თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილ უფროს თემურ ველიჯანაშვილსა და ამავე იზოლატორის ყოფილ ინსპექტორ ვახტანგ სეფიაშვილს, რომლებსაც 2011 წელს დაპატიმრებული 14 ოპოზიციონერის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედებათ ბრალად, პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
ძველი ხელისუფლების პერიოდში პატიმრების წამების კიდევ ერთი საქმის გახსნის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 13 ოქტომბერს განაცხადა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ველიჯანაშვილმა და სეფიაშვილმა შეიმუშავეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო კრების" საპროტესტო აქციის დაკავებული მონაწილეების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სქემა.
21 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, იზოლატორის უფროსს და კიდევ ერთ თანამშრომელს, პატიმრები საკნებიდან ყოველდღიურად გამოჰყავდათ და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას.
მათ პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ ამ მაისურებით საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.
გარდა ამისა, პატიმრებს ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები. პატიმრებს არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა იზოლატორის უფროსი და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას.
ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საუბარია 2011 წლის მოვლენებზე. იმავე წლის მაისში თბილისში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო კრების" საპროტესტო აქცია იმართებოდა. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი პარლამნენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე იყო.
ძველი ხელისუფლების პერიოდში პატიმრების მიმართ მსგავსი მოპყრობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში „ციხის სკანდალი" აგორდა. ის გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო. იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
მაშინ ამ ფაქტორმა არჩევნებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" მოსვლით დასრულდა. ამ დროისათვის პატიმართა წამების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემულია 135 საჯარო მოხელე.