08:50 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
ნატო-ს დროშა

ნატოს ლონდონის სამიტის მოლოდინში: რა ბედი ელის ალიანსს

© Sputnik / Alexander Imedashvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

ლონდონის ნატოს სამიტი სამი არათავსებადი თვალსაზრისის შეჯახების არენად იქცევა, რომლებიც დასავლეთის სამომავლო სამხედრო ურთიერთქმედებას შეეხება. ანალიტიკოსი ივან დანილოვი ორ მოსალოდნელ სცენარზე საუბრობს.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებამ, რომ ნატოს „ტვინი მკვდარია“, ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებაში ჯაჭვური რეაქცია და ოფიციალური გერმანიის მრისხანე პასუხი გამოიწვია. თუმცა მთავარი შედეგი ისაა, რომ ახლა ლონდონის ნატოს სამიტს დასავლელი ექსპერტები აღიქვამენ როგორც ერთგვარ სამედიცინო კონსილიუმს, რომლის ფარგლებშიც იქნება განხილული სავალალო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი „ნატოს“ შემდგომი ბედი. 

ჯერჯერობით არავის წარმოუთქვამს სიტყვა „ევთანაზია“, მაგრამ იმათი ისტერიკიდან გამომდინარე, ვინც ცდილობს დაამტკიცოს, რომ მაკრონი ცდება, საკითხი, თუ რა უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქმედუნარიანობის საზღვრებს საბოლოოდ გასცდება, უკვე ტრიალებს არა მარტო პარიზის ჰაერში, არამედ ევროპის საინფორმაციო ველშიც. 

სააგენტო „როიტერი“ მაკრონის რიტორიკით ბერლინის უკმაყოფილების შესახებ წერს, ბრიტანული პრესა კი, რომელიც ახლა ლონდონის სამიტის საინფორმაციო მხარდაჭრითაა დაკავებული, ექსპერტებს ცეცხლზე ნავთს უსხამს. ტაბლოიდ Express-ს ნატოს დაგეგმარების საკითხებში ყოფილი დირექტორის ფაბრის პოტიეს სიტყვები მოჰყავს: „ბევრად კონსტრუქციული იქნებოდა, მაკრონს რომ მზადყოფნა გამოეთქვა იმაზე დასაფიქრებლად, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ფრანგული იარაღი დანარჩენი ევროპის დასაცავად, რომ ევროპას შეუძლია საფრანგეთის შემკავებლობის იმედი ჰქონდეს. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. საფრანგეთს აქვს საკუთარი წარმოდგენა იმაზე, თუ სად და როდის იქნება გამოყენებული მისი ბირთვული იარაღი. როგორ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ნატო თამაშში რამენაირი ალტერნატივის შეუყვანლად?“

მაკრონის მიმართ ნატოს მაღალჩინოსნის (თუნდაც ყოფილის) მიერ გამოთქმული ეს ბრალდებები ნამდვილი ბედის საჩუქარია მათთვის, ვისაც პარიზსა და ბრიუსელს შორის (ასევე ვაშინგტონთან) კონფლიქტის არსში წვდომა სურს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოსა და პირადად დონალდ ტრამპს ყველაზე მტკივნეულ წერტილში „წაუთაქა“. გარდა ნატოს „მკვდარი ტვინის“ შესახებ განცხადებისა, ის იმაშიც დაეჭვდა, რომ აშშ მზადაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლითაა გათვალისწინებული.

თუ მაკრონის პოზიციას დიპლომატიური და ძალიან თავაზიანი ფრანგულიდან სალაპარაკო ენაზე გადავთარგმნით, ყველაფერი იმ ეჭვამდე მიდის, რომ ვაშინგტონი, რამე რომ იყოს, უბრალოდ „გადააგდებს“ მოკავშირეებს.

ქვეტექსტი, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს ევროპული მედია (კერძოდ, BBC), ასეთია: ტრამპის მზაობა, ჩააბაროს სირიელი ქურთები, რომლებსაც ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, დიდი ალბათობით, უფრო სისუსტედ და დაცვის სურვილის არქონად აღიქმება. მაკრონმა გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება და სკანდალურ ინტერვიუში თავისი პოზიცია ლოგიკურ თეზისამდე დაიყვანა, რომ ნატო „მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ინსტანციის გარანტი ფუნქციონირებს. ჩვენ უნდა გადავხედოთ რეალობას, თუ რას წარმოადგენს ნატო შეერთებული შტატების ვალდებულებათა ფონზე“.

