თუ ამ ხალხს ირმა ინაშვილი და ზვიად ძიძიგურის კონსერვატორებიც შეუერთდნენ, აღარც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ჩუგოშვილი და ხულორდავა ხალხთან ჩამოვიდნენ და, თუ მთლად კარვებში არ გაათევენ ღამეს, დღისით მაინც დაუდგნენ გვერდით ელენე ხოშტარიასა და თინა ბოკუჩავას.
როგორც ჩანს, დასავლურ ორგანიზაციებს მაინც იმედი ჰქონდათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ლამაზად და ხავერდოვნად, პროპორციული არჩევნებით შეცვლიდნენ. არ გამოდის ეს ისეთ ქვეყანაში, სადაც დეპუტატობა და მთავრობის წევრობა, ლამისაა, ყველა პრივილეგიასთან ასოცირდება.
თუმცა დასავლელი ექსპერტები მაინც არ ელოდნენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასე დღისით-მზისით უარყოფდა საკუთარ სიტყვებს. საინტერესოა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ნინო წილოსანი და თენგიზ ხუბულური დამოუკიდებლად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას – მიეცათ თუ არა ხმა კანონპროექტისთვის. აი, ბესელიას მიერ ინიცირებულ მოსმენების კანონპროექტზე თავის დროზე სწორედ პარტიის ხელმძღვანელობა ურეკავდა დეპუტატებს – ხმა მიეცითო და შემდეგ ურჩებთან საქმეში სხვა ორგანოები ერთვებოდნენ.
ახლა კი ასეთი ძალისხმევა არ ყოფილა. მოხდა კი პირიქით. უბრალოდ, ამ პროცესმა გამოაჩინა, ვის აქვს რეალური გავლენები „ოცნებაში“, ვისი პოლიტიკური კარიერა არ გასწირეს და ხმა მიაცემინეს პროპორციული არჩევნებისთვის და ვინ იბრძვის გადარჩენისათვის და არ აქვს სამომავლო გარანტიები.
„ქართული ოცნების“ ის ნაწილი, რომელიც გუშინ პარტიიდან წამოვიდა, კვირიკაშვილის გუნდადაა ცნობილი, თუმცა, მაგალითად, თამარ ჩუგოშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილის რჩეული იყო.
დღესვე გაირკვა ორი მეტად მნიშვნელოვანი ამბავი. ერთი, რომ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს საპარლამენტო ფრაქციის შექმნას. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე პარლამენტში ახალი პროდასავლური ფრაქცია დარეგისტრირდება. გარდა მმართველი პარტიიდან გუშინ წასული დეპუტატებისა, ფრაქციას შეუერთდებიან ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი. სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებენ კონსერვატორებიც, თუ ასეთი შეთანხმება შედგა ბიძინა ივანიშვილთან, რომ მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. რისი 3-პროცენტიანი ბარიერის გადამლახავი არიან, მაგრამ იმავეს აპირებენ გია ჟორჟოლიანი და მწვანე გია გაჩეჩილაძეც. თუმცა რა სარგებლობა მოუტანა მათი პარლამენტში 8-წლიანმა ყოფნამ საქართველოს მოსახლეობას, ძნელი სათქმელია.
მეორე მნიშვნელოვანი ამბავი კი ისაა, რომ დღეს აშშ-ის საელჩოში გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, დავით უსუფაშვილი და მამუკა ხაზარაძე მიიწვიეს. აი, რეალურად ესაა ის ხალხი, ვისზეც, მათ გუნდებთან ერთად, ფსონს დადებს მომავალში დასავლეთი პარლამენტში მყოფ ჩუგოშვილსა და ასევე გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. არც შალვა ნათელაშვილის რეიტინგია ხელწამოსაკრავი, რადგან დღევანდელი კვლევებით ის თავისუფლად ხვდება პარლამენტში 3-პროცენტიანი ბარიერის არსებობის შემთხვევაშიც.
აი, საახალწლოდ კი პარლამენტში ნამდვილად ახალი კონფიგურაცია შედგება. უკვე რამდენიმე კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. გაბრაზებული მაჟორიტარებისთვის ამ პოსტების მიცემა „აღიარებითი ჩვენება“ იქნება. ჰოდა, რადგან უმრავლესობაში მართლაც ცოტაა სპიკერი და ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე, ახლა ვოლსკისა და გუგული მაღრაძის დრო დადგა. სწორედ მათ შეუძლიათ დაიკავონ განათლების კომიტეტისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების სავარძლები. მართალია, წესით, მოვალეობას კომიტეტში პირველი მოადგილე უნდა ასრულებდეს, მაგრამ ამ კომიტეტებში მოადგილეებიც კვირიკაშვილის კლასელები და ახლობლები არიან.
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს არ უმხელენ, მაგრამ არჩევნები ალბათ მართლაც გაზაფხულზე ჩატარდება.
აბა, 1500 შეხვედრა რისთვის ჩაატარეს მაჟორიტარებმა რეგიონებში? ან ამდენი პროექტის დაანონსება რა იყო და ამხელა სარეკლამო თანხა რაში დაიხარჯა?
სავარაუდოდ, ჩავარდება ბიუჯეტიც და ოცნებაც პენსიების 300 ლარამდე ზრდის შესახებ.
ამ პირობებში მაჟორიტარული სისტემით, ბუნებრივია, მმართველ პარტიას არჩევნების მოგების მეტი შანსი აქვს, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ კამპანიას ჩაატარებს და რა თანხები ჩაიდება ოპოზიციის წინასაარჩევნო ძალისხმევაში.
ხელისუფლების შეცვლა ყველა საარჩევნო სისტემითაა შესაძლებელი. ეს 2012 წელსაც გამოჩნდა. არსებობს კიდევ ერთი, რევოლუციური გამოცდილება, თუმცა ქუჩის პროცესები ყოველთვის ვარდებითა და ხავერდოვანი გადატრიალებით არ სრულდება. 1991 წლის მსგავს დაპირისპირებას კი ჩვენი მყიფე სახელმწიფო ვერ გადაიტანს. ასე რომ, დიდ პოეტს დავესესხები: „ჭკუით, ქართველებო!" და ეს ხელისუფლებასაც ეხება და ოპოზიციასაც.