თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო სუპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მომზადების ფაქტზე ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, ნათვქამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბიზნესმენის გატაცების აღკვეთისა და ბრალდებულების დაკავების შესახებ შსს-მ 12 ოქტომბერს განაცხადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბოროტმოქმედებმა ბიზნესმენის მეზობლად იქირავეს ბინა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში დანაშაულს გეგმავდნენ. მათი მიზანი იყო ბიზნესმენის მძევლად ხელში ჩაგდება და მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის გამოძალვა.
ჩანაფიქრის შესასრულებლად, ბოროტმოქმედებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, ელექტროშოკი, პარიკები და სხვა ნივთები, რომლებიც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალი წარედგინა სსკ-ის 144-ე („მძევლად ხელში ჩაგდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“) და 236-ე მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა“), რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 14 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გაითვალისწინა არამარტო ის გარემოება, რომ საუბარია მძიმე დანაშაულზე, არამედ ისიც, რომ მოსალოდნელი იყო მოწმეებზე ზეწოლა, მართლამსაჯულებისგან თავის არიდება და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება.