02:57 26 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0349
  • 100 RUB4.1725
  • USD2.6822
ევრო

„დავიწყებული“ კლიენტის ფიქრები − სესხის ამღები ვეღარ ვიქნები?!

CC0 / Pixabay / Alexas_Fotos
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
763 0 0

საფინანსო ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა! როგორ ავიღოთ სესხი ახალი რეგულაციების პირობებში, საკრედიტო ვადები და მომსახურების კოეფიციენტები...

სამსონ ხონელი

გაახარებს ღმერთი, ვინც ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა მოიგონა! ნაახალწლევს ფულის ადვილად სესხების შანსი შემცირდა. არადა, დეკემბრის თვის სადღესასწაულო ხარჯებს თუ გავითვალისწინებთ, ცდუნების ალბათობა ხომ დიდია. სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს, მოგახსენებთ, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად, მობილური ტელეფონის მესიჯბოქსით, წინასწარ დამტკიცებული კრედიტი არავის შემოუთავაზებია.

დაგისვენია! − შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და ჩამეძიოს როგორ დავიმსახურე კომერციული ბანკების უყურადღებობა. მეც ვეცდები შეძლებისდაგვარად განვმარტო საფინანსო სექტორში დადგენილი  თამაშის ახალი წესები.       

საქართველოს ეროვნული ბანკის დებულებით, მიმდინარე წლის პირველივე დღიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ დებულების პროექტზე მუშაობა, ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო, როცა დაგეგმილი რეგულაციების ძირითადი პრინციპები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შემდეგ უკვე აქტიური შეხვედრები გაიმართა როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ქვეყნის მთავარი ბანკირის, კობა გვენეტაძის  განცხადებით, მრავალთვიანი კონსულტაციების პროცესში გამოთქმული შენიშვნები, მოსაზრებები და წინადადებები დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში აისახა. „ჩვენი მიზანია ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება, ეს კი თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს“, − ბრძანებს ეროვნული ბანკის პრეზიდენდი და იქვე დასძენს, რომ  ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში დაინერგა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის − უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, ჩეხეთში და ესტონეთში.  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე: „რეგულაციები სავალდებულოა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის. საფინანსო-საკრედიტო სტრუქტურა ვალდებულია სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და ისე გასცეს კრედიტი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ  ყოველთვიური გადასახდელი და უზრუნველყოფის ღირებულება არ უნდა ვაღემატებოდეს ეროვნული ბანკის დებულებით დადგენილ ზღვრებს. კოეფიციენტები განსხვავებულია ადგილობრივი და უცხოური ვალუტის კრედიტებისთვის. ეს მიზნად ისახავს, როგორც მსესხებლების ისე ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან...“

ერთი სიტყვით, სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე კრედიტის გაცემა აეკრძალათ. სესხის გამცემი სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მოქალაქეს არა აქვს. ამასთსან, საბანკო სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის დებულების თანახმად, მსესხებლის ყოველთვიურ შემოსავლებსა და ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა სესხის გაცემის თარიღისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს. ბოლო მონაცემებით კი საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარია. გარდა ამისა, დადგინდა სხვადასხვა ტიპის სესხის ხანგრძლივობის ვადები.

კერძოდ, იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა თხუთმეტი წელია; უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა ათი წელი შეიძლება იყოს; ავტოსესხის მაქსიმალური ვადა კი ექვსი წელია. ყველა სხვა ტიპის სესხის ხანგრძლივობა ოთხ წელს არ უნდა აჭარბებდეს... ასევე, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც. 1000 ლარის ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის ვალდებულების მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35 პროცენტი უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1000 ლარი, ყოველთვიურად დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა ასცდეს. 1000-2000 ლარამდე შემოსავალზე კრედიტის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 45 პროცენტია; 2000-4000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში – 55 პროცენტი, ხოლო თუ შემოსავალი 4000 ლარი და უფრო მეტია, სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60 პროცენტია. სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი დაბალია არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის. 1000 ლარის ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, კრედიტის მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტია; 1000-4000 ლარის შემთხვევაში – 30 პროცენტი; 4000 ლარის ან უფრო მეტი შემოსავლის შემთხვევაში კი უკვე – 35 პროცენტი. ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ მას შემოსავალი ლარში აქვს და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს. ჰეჯირებული მსესხებლებისთვის განსაზღვრული კოეფიციენტები იმ მსესხებლებზეც ვრცელდება, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო სესხს ლარში იღებენ.

სავარაუდოდ, სწორედ სესხის მომსახურების ახალი კოეფიციენტების გამო დამივიწყეს სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, მათ ახალი რეგულაციების შემოღებამდე „იზრუნეს“ ჩემზე, თუმცა ვეჭვობ, რომ გამონაკლისი ვიყო. ექსპერტები წინასწარ ვარაუდობდნენ კიდეც, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს, ახალ რეალობაში, გაურთულდებოდათ სესხის აღება. მაგრამ ანალიტიკოსების უმრავლესობა რეგულაციებს პოზიტიურად აფასებს.

კარგად „დავიწყებული“ კლიენტის პოზიციიდან ვიტყვი, რომ ცვლილებები დაგვიანებული თუ არა, დროული იყო, რადგან ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი სესხების მომსახურებაზე მიდის, სახეზეა გადახდისუნარიანობის პრობლემა, რაც აფერხებს ეკონომიკის ზრდას. ჭარბვალიანობის სულ უფრო მზარდ რისკზე მიუთითებს ქვეყანაში უძრავი და მოძრავი ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვის მატებაც. საქსტატის მონაცემებით გასული წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ, თითქმის, თექვსმეტი ათასით მოიმატა... ვნახოთ, დაველოდოთ რას მოიტანს თამაშის ახალი წესები...

 

მთავარი თემები