23:16 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
121 0 0

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კლიმატური საკითხების აქტიურმა განხილვამ პოპულარული გახადა ენერგეტიკის დეკარბონიზაციისა და ე.წ. მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის საკითხები.

ალექსანდრ სობკო

ამ ასპექტებმა კი ჯაჭვური რეაქციით კიდევ ერთი თემა წამოწია წინა პლანზე: როგორ მოხდება „ნავთობკომპანიების“ ტრანსფორმაცია ენერგიის ნაკლებად ნახშირბადიანი წყაროების სფეროში. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების თანახმადაც კი, „ნავთობის პიკი“ უკვე ათ-თხუთმეტ წელიწადში დადგება, რის შემდეგაც მოთხოვნილება თანდათანობით შემცირდება. ბევრი ნავთობკომპანიისთვის ეს ტრანსფორმაცია შეიძლება ხელსაყრელიც აღმოჩნდეს: მათი ნავთობის მარაგი ადრე თუ გვიან ამოიწურება. მაგრამ ასეთი მასშტაბური ცვლილებები ინერციული და ნელი საქმეა, ამიტომ უკვე საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება შემდეგ.

ამასთან, საჭიროა დღევანდელი რეალობის გათვალისწინება: მიუხედავად ზოგიერთი ნავთობკომპანიის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, ჯერჯერობით მწვანე ენერგეტიკაში ჩადებული სახსრების წილი ინვესტიციების საერთო მოცულობის უმცირეს პროცენტს შეადგენს, უდიდესი ნაწილი კი კვლავ ნავთობსა და გაზზე მოდის.

ტრადიციულ საწვავზე ერთბაშად უარის თქმა, რასაც საზოგადოებას გრეტა ტუნბერგი სთავაზობს, ახლა კატეგორიულად შეუძლებელია. უარს იმთავითვე მოჰყვება ნავთობის დეფიციტი: უკვე მოქმედი ჭაბურღილებიდან მოპოვება საკმაოდ სწრაფი ტემპით ეცემა ტრადიციულ საბადოებზეც კი, რომ არაფერი ვთქვათ ფიქალურზე. 

ამიტომ საკითხი ასე დაისმის: რამდენად სწრაფად გადავლენ კომპანიები მწვანე ენერგეტიკაზე, შენარჩუნდება თუ არა მწვანე ენერგეტიკაში ყოველწლიური ინვესტიციების წილი - მთლიანი დანახარჯის 3%, თუ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად თანმიმდევრულად გაიზრდება?

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კომპანიას კარდინალურად განსხვავებული სტრატეგია აქვს. ამერიკული ნავთობკომპანიები - „ExxonMobil“ და «Chevron“ - ჯერ ძირითადად ნავთობისა და გაზის სფეროში საქმიანობენ (ინვესტიცია „მწვანე ენერგეტიკაში“ ერთი-ორი პროცენტის ტოლია), მაშინ როცა ევროპული კომპანიები ამ მიმართულებით გაცილებით სწრაფად მოძრაობენ (დაბანდებული თანხის საერთო მოცულობის ხუთი-თხუთმეტი პროცენტი) და პარალელურად აქტიურად აფართოებენ თავიანთ წილს გაზის ბაზარზე.

 „ExxonMobil-სა“ და „Chevron-ს“ ბაზრის ცვლილებებისთვის მზადების საკუთარი სტრატეგია აქვთ შემუშავებული. მაგალითად, „ExxonMobil-მა“ მთელ მსოფლიოში ნავთობის აქტივების მასშტაბური გაყიდვა დაიწყო და აღებული თანხა ეროვნული ბაზრისკენ მიმართა - აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვებაში დააბანდა. იმიტომ არა, რომ ფიქალური ნავთობი ტრადიციული მოპოვების კონკურენტუნარიანია. „ახლა „ტრადიციული“ ნავთობი, როგორც წესი, უკვე საკმაოდ ძვირადღირებული ზღვის ნავთობია, ამიტომ კითხვა ასე დაისმის: რომლის თვითღირებულებაა ნაკლები? კომპანიებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ფიქალური ნავთობის სექტორში საინვესტიციო ციკლი გაცილებით ხანმოკლეა (ორი-სამი წელიწადი), ამიტომ ასეთი „მოქნილი“ სექტორის ჩამოყალიბება მომავალში ფასების შესაძლო ცვლილებებზე უფრო მარტივად რეაგირების შესაძლებლობას შექმნის.

თუმცა მთლიანობაში ამერიკული კომპანიები მნიშვნელოვანწილად კვლავ ნავთობსა და გაზზე არიან ორიენტირებული. ევროპა, პირიქით, სულ უფრო მეტად „ეფლობა“ ენერგიის განახლებულ წყაროებში და ევროპული კომპანიები აქტიურად აბანდებენ ინვესტიციებს მწვანე ენერგეტიკაში.  

ევროპული კომპანიები უკვე რამდენიმე წელია განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ გაზის სექტორის მიმართაც. „Shell“ უკვე გახდა თხევადი აირის მსოფლიოში უმსხვილესი ტრეიდერი. მას „Total“-იც ეწევა.

ნათელია, რომ ბაზრის ეს მონაწილეები თხევად აირს განიხილავენ, როგორც „გარდამავალ“ საშუალებას ნაკლებად ნახშირბადიანი ენერგეტიკისკენ მიმავალ გზაზე. „Total-ს“ ენერგორესურსების სტრუქტურაში გაზის 50% აქვს. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად აბანდებს თანხებს და ყიდულობს თხევად აირს (პროექტები აქვს მთელ მსოფლიოში). და, რასაკვირველია, კომპანიები დაინტერესებული არიან მწვანე ენერგეტიკის ყველა ვარიანტით და არა მხოლოდ „ქარისა“ თუ „მზის“ ენერგიით.  მაგალითად, ამას წინათ „Total-მა“ განაცხადა, რომ გეგმავს „Peugeot-სთან“ ერთობლივი წარმოების წამოწყებას და ავტომობილების აკუმულატორების გამოშვებას. ინვესტიცია ხუთ მილიარდ დოლარს მიაღწევს. თუმცა გადასვლის ამბიციური პროგრამის მიუხედავად, 2040 წლისთვის „Total-ის“ მიერ (ახალი ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნავთობისა და გაზის კომპანიის) მწვანე ენერგეტიკიდან მიღებული მოგება, გეგმის მიხედვით, მთლიანი მოგების მხოლოდ 15-20 პროცენტი იქნება.

დაბოლოს - მთავარი კითხვა: რომელი ინვესტიციაა უფრო მომგებიანი? ტრადიციულად, ნავთობის დარგში ინვესტიციები ძალიან მომგებიანად მიიჩნევა, რაც კომპანიებს ამ სექტორის ერთგულებისკენ უბიძგებს. მაგრამ მართებული იქნებოდა იმის აღნიშვნა, რომ შემოსავლის მაღალი ნორმა შესაძლო რისკებს ასახავს. ამიტომ ინვესტირების გადაწყვეტილებებს იღებენ შემოსავლიანობის მაღალი (ორნიშნა) ნორმის გათვალისწინებით (მაგალითად, ნავთობის ფასი - 60 დოლარი). ესაა დაზღვევა ფასების ვარდნისგან: კოტირების მცირედით შემცირების შემთხვევაშიც, კომპანია მოგებული დარჩება, შემცირდება მხოლოდ ინვესტიციის შემოსავლიანობა.

მაგრამ ვინაიდან ფასები (ოპეკი+ შეთანხმებების წყალობითაც) მაღალ ნიშნულზე რჩება, ნავთობის სექტორს კვლავ კარგი შემოსავალი მოაქვს, რომელიც ახალ ენერგეტიკაში ინვესტირებასაც ხმარდება. ამის საპირისპიროდ კი ახალ ენერგეტიკაში ინვესტირება ხშირად დაბალშემოსავლიანია, რადგან ის განიხილება, როგორც დაბალრისკიანი სფერო - იმ გაგებით, რომ პერსპექტივაში დარგი მხოლოდ განვითარდება და მოთხოვნილების შემცირების შემთხვევაში, აქტივების გაუფასურების რისკი მინიმუმამდე შემცირდება. 

მომავალი მაინც უცნობია. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ხუთი-ოცი წელი ნავთობზე მოთხოვნილება მზარდი იქნება. თუმცა ნავთობის ფასი მოთხოვნილებისა და შეთავაზების ბალანსით განისაზღვრება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში, საუბარია ძალიან ნელ პროცესზე და ნავთობკომპანიები, რომლებიც აქტიურად მიმართავენ ინვესტიციებს ახალ ენერგეტიკაში, ჯერ ახალი ენერგეტიკის სფეროში საერთო დანახარჯის მხოლოდ ათი პროცენტის  დაბანდებისთვის არიან მზად. ჰიპოთეტური სწრაფი უარი კი ნავთობში ფულის ჩადებაზე საწვავის მომენტალურ დეფიციტს გამოიწვევს.

მეორეც, სხვადასხვა კომპანია განსხვავებულად ემზადება ნავთობის საუკუნის დასასრულისთვის. გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორი: კომპანიების ხელმძღვანელთა განსხვავებული შეხედულებები, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა სხვადასხვა ქვეყანაში და, რასაკვირველია, მარაგის სტრუქტურა.

რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიები ჯერ მინიმალურად არიან ჩართული ახალ ენერგეტიკაში ინვესტირების სფეროში, თუმცა უმნიშვნელო ძვრები ამ მიმართულებით მაინც შეიმჩნევა. მოგების რეინვესტირება ნავთობის სფეროში უკავშირდება მეტ-ნაკლებად ნორმალურ რესურსებსა და საგადასახადო სისტემას, რომელიც თანდათანობით ერგება მოპოვების მზარდ თვითღირებულებას. მაგრამ ქვეყანას მისაღები თვითღირებულების ნავთობის მარაგიც ოციოდე წლით თუ ეყოფა. 

ამასთან, დასკვნები სახელმწიფოსა და კომპანიებისთვის განსხვავებულია. სახელმწიფოს გადმოსახედიდან ეს ნიშნავს, რომ ათ-თხუთმეტ წელიწადში ქვეყანამ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ნავთობზე დამოკიდებულება. კომპანიებს კი სულ სხვა ამოცანა აქვთ: მათ უნდა მოასწრონ ნავთობის ბიზნესის დივერსიფიცირება სხვა მიმართულებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება, მაგრამ დისკუსიის დაწყება აუცილებელია.

მთავარი თემები