13:49 03 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4381
  • 100 RUB4.3310
  • USD3.0463
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
57 0 0

სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი როსტისლავ იშჩენკო „ნორმანდიულ ფორმატში“ პარიზის შეხვედრას მიმოიხილავს

როსტისლავ იშჩენკო

უკიდურესად საინტერესო იყო უკრაინული დელეგაციისთვის — პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი შიდაპოლიტიკური ნაციონალ-რადიკალი ოპონენტებისთვის თვალყურის დევნება პარიზში „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრაზე. უკრაინის დელეგაცია თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებას ასხივებდა. ზელენსკის გამუდმებით ახსოვდა თავისი  ნაციონალ-რადიკალები (მართალია, ის პარიზში იყო, მაგრამ ხომ მალე შეხვდებიან კიევში). რადიკალები კი კიევიდან ცდილობდნენ, შეეჩერებინათ ის, რაც „კაპიტულაციად და სირცხვილად“ მიაჩნდათ.

კაპიტულაციის ამბავში მაინც და მაინც დარწმუნებული არ ვარ. უკრაინა ჯერ ისევ ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას. რეალურად ზელენსკის მხოლოდ მინსკის შეთანხმების უალტერნატივოდ ცნობა აიძულეს და მანაც განაცხადა, რომ საკუთარ პოზიციას შემდგომ შეხვედრებზე დაიცავდა. აი სირცხვილის თაობაზე კი ისინი მართლები არიან. 

მოსკოვი, ბერლინი და პარიზი სოლიდარულები იყვნენ 

რა თქმა უნდა, ეს გუშინ არ დაწყებულა. „მინსკის სირცხვილის“ მწარე ფიალა პირველმა ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკომ შესვა.  მაგრამ მაშინ ეს ისე თვალშისაცემი არ იყო. ჯერ ერთი, როდესაც პოროშენკო მინსკის შეთანხმებას აწერდა ხელს, უკრაინული არმია ფაქტობრივად განადგურებული და გაქცეული იყო, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაწყებულიყო პანიკა მაიდანის მომხრეებს შორის. არჩევანი კეთდებოდა მცირეოდენის შენარჩუნებასა და ყველაფრის დაკარგვას შორის. და მეორეც: იმ შორეულ დროს პარიზი და ბერლინი უკრაინის მხარეს იდგნენ და ყველაფერში თავს უკრავდნენ კიევს. პოროშენკოს იმედი ჰქონდა, რომ შეთანხმებას პერსპექტივაში გადახედავდა ან თავისებურად წაიკითხავდა.

ახლანდელ შეხვედრაზე კი ზელენსკი მარტოობაში აღმოჩნდა. რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო კონფლიქტის დარეგულირების ფორმატის თაობაზე პრაქტიკულად ერთიანი, შეთანხმებული პოზიციით წარსდგნენ.

უკრაინამ თავად შექმნა ამგვარი სიტუაცია. რამდენიც უნდა უხსნა უკრაინელ პოლიტიკოსებს, რომ დრო იცვლება, რომ დღევანდელი მოკავშირეები ხვალ შესაძლოა მოწინააღმდეგეებად იქცნენ, რომ საგარეო მხარდაჭერა კარგია მაშინ, როდესაც ის კი არ ცვლის საკუთარი ძალებზე დაყრდნობას, არამედ მისი დამატება ხდება. უკრაინას კვლავაც სწამს, რომ დასავლეთი ყოველთვის უსიტყვოდ დაუჭერს მხარს ნებისმიერ რუსოფობიულ რეჟიმს, რომ შეიძლება უბრალოდ გადააბარო დასავლეთს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა. დასავლეთი ძლიერია, ის დაგვიცავს. შედეგად, როდესაც დასავლეთის მიერ სიტუაციის შეფასება იცვლება, უკრაინა მარტოობაში რჩება.

ვიმეორებ: უკრაინამ თავად შექმნა ვითარება, როდესაც გარე ძალები კარნახობენ მას, როგორ უნდა გადაჭრას საშინაო პრობლემები. კიევის ვარაუდით, „ნორმანდიულ ფორმატში“ მოკავშირეებთან ერთად მოახდენდა ზეწოლას რუსეთზე. მაგრამ მოკავშირეები სწრაფად მიხვდნენ, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ძვირი დაუჯდებოდათ. ზელენსკის მისი დიპლომატები და ბიუროკრატები აღუთქვამდნენ, როგორც კი იტყვი, რომ „ახალი, წესიერი პრეზიდენტი“ ხარ და კორუფციონერი პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი მინსკის შეთანხმებების გადახედვა გსურს, რომ საფრანგეთი და გერმანია მაშინვე შენ მხარეს დადგებიანო. სინამდვილეში კი მერკელმა და მაკრონმა უბრალოდ კი არ დაუჭირეს მხარი რუსეთის პოზიციას, არამედ პუტინზე მეტად აწვებოდნენ უკრაინას. 

ზელენსკი — რადიკალების „მძევალი“ 

მას შეეძლო კარი გაეჯახუნებინა და ეთქვა, რომ ასეთი ფორმატი არ სჭირდებოდათ, მაგრამ „ნორმანდიული ფორმატი — ეს უკრაინისა და დასავლეთის ერთიანობის უკანასკნელი მატერიალური მტკიცებულებაა, რისი წარდგენაც შეიძლება საკუთარი ხალხისთვის. და თუ მას სიმართლეს ეტყვი, რომ ევროპა (პარიზისა და ბერლინის სახით) უკვე რუსეთის მხარეს თამაშობს, ხალხს კანონზომიერად გაუჩნდება კითხვა, რას ეწირებოდნენ ადამიანები, რისთვის იშლებოდა სახელმწიფო და საზოგადოება, ნადგურდებოდა ეკონომიკა, თუ „ევროპამ გაგვყიდა“ და „ნათელი მომავალი“ არასდროს დადგება, უკრაინა არ იქნება ევროკავშირში, ხოლო უკრაინელები გერმანელებივით კი არ იცხოვრებენ, არამედ ალბანელებივით იმუშავენ.

მაიდანის მომხრეები აქამდე ყველაფერს პატიობდნენ თავიანთ ლიდერებს იმის იმედად, რომ ევროკავშირში მალე შევიდოდნენ და ამის შემდეგ ყველა უბედურება ხელის ერთი მოსმით დასრულდებოდა. ახლა კი გაირკვა, რომ უბედურებები ჯერ არც დაწყებულა და ეს მხოლოდ „წავარჯიშება“ იყო. 

მოკლედ, ზელენსკის უწევს მოითმინოს და ისეთი სახე მიიღოს, რომ თითქოს ყველაფერი მოსწონს. მას არ შეუძლია შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და მშვიდობა დაამყაროს დონბასში (ამიტომაც აქცევენ ზურგს მომხრეები), ან უზრუნველყოს (ობიექტური მიზეზებით) ევროპული მხარდაჭერის თუნდაც ის დონე, რომელიც პოროშენკოს დროს იყო. ნაციონალ-რადიკალები გამუდმებით ეჭვობენ მის მოღალატეობაზე. მას არ შეუძლია მინსკის შეთანხმებების შესრულება, როგორც ამას „ნორმანდიული ფორმატის“ პარტნიორები მოითხოვენ და არ შეუძლია უარი თქვას მათ შესრულებაზე. ის ვითარების მძევალია და მას არ აქვს არც გამოცდილება და არც კვალიფიკაცია საიმისოდ, რომ ვითარება თავის სასარგებლოდ გარდატეხოს.

ყოველივე ეს ჩვენ პარიზის შეხვედრაზე ვიხილეთ და ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში ის შედეგიანი ვერ იქნებოდა. უფრო მეტიც, ზელენსკის საკუთარ თავზეც რომ აეღო მინსკის შეთანხმების დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი შესრულების ვალდებულება, ის ამას უბრალოდ ვერც გააკეთებდა. ის ან უარყოფდა ამ ვალდებულებას უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, ან რადიკალები უარყოფდნენ თავად მას. 

იქნება თუ არა შედეგი საახალწლოდ? 

იგივე შეიძლება ითქვას გაზის საკითხზეც, რომელიც პარიზში იგივე წარმატებით განიხილებოდა, როგორითაც მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხისა. თანაც რუსეთის პოზიციას მარტო გერმანიამ კი არა, საფრანგეთმაც დაუჭირა მხარი. კიევმა არ დათმო, მაგრამ მას არც პერსპექტივა აქვს — ევროპა ტრანზიტის უზრუნველყოფას მოითხოვს. 

ზელენსკის მცირე გადავადება მისცეს. ოთხი თვის შემდეგ კვლავ შეხვდებიან, თუ უკრაინა „მინსკის“ გზაზე მოძრაობას დაიწყებს. ვფიქრობ, რომ კიევის უნარი, უზრუნველყოს რუსული გაზის უწყვეტი ტრანზიტი ევროკავშირში, არანაკლებ როლს შეასრულებს საკითხის გადაჭრაში მომდევნო შეხვედრაზე. პირველი შედეგები (დაკავებულებიდან „ყველას ყველაზე“ გაცვლა და გაზის პრობლემის გადაჭრა) უკრაინამ ახალ წლამდე უნდა დადოს. მოსწრება შეიძლება, მაგრამ მოისურვებს კი კიევი რაიმეს გაკეთებას ამ მიმართულებით?  

ზელენსკიმ არჩევანი „ნორმანდიული ფორმატის“ გადაწყვეტილებების შესრულებასა და თავის რადიკალებთან ბრძოლას შორის უნდა გააკეთოს. ვშიშობ, რომ არჩევანის გაკეთებაზე ის არ წავა.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას! 

მთავარი თემები