოს, არამედ ისიც, რომ ევროკავშირი ამერიკული სანქციებისგან სისტემურ თავდაცვაზე დაფიქრდეს.

ივან დანილოვი

თუ ერთმანეთს ამერიკული ინტერესებისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით და ევროკავშირში ანტისანქციური საფინანსო-ეკონომიკური სისტემის შექმნით მიყენებულ ზარალებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ რუსულ გაზსადენს პრაქტიკულად მნიშვნელობაც არ აქვს. და თუ ვაშინგტონს მართლაც მნიშვნელოვან საკითხებში წაერთმევა ბრიუსელსა თუ ევროპულ კომპანიებზე სანქციებით ზეწოლის შესაძლებლობა, ეს ამერიკული საგარეო პოლიტიკისთვის პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა იქნება.

გასულ კვირაში კონფლიქტი ვაშინგტონ–ბრიუსელის ხაზზე, რაც არსობრივად ნიშნავს კონფლიქტს სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროკომისიას შორის, იმის გამო გამწვავდა, რომ ამერიკული და ევროპული დიპლომატიების ხელმძღვანელებმა მკაცრი კრიტიკის შემცველი მუქარები და განცხადებები გაცვალეს.

მაიკ პომპეომ გადაწყვიტა, გაენადგურებინა ე.წ. „ტილერსონის შესწორება“, ანუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე მსხვილი ევროპული კომპანიების მიმართ სანქციების შეზღუდვა, რომელთა დაწესებაც ყოფილ სახელმწიფო მდივან მაქს ტილერსონს „ძალიან ცუდ იდეად“ მიაჩნდა. ეს „შესწორება“ პომპეოს ევროკავშირში გამგზავრების წინ გაუქმდა, რაც შეიძლებოდა დასაშინებელ ჟესტადაც აღქმულიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი პირდაპირ მუქარებზე გადავიდა და ყველა კომპანიას, რომლებსაც აქვს ან ჰქონდა კავშირი პროექტთან, მისი დატოვება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სანქციებს მიიღებდნენ, რომლებიც მათი ამერიკული ბიზნესის განადგურებას, დოლარის სისტემიდან გათიშვას, ქონების კონფისკაციასა და აშშ-ში შესვლის აკრძალვას მოიაზრებს მათი დირექტორებისთვის. გარდა იმისა, რომ ამერიკული სანქციების წნეხის ქვეშ შეიძლება უამრავი ის ევროპული კომპანია მოჰყვეს, რომლებიც, მაგალითად, დაკავებული არიან საპორტო თუ სადაზღვევო მომსახურებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მიანიშნებს „გაზპრომის“ წამყვანი ევროპელი პარტნიორების — Wintershall-ის, OMV-ს, Engie-ს, Shell-ისა და Uniper-ის „დოლარით დასჯაზე“.

ერთი მხრივ, ასეთი ესკალაცია მძლავრი ნაბიჯია ვაშინგტონის განზრახვების წარმოსაჩენად „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბლოკირების კუთხით. მეორე მხრივ კი, არც ისე გასაგებია, რისი მიღწევა შეიძლება რაიმეს დემონსტრაციით, გარდა განზრახვისა: „გაზპრომის“ ევროპელი პარტნიორების ფული უკვე ჩადებულია პროექტში, გაზსადენს კი რუსული კომპანია საკუთარი ძალებით აგებს, რომელიც ამ დროისათვის გაზსადენის მფლობელი კომპანიის ერთადერთი აქციონერია.

ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უცხოური კომპანიები პროექტიდან გასვლას მოიწადინებენ, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება — მატარებელმა უკვე ჩაიარა. გამოდის, რომ ევროპული კომპანიების საწინააღმდეგო სანქციები უაზრო შურისძიება იქნებოდა გაზსადენის დაბლოკვის კუთხით.

რა თქმა უნდა, ვაშინგტონს შეუძლია სცადოს და სანქციები დაუწესოს რუსული გაზის მყიდველებს ევროპაში, მაგრამ აქ უკვე ტექნიკური პრობლემებისა და საგარეო პოლიტიკის რისკების მთელი სერია იჩენს თავს.  