რა თქმა უნდა, ქურთული ფორმირებები არ გვევლინებიან ალიანსის შეთანხმებაზე ხელმომწერებად, მაგრამ, კრიტიკოსების თვალსაზრისით, ეს არ აბათილებს აშშ-ის მიმართ პრეტენზიებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თავად ტრამპი საჯაროდ ეჭვქვეშ აყენებდა ამერიკის მხარდაჭერას იმ ნორმისადმი, რომელიც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიურ დაცვას ეხება.

ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, აბრაზებს ნატოს ფუნქციონერებს. და მართალია ფაბრის პოტიე, როდესაც აცხადებს, რომ „როგორც კი ნატოსადმი ნდობა დაინგრევა, უნდა დაივიწყოთ, რამდენი ტანკი და თვითმფრინავი გყავთ — თამაში უკვე დამთავრებული იქნება“.   

მაგრამ მაკრონს სწორედაც რომ „თამაშის დამთავრება“ სურს და ამიტომაც „ანგრევს ნატოსადმი ნდობას“: მას სჭირდება გაუთავისუფლოს გზა საკუთარ გეოპოლიტიკურ პროექტს — საერთო ევროპულ არმიას.

ფაქტობრივად, ლონდონის ნატოს სამიტი სამი არათავსებადი თვალსაზრისის შეჯახების არენად იქცევა, რომლებიც დასავლეთის სამომავლო სამხედრო ურთიერთქმედებას შეეხება. 

აშშ-ის წარმომადგენლები ევროკავშირისგან მოითხოვენ, რომ სამხედრო ხარჯებისთვის მათ მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ის გადახდა დაიწყონ — ანუ, ფაქტობრივად, ნატოს შესანახად და ამერიკული იარაღის შესაძენად. გერმანიის წარმომადგენლები კვლავ დაიწყებენ მტკიცებას, რომ ხარჯების გაზრდა საჭირო არ არის და, ამასთან, შეუდგებიან ვაშინგტონისა და პარიზის კრიტიკას ეგოიზმისთვის; საფრანგეთის წარმომადგენლები გალანძრავენ ნატოს და შეეცდებიან წარმოაჩინონ ევროპული არმია (აშშ-ის და, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის გარეშეც) იმისთვის, რომ ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს, ხორცი შეასხას მაკრონის სტრატეგიულ ხედვებს, რომელსაც სურს, რომ ევროკავშირმა თავი „ცალკე  გეოპოლიტიკურ ძალად გააცნობიეროს და თავად გააკონტროლოს საკუთარი ბედი“. 

იოლი შესამჩნევია, რომ ყველასთვის ხელსაყრელი კომპრომისის მოძებნა, რომელიც ყველა პოზიციას ერთ მთლიანობაში მოაქცევდა, შეუძლებელია. ხოლო პოლიტიკა — ეს მაინც შესაძლებელის ხელოვნებაა.

ნატო შიგნიდან კვდება, თანაც არა ქურთების ისტორიის ან თურქეთის პრობლემების გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი ძირითადი წევრები ალიანსს ნატეხებად გლეჯენ თავიანთი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად, რომლებიც არანაირად არ უთავსდება დანარჩენი წევრების ინტერესებს.

ლონდონის ისტორიული სამიტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება, რეალურად ორიდან მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს: ალიანსის წევრები ან საბოლოოდ წაეჩხუბებიან ერთმანეთს, ან საჯაროდ მოგვაჩვენებენ, რომ ალიანსის გადარჩენა შესაძლებელია.

და თუ რუსულ საფრთხეებთან ბრძოლის მორიგ შეტევას ნატოს კონსოლიდაციამდე არ მიჰყავს საქმე, ესე იგი, ჩრდილოატანტიკურ ალიანსს აღარაფერი ეშველება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

მთავარი თემები