21:47 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ენდრო

ენდრო - წითელი კვერცხი, უკვდავების ზეიმი და გაზაფხულის დღესასწაული

© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2017 (31)
152290

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე Sputnik-საქართველოს მკითხველს მცენარე ენდროზე მოუთხრობს, რომელიც საქართველოში უხსოვარი დროიდან სააღდგომო კვერცხების შესაღებად გამოიყენება.

ორიოდე დღეში ჩვენთვის ყველაზე საყვარელი, უდიდესი საუფლო დღესასწაული, აღდგომა დადგება. მორწმუნეები მოხარშულ კვერცხს წითლად ღებავენ, რითაც გამოხატავენ კაცობრიობის ცოდვებისათვის ქრისტეს დაღვრილ სისხლს.

კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია მრავალი ლეგენდით არის გადმოცემული. მათგან ყველაზე გავრცელებული, ქრისტეს მოციქულთა სწორს, მარიამ მაგდალინელს უკავშირდება, რომელიც რომის იმპერატორ ტუბერიუსს ეწვია, ძღვნად კვერცხი მიართვა და ქრისტეს აღდგომა აუწყა. იმპერატორმა არ დაიჯერა მარიამ მაგდალინელის სიტყვები „როგორც ეს კვერცხი ვერ გახდება წითელი, ისე მიცვალებულები ვერ აღდგებიან". მოხდა სასწაული, თეთრი კვერცხი წითლად შეიღება. მას შემდეგ წითელი კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ არის მიჩნეული.

კვერცხის შესაღებად არა ერთი ბუნებრივი საღებავი გამოიყენება. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია მცენარე ენდრო, რომელიც თეთრ კვერცხს მურა-წითელ შეფერილობას ანიჭებს.

ენდრო (Rubia spp.) — ენდროსებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა. გარედან მურა-წითელი, შიგნით ოქროსფერ-მოწითალო, ჰორიზონტალური, გახევებული ფესურებით და 1,5-2 მ. სიგრძის დატოტვილი მხოხავი ღეროებით.

ენდროს სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გვარში გაერთიანებული 130- მდე სახეობა, გავრცელებულია ხმელთაშუაზღვის, მცირე და შუა აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. აგრეთვე, ამერიკის და აფრიკის ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ენდროს ველური ფორმა ბუნებრივად გავრცელებულია კავკასიაში.

საქართველოში გვხვდება სამი სახეობა (Rubia iberica (Fisch.) C.Koch.; R. tinctorum L.; R. transcaucasica Grossh.) — ენდრო, ხევსურის ლილა, Марена грузинская, Крапп грузинский.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: ენდრო საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ინტენსიური წარმოების გამო საექსპორტო საგანსაც წარმოადგენდა. საქართველოდან იგი აქლემებით გაჰქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებში. ქართული ენდრო წარმატებით უწევდა კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე აზიურ და კაპრის ენდროს. ამის გამო ენდრო XIXს. 60-იან წლებიდან რუსეთის მიერ "კოლონიალურ" მცენარეების გაშენების პროექტში იყო შესული, რისთვისაც მისი მოშენების საგანგებო აგროტექნიკური ღონისძიებები იქნა შემუშავებული. მისი პლანტაციები გაშენებული იყო საქართველოს სხვადასხვა ადგილას (თელავი, სიღნაღი, აწყური, ქუთაისი). XIXს. 70-იან წლებიდან ხელოვნური საღებავის —ანილინის მიღების შემდეგ საფუძველი გამოეცალა ენდროს მოხმარებას და გაშენებას. ამჟამად ველური სახითაა გავრცელებული ქართლ-კახეთსა და იმერეთში.

მცენარე შეიცავს დიდი ოდენობით ვაშლის, ღვინის, ლიმონის და ასკორბინის მჟავებს, ანტრაქინონებს, ტრიტერპენოიდებს, ცილებს, შაქარს და პექტინოვან ნივთიერებებს. ფოთლებსა და ღეროებში კი ნახშირწყლები, ფლავონოიდები, კუმარინები, ფენოლკარბონმჟავები და მათი ნაწარმები.

ენდრო მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის სააღდგომო კვერცხების შეუცვლელი ბუნებრივი საღებავია. გარდა ამისა, მცენარე საქართველოში მატყლის და ბამბის შესაღებად გამოიყენება უკვე არა ერთი საუკუნეა.

ენდროს ფესურებისგან მიიღება ბუნებრივი საღებავი კრაპი, რომელიც უხსოვარი დროიდან განსაკუთრებით ფასობდა მდგრადი თვისების და ფერთა ფართო პალიტრის გამო, მხატვრობაში, ხალიჩების და ტექსტილის წარმოებაში, წითელი ტონის საღებავების მისაღებად. კრაპით იღებებოდა ბეწვეულის, აბრეშუმის, ბამბის, შალის და ცელულოზის ქსოვილები. საღებავი დანიშნულებით ენდროს წარმოება მასობრივად ხდებოდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. დღეს ამ კულტურის მოყვანა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც განაპირობა XIX საუკუნის ბოლოს სინთეზური საღებავის ალიზარინის წარმოებამ.

გარდა ტექნიკური გამოყენებისა, ენდროს ფესურა ხალხურ და თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ენდროსგან დამზადებული პრეპარატები ხასიათდება ოფლმდენი, შარდმდენი, სპაზმოლიზური, ბაქტერიციდული და შემკვრელი მოქმედებით.

