დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს, საქართველოს ხელისუფლებისგან დიდი ხანია ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ხელისუფლებას ვადა მარტამდე ჰქონდა კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. საბოლოოდ ამ თემაზე ინიციატივა მაინც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აიღო. მას ღრმად სწამს, რომ სამინისტროების გენინსპექციების გარდა ამ საქმით მხოლოდ გამოძიების დონეზე რომელიმე უწყება, მაგალითად, დამოუკიდებელი ინსპექტორი შეიძლება დაკავდეს, მაგრამ დევნისა და დაკავების უფლება ისევ პროკურატურის კომპეტენციაში უნდა დარჩეს.
ახალი ინსტიტუტი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და მას სათავეში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ჩაუდგება. სხვათა შორის, ამით ხელისუფლებამ საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა იმ მხრივ, რომ ქალდანი, რომლის კარიერაში ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ დიდი ადგილი უჭირავს, მისაღებია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ასევე ხელისუფლებისათვის, რადგან უკვე მეორე ვადითაა არჩეული პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორად და ძალიან ჩუმად და მიზანმიმართულად მუშაობს. ანუ, სკანდალური განცხადებები და დისკომფორტის შექმნა ხელისუფლებისთვის მისი სტილი არაა. შესაბამისად, თუ რომელიმე სამართალდამცველის მიმართ რაიმე დარღვევა დაფიქსირდა, ისიც წყნარად და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე იქნება გამოძიებული და დადგენილი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიციელთა მიერ ადამიანთა წამების ან წამებასთან დაკავშირებული გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების ფაქტები ისევ ფიქსირდება. 2015 წელს სახალხო დამცველმა პროკურატურას სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის 9 ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა. დღემდე წუხილის საგანია წინასწარი გამოძიების იზოლატორში დაკავებულთა დაზიანებების ფაქტები. მართალია, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის საქმიანობა იმედისმომცემად გამოიყურება, მან ადამიანის უფლებათა დაცვაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და სპეციალური დეპარტამენტი კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ მთავარი აქ მაინც ნდობაა.
ნდობის მოპოვებას კი წლები სჭირდება. ეს კი განსაკუთრებით სწორედ პროკურატურას სჭირდება, რომელიც კონკრეტული საქმეების განხილვის დროს საკმაოდ დაზარალდა იმიჯის თვალსაზრისით.
ოპოზიცია ასევე გამუდმებით აყენებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხს, რასაც ისინი უფრო რეგლამენტით გამოსვლებისა და ხელისუფლების ლანძღვა-გინებისთვის იყენებენ, ვიდრე რეალური საქმის დასაწყებად და გამოსაძიებლად. გამოძიების ფორმები და მეთოდები ოპოზიციის ნაწილმა ძალიან კარგად უწყის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის პარლამენტის დონეზე შექმნის მხოლოდ ორი შემთხვევა ვიცით. ერთხელ, როდესაც შოთა კვირაია ისე გაძლიერდა და გადავიდა საზღვრებიდან, რომ გაზეთების რედაქტორების მოსმენა დაიწყო და სამეგრელოში მის ჩადენილ სისასტიკეებზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ და, მეორედ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კომუნიკაციების სფეროში არსებული მდგომარეობის გამოძიების მიზნით კომისია შექმნა და მისი ხელმძღვანელობა თინა ხიდაშელს დაავალა. უშიშროების სამინისტროს გამოცდილი კადრის მიხეილ ოსაძის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიების ბოლოს შედეგი დაიდო — კვირაია გადადგა. შედარებით ჩუმად ჩაიარა 2013-14 წლებში კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე გამოძიებამ — მასალები დაიდო.
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, წესით, მალე ამოქმედდება და ვნახავთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი მხოლოდ გამოძიების ფუნქციით და რამდენად გაბედულად იმოქმედებს ის, როცა საქმე სამართალდამცველთა გადაცდომებს შეეხება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას.