11:39 15 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
თბილისის ქუჩებში

IRI-ს კვლევები თვალის ერთი გადავლებით – რაზე მიუთითებს სოციოლოგია

© Sputnik / Alexander Imedashvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
15511

რა არის რეალური პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვის და როგორ პოლიტიკურ ძალას გაჰყვება ხალხი? რატომ შემცირდა 5 პროცენტით ეკლესიის რეიტინგი სინოდის სკანდალურ სხდომამდე და რატომ ჩავარდა პროპორციული სისტემა?

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ, და სამართლიანადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს, მაგრამ ისინი მიახლოებით მაინც ასახავენ ხოლმე ხალხის რეალურ განწყობას. დღეს გამოქვეყნებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებით კი ხელისუფლების რეიტინგი სერიოზულადაა შემცირებული 20 ივნისის შემდეგ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ნეგატიურადაა განწყობილი პრეზიდენტის, ხოლო 49% – პრემიერ გახარიას მიმართ, პარლამენტის თავმჯდომარე 25% მოსწონს, ხოლო 50%-ს არ მოსწონს.

უფრო საინტერესო კი პარტიების რეიტინგებია. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე მმართველი პარტიაა.

23% მას უპირობოდ უცხადებს ნდობას. თუმცა თუ ადმინისტრაციულ რესურსს გავითვალისწინებთ, ეს რიცხვი მინიმუმ 30% უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს არც საჯარო სივრცეში ემხრობა ყველა. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ პოზიციები ძალიან საინტერესოდ გადანაწილდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს 15%-ის სახით. „ევროპულ საქართველოს“ მოსახლეობის 5% უჭერს მხარს, ისევე, როგორც ლეიბორისტულ პარტიას. 4% მხარს „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერს, 3% – ბურჯანაძეს, 2% – „ლელოს“, „გირჩს“ და „შენების მოძრაობას“ – 1-1%, 3% – ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“. მოსახლეობის 32%-მა არ იცის ან არ ამჟღავნებს, ვის უჭერს მხარს.

ამ პროცენტებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ მომავალ პარლამენტში რეალურად კოალიციურ მთავრობას ვიღებდით პროპორციული სისტემით. ისიც საკითხავია, ვინ ვის აჯობებდა ვაჭრობაში. რომ არა პროპორციული სისტემა, ოპოზიცია ასე ერთსულოვნად ვერ გაერთიანდებოდა. ახლა კი მათი ჯამური რეიტინგი 41% გამოდის, ხოლო „ოცნების“ – 23%.

სოციოლოგია პირდაპირ ყვირის, რომ ოპოზიციაც უძლური და დისკრედიტირებული გვყავს. ამბობს ეს ბრძენი ქართველი ხალხი, ეკონომიკურ ხედვებს და პროგრამას ვინც წარმოგვიდგენს, იმას გავყვებითო და ეს ოპოზიცია აქციების, პიკეტებისა და ბოქლომების მეტს ვერაფერს გვთავაზობს და 90-იანებში გვაბრუნებს. თუ ბიჭები ხართ, შეიკრიბეთ, დადეთ საქართველოს განვითარების რეალისტური გეგმა და პროგრამა, მერე მოიარეთ ფეხდაფეხ მთელი საქართველო, ჩამოართვით 3 მილიონ ადამიანს ხელი და ნახავთ, რომ არჩევნების მოგება ყველა საარჩევნო კოდექსითაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ტელეეთერებიდან ღაღადი უფრო იოლია.

IRI-ს კვლევებში კიდევ არის ერთი სასიხარულო ინფორმაცია. გამოკითხვით, ნდობის მიხედვით პირველ ადგილზე ქართული არმიაა 86 პროცენტით, მეორე ადგილზეა ეკლესია 85 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ქართული მასმედია 72 პროცენტით. სხვათა შორის, დიდი ხანია, მასმედიას ასეთი რეიტინგი აღარ ჰქონია.

მოკლედ, ხალხი გაბრაზებულია და არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც რუსთაველზე ჭიდაობის ნაცვლად შიმშილის, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გამოიყენოს, თორემ საზოგადოება ყველა მხარეს ერთ მშვენიერ დღეს მოსთხოვს პასუხს – რაში უხდიან ფულს გადასახადის გადამხდელები.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

მთავარი თემები