თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. გასული წლის განმავლობაში რუსეთმა ნავთობის მოპოვების მხრივ პოსტსაბჭოთა რეკორდი დაამყარა, იუწყება სააგენტო Bloomberg−ი.
სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს რუსეთმა 560,2 მლნ ტონა ნავთობი მოიპოვა, რაც 11,25 მლნ ბარელის ეკვივალენტია დღე−ღამეში. ამასთან, რეკორდულ 1987 წელს ქვეყანა დღეში 11,416 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა.
დეკემბრის ბოლოს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ უწყების პროგნოზის თანახმად, ნავთობის მოპოვება რუსეთში 0,7%-ით გაიზრდება და 2020 წელს 555-565 მლნ ტონას შეადგენს.
სამინისტროს ენერგოსტრატეგიის პროექტი ითვალისწინებს, რომ ნავთობისა და გაზის კონდესატის მოპოვება რუსეთში 2024 წლამდე 555–560 მლნ ტონას შეადგენს წელიწადში, ხოლო 2035 წლამდე — 490-555 მლნ ტონას.