ხალხურ მედიცინაში ენდროს ნაყენი გამოიყენება სიყვითლის და ელენთის ანთების დროს, მენსტრუალური ციკლის დარღვევისას. როგორც დამხმარე საშუალება, ძვლების ტუბერკულოზის მკურნალობისას. გარეგანი გამოყენებისთვის — კანის პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, წყლულების და დერმატომიკოზების, აგრეთვე, კანის კიბოს სამკურნალოდ.

მცენარის სხვადასხვა სამკურნალო ფორმები, თანამედროვე მედიცინაში, გამოიყენება მომნელებელი ტრაქტის და ელენთის დაავადებების, სიყვითლის, შეკრულობის, ენურეზის, რაქიტის, ოსტეოქონდროზის, პოდაგრის და პოლიართრიტების სამკურნალოდ. შლის და დევნის კენჭებს შარდის ბუშტიდან და თირკმელებიდან. აგრეთვე, მარილებს ხელისა და ფეხის მტევნების სახსრებიდან. ბაქტერიციდული თვისებების წყალობით, გამოიყენება კანზე სხვადასხვა გამონაყარის და ბაქტერიული კოკებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

ეს რაც შეეხება მცენარის სასარგებლო თვისებებს.

ახლა მინდა ჩემი მოსაზრება გაგაცნოთ. საინტერესო კავშირი აღმოვაჩინე ენდროს რუსულ სახელწოდებას და სლავურ მითოლოგიას შორის. 

ენდროს რუსული სახელია მარენა (მარა, მორენა, მორა, მარევო) — სლავური მითოლოგიით, ზამთრის და სიკვდილის მრისხანე ქალღმერთი, რომელსაც აგრეთვე, დედამიწის, განწმენდის, მარადიული ძილის და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდაც მიიჩნევენ. მარენა აერთიანებს დაბადებას, ნაყოფიერებას და სიკვდილს — აუცილებელს სიცოცხლის უწყვეტობისთვის. მარენას წყალობით სიცოცხლე ნელდება, ბუნება იძინებს, გაზაფხულზე კი განახლებული ძალებით იღვიძებს. რომ არ იყოს მარენა, ბუნება ვერ მოასწრებდა დასვენებას, მუდმივად იქნებოდა ნაყოფის მომცემი და მალევე გახდებოდა უნაყოფო.

მეორეს მხრივ, კვერცხი დაბადების და აღორძინების, უხვი ნაყოფიერების და შობის, სიცოცხლის უკვდავების, სამყაროს შექმნის, ყოფიერების და მისი საიდუმლოების სიმბოლოა. გარედან უსულოდ გამოიყურება, შიგნით კი ახალი სიცოცხლე იღვიძებს. მასში მზიური ფრინველის — მამლის ჩანასახი იზრდება, რომელიც მზის სითბოს, სინათლეს, ბუნების გამოღვიძებას და ბნელი ღამის სუსხისგან გათავისუფლებას გვახარებს. სხვა სიტყვებით — კვერცხი არარსებობიდან ყოფიერებაში გადასვლის სიმბოლოს წარმოადგენს. 

არსებობს მოსაზრება, რომ კვერცხის შეღებვა ენდროთი დაკავშირებულია გაზაფხულის დღესასწაულთან, რომელსაც ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე ზეიმობდნენ ძველი ხალხები. მაგალითად: აპრილის შუა რიცხვებში სლავები დღესასწაულობენ გაზაფხულის დადგომას, სხვა სიტყვებით — მიწის ნაყოფიერების დღესასწაულს. ეს დღესასწაული ახალი სიცოცხლის ჩასახვის, თესვის დაწყების, ბუნების გამოღვიძების სიმბოლოდ მიიჩნევა. ამ დღეს ცხვება კულიჩი, როგორც მამაკაცური ძალის და ნაყოფიერების სიმბოლო და ხაჭოს, ან ყველის ღვეზელი — პასკა, როგორც ქალური ნაყოფიერების სიმბოლო. 

© RIA Novosti.
როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხი -ოთხი რჩევა პროფესიონალისგან

არა ერთ ერში დღემდეა შემორჩენილი მსგავსი, ტრადიციული საგაზაფხულო დღესასწაული, რომელიც ვფიქრობ, კავშირში უნდა იყოს ქრისტეს აღდგომასთან — სიცოცხლის ზეიმთან. შეღებილი კვერცხებითა და გამომცხვარი ტკბილეულობით ეგებებიან გაზაფხულის შემობრძანებას — "ნოვრუზობას" მუსულმანები. უკრაინასა და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ტრადიციული ზეიმი "Масленица", დიდი მარხვის ყველიერის კვირას, გაზაფხულის ბუნიაობას ემთხვევა. მთელი კვირის მანძილზე ცხვება ბლინები — სიმბოლო მზის და გაზაფხულის დადგომის. ინთება ცეცხლი, წვავენ მარენას თოჯინას. რიტუალი განასახიერებს ბუნების გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას. დიდი მარხვის დასრულება გვირგვინდება უდიდესი საუფლო დღესასწაულით — ქრისტეს აღდგომით.

ვფიქრობ, კავშირი უნდა იყოს ძველ ხალხურ ტრადიციებსა და ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს შორის. სააღდგომო კვერცხი გვახსენებს, რომ ქრისტე აღდგა საფლავიდან და ახალი სიცოცხლე მოგვცა კაცობრიობას.

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ სრულიად საქართველოს.

თემები:
აღდგომა 2017 (31)

მთავარი თემები