თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამსტერდამში წარმატებით ჩაიარა რუსულ „გაზპრომთან“ დავაზე სასამართლო მოსმენამ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების იძულებით შესრულების თაობაზე, აცხადებს უკრაინული კომპანია „უკრაინის ნაფტოგაზი“.
„მოსმენებმა ჩვენთვის წარმატებულად ჩაიარა და ამიტომ ველოდებით სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევუდგეთ „გაზპრომის“ მანამდე დაყადაღებული აქტივების რეალიზაციას“, — ნათქვამია უკრაინული კომპანიის Twitter-ზე.
Закінчили слухання в Амстердамі щодо визнання та примусового виконання рішення Стокгольмського арбітражу.
— Нафтогаз України (@NaftogazUK) December 4, 2019
გარდა ამისა, „ნაფტოგაზში“ აცხადებენ, რომ სასამართლომ განსაზღვრა გადაწყვეტილების მოსალოდნელი თარიღიც — 2020 წლის 25 თებერვალი.
სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში გამოიტანა გადაწყვეტილება „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ დავაზე – გაზის მიწოდებასა და ტრანზიტზე, და დაავალდებულა რუსული კომპანია, გადაუხადოს უკრაინულ კომპანიას 2,56 მლრდ აშშ დოლარი. „გაზპრომმა“ გადაწყვეტილება 2018 წლის მარტში გაასაჩივრა, ხოლო მაისში „სატრანზიტო“ გადაწყვეტილების სრულად გაუქმება მოითხოვა. მაგრამ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს შვედეთის სვეას ოლქის სასამართლომ საბოლოო უარი უთხრა „გაზპრომს“ აპელაციაზე, გასაჩივრების უფლების გარეშე.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედ კონტრაქტებს გაზის ტრანზიტისა და მიწოდების თაობაზე დეკემბრის ბოლოს გასდის ვადა. რუსეთი, უკრაინა და ევროკომისია სამმხრივ კონსულტაციებს აწარმოებენ მიწოდების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
ოქტომბერში რუსეთმა უკრაინას ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების გაუქმება შესთავაზა, მაგრამ „ნაფტოგაზმა“ ეს იდეა უარყო. საერთო ჯამში „ნაფტოგაზი“ „გაზპრომისადმი“ პრეტენზიებს 22 მლრდ დოლარად აფასებს.