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საქმეებში ჟოზეფ ბორელმა წერილობითი განცხადებით დაგმო ევროკავშირზე ზემოქმედების ამერიკული მეთოდები:

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული აშშ-ის მხრიდან სანქციების გამოყენების ან სანქციების დაწესების მზარდი მუქარებით ევროპული კომპანიებისა და მათი ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ ამ ტენდენციის მოწმენი გავხდით ირანის, კუბის, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს, ასევე სულ ცოტა ხნის წინ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისა და „თურქული ნაკადის“ შემთხვევებში <...> ევროპული პოლიტიკა აქ, ევროპაში უნდა განისაზღვრებოდეს და არა მესამე ქვეყნებში. იმ შემთხვევებში, როდესაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნები საერთოა, ძალიან ფასეულია მიზანმიმართული სანქციების კოორდინაცია პარტნიორებთან. ჩვენ ამის არაერთი დადებითი მაგალითი გვინახავს და განვაგრძობთ კოორდინაციას იქ, სადაც შევძლებთ. ხოლო იქ, სადაც პოლიტიკური უთანხმოებები არსებობს, ევროპული კავშირი ყოველთვის გახსნილია დიალოგისთვის. მაგრამ ეს დილოგი ვერ შედგება სანქციების მუქარის ფონზე“.

ეს განცხადება შეიძლებოდა დიპლომატის არაფრისმთქმელ „შეშფოთებად“ აღქმულიყო, რომელსაც ვაშინგტონი ყურადღებასაც არ მიაქცევდა, რომ არა ერთი ნიუანსი. ამერიკული მასმედია, კერძოდ Bloomberg-ი უკვე წერდა იმაზე, რომ გერმანია აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს იმისთვის, რომ შური იძიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და გადააჩვიოს შტატები ევროპულ ენერგეტიკულ პოლიტიკაში ჩარევას.

ბორელის განცხადების კონტექსტში კი აუცილებლად გასახსენებელია მისი პასუხი ფრანგი ევროდეპუტატის კითხვაზე ამერიკული სანქციების შესახებ: „კომისია ამზადებს ნიადაგს სანქციების გაძლიერებული მექანიზმის შემოსაღებად, რომელიც გაზრდის ევროპის მდგრადობას მესამე ქვეყნების მიერ დაწესებული ექსტერიტორიული სანქციების მიმართ“.

ყველაზე აშკარა მექანიზმი, რომელსაც აშშ-ის მთელი სასანქციო დღის წესრიგის დემონტაჟი შეუძლია ევროპაში, შეიძლებოდა გამხდარიყო სანქციები ამერიკული საექსპორტო გათხევადებული გაზის წინააღმდეგ — ბარიერული 25%-იანი ტარიფი ან მისი იმპორტის აკრძალვა ევროპაში არა მარტო სრულ უაზრობად აქცევდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, არამედ პირდაპირ დარტყმას მიაყენებდა ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთაგან ზოგი რესპუბლიკური პარტიის სპონსორია.

უკვე გაფორმებული კონტრაქტების იძულებით დარღვევა — ეს სერიოზული დანაკარგებია, ხოლო ამერიკული კომპანიები ნამდვილად არ არიან მზად თავიანთი ფული გაიღონ მაიკ პომპეოსა და რუსოფობი სენატორების გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის. თუმცა ევროპელ დიპლომატებს რაიმე ალტერნატიული ვარიანტების მოფიქრებაც შეუძლიათ.

თუ ევროპული დიპლომატიის კურსი არ შეიცვლება, ხოლო აშშ-ს მაინც მოუწევს ბრიუსელის სანქციებთან შეჯახება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულება მოლოდნელ შედეგებს მოიტანს, ვინაიდან, გარდა ევროპაში ენერგომატარებლების სტაბილური მოწოდებისა, შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა სასანქციო ომის ფაზაში გადავა. იმისათვის, რომ ეს რისკი თავიდან აიცილოს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლავე უნდა შეაჩეროს მუქარა ევროპული ენერგოგიგანტების მიმართ. თუმცა ეს ალბათ უკვე შეუძლებელია — შეჩერება ევროპელების სუვერენიტეტის უფლების აღიარება იქნებოდა, ამერიკულ ელიტას კი არ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები