23:09 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (1018)
100 0 0

როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ვაქცინაცია, რა გამოცდილება შეიძინა ხალხმა პანდემიის „მეორე ტალღის“ შედეგად და რა არის მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე – ამ კითხვებზე „Sputnik-საქართველოს“ თბილისის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელმა უპასუხა.

მაშინ, როცა მრავალი ქვეყანა აქტიურად იცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში ეს პროცესი მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო და იმდენად დუნედ მიმდინარეობს, რომ, ეპიდემიოლოგების სიტყვებით, არა მხოლოდ კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას არ შეუწყობს ხელს, არამედ კორონავირუსის „მესამე ტალღასაც“ ვერ აარიდებს ქვეყანას.

იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხეიძემ „Sputnik–საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ არ ჩქარობენ საქართველოს მოქალაქეები აცრას და რამდენად ჩამორჩება ქვეყანა ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის გეგმას.

Медицинский директор детской центральной больницы им. Иашвили Иване Чхаидзе
photo: courtesy of Ivane Chkhaidze
ივანე ჩხაიძე

- როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი საქართველოში?

- საქართველოში არსებობს ვაქცინაციის ეროვნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის აცრას. ეს დაახლოებით 1,5-1,7 მილიონი ადამიანია. თუ დღეებით დავითვლით, დღეში 5-6 ათასი აცრილი გამოვა. ეს ის რიცხვია, რომელიც პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვაქცინაცია 15 მარტიდან დავიწყეთ და ყველაზე კარგი მაჩვენებელი დღემდე იყო 1,1 ათასი აცრილი დღეში. ანუ 4-5-ჯერ ნაკლები იმ მაჩვენებელზე, რომელიც ქვეყანას პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად სჭირდება. ვაქცინაცია გეგმის მიხედვით არ ტარდება და ჩვენ ძლიერ ჩამოვრჩებით დაგეგმილ მაჩვენებლებს.

- რატომ არ ენდობა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინას?

- საქართველომ ჯერ AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო, შემდეგ – Pfizer-ის. ისე მოხდა, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას ჰქონდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც სისხლის შედედებას უკავშირდებოდა და დროებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნამდე ვაქცინაცია შეაჩერა.

ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც საქართველო AstraZeneca-ს პრეპარატით აცრას იწყებდა. ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და ხალხს ამ ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაუჩნდა.

ექიმებიც და მოსახლეობაც ეჭვით უყურებდნენ ვაქცინას, რამაც, რასაკვირველია, გავლენა მოახდინა პროცესზე.

გარდა ამისა, 18 მარტს, ვაქცინაციის დაწყებიდან სამ დღეში, აცრის შემდეგ ახალციხელი მედდა გარდაიცვალა, რამაც სკეპტიციზმი გაამძაფრა.

რა შემთხვევაში მოუწევს საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრება: გამყრელიძის განმარტება>>

მიზეზები არსებობს, თანაც საკმაოდ სერიოზული. ასე რომ, ამ სკეპტიციზმის გადასალახად დრო დაგვჭირდება.

ამჟამად ვაქცინაციის მაჩვენებლები ოდნავ გაუმჯობესდა. პირველ კვირაში დღეში 700 ადამიანი იყო, შემდეგ – 1,1 ათასი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ ეს ტემპი, სულ მცირე, 4-5-ჯერ მაღალი არ იქნება, წლის ბოლომდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ პოპულაციურ იმუნიტეტს. რაც ნიშნავს, რომ საქართველოში სიკვდილიანობა გაგრძელდება. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეებში იმატებს და რისკი, რომ ქვეყანაში COVID-19-ით ყოველდღიური სიკვდილიანობა 2022 წელსაც გაგრძელდება, უზარმაზარია.

- რომელ ვაქცინას ენდობიან საქართველოში უფრო მეტად?

- თუ ვინმე არ ენდობა AstraZeneca-ს პრეპარატს, არის მეორე ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მცხოვრებნი უფრო მეტად ენდობიან. საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის შეზღუდული რაოდენობა შემოვიდა – 29,5 ათასი, რომელიც საკმარისია 14,5 ათასი ადამიანისთვის.

თუმცა, თუ დღეს ვინმეს ამ ვაქცინით აცრა მოუნდება, ვეღარ შეძლებს. ყველა ცენტრი, სადაც Pfizer-ით იცრებიან, უკვე შევსებულია. გამოდის, რომ საქართველოში ამ ვაქცინას უფრო ენდობიან, ვიდრე AstraZeneca-ს.

გამოდის, თუ მომავალში Pfizer-ის ვაქცინას შევიძენთ, ყოველდღიურად უფრო მეტი ხალხი აიცრება, ვიდრე დღეს.

სახელმწიფო აწარმოებს მოლაპარაკებას კომპანიასთან, რათა Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა შემოიტანოს. თუ ეს გამოვა, მილიონი დოზა ათვისებული იქნება. მთავარია, რომ ის ტემპი, რომელიც Pfizer-ის ვაქცინით ამცრელ ცენტრებში შეინიშნება, ყოველდღიურად 5-6 ათასი ადამიანის აცრის შესაძლებლობას მოგვცემს.

- სახელმწიფო თუ გეგმავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ვაქცინის პირველ დოზებს ქვეყანაში მარტის ბოლოს ველოდით. შესაბამისად, ვგეგმავდით საინფორმაციო კამპანიის დაწყებას მარტის შუა რიცხვებიდან. მაგრამ ისე მოხდა, რომ ვაქცინა ორი კვირით ადრე მივიღეთ, ვიდრე ველოდით. ანუ სარეკლამო კამპანიისთვის დაგეგმილი დრო აღარ დაგვრჩა.

სარეკლამო კამპანიას ვგეგმავთ. ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ 100 ცნობილი მოქალაქისთვის ვაქცინის 200 დოზას გამოვყოფდით. ესენი არიან სპორტის, კულტურის, პოლიტიკის წარმომადგენლები, რომლებსაც საზოგადოება ენდობა. იგეგმება, რომ ეს 100 ადამიანი აიცრება და დანარჩენებს მაგალითს მისცემს.

მეორე სცენარია – კომპანია Pfizer-სგან რაც შეიძლება მეტი დოზის მიღება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია მიზნის მისაღწევად – დღეში 5 ათასი ადამიანის აცრის.

აღვნიშნავ, რომ თბილისში გაცილებით მეტი მსურველია, ვიდრე რეგიონებში. უახლოეს ორ კვირაში დედაქალაქის კლინიკებში ვაქცინაციის ყველა ადგილი შევსებულია, რეგიონებში – არა.

- „მესამე ტალღის“ რისკი თუ არსებობს საქართველოში?

- ევროპის ქვეყნებში „მესამე ტალღა“ დაწყებულია. გერმანია, საფრანგეთი, იტალია იძულებული არიან, კვლავ „ლოკდაუნები“ გამოაცხადონ. ეს ტალღა რეალურად არსებობს ევროპაში და ზოგ ქვეყანაში უფრო მასშტაბურად მიმდინარეობს, ვიდრე „მეორე ტალღა“.

მიმდინარე წლის 1 მარტისთვის ჩვენთან კორონავირუსის 1,8 ათასი აქტიური შემთხვევა იყო. დღეს ეს რიცხვი 6 ათასს აღწევს. ანუ დაახლოებით ერთ თვეში რიცხვი სამჯერ და მეტად გაიზარდა. ეს საკმაოდ სერიოზული ნამატია. დიდი ხანია არ გამოგვივლენია დღეში 800 ინფიცირებული, ახლა კი ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

ამას თუ არ შევაჩერებთ, საქართველოში „მესამე ტალღა“ აუცილებლად დადგება. ჩვენ გვახსოვს, როგორ მოხდა ეს 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, როდესაც ყველამ ჩათვალა, რომ პრობლემები უკან მოიტოვა, საქართველომ „პირველი ტალღა“ გადალახა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. შედეგად კატასტროფული რიცხვები მივიღეთ.

ეს სრული მოულოდნელობა იყო და არც ერთი სცენარი, რომელზეც ვმსჯელობდით, არ ითვალისწინებდა მოვლენების მსგავს განვითარებას. ჩვენ არ ველოდით დღეში ათასზე მეტ ინფიცირებულს. სისტემა კი გაუმკლავდა, მაგრამ ძალიან რთული იყო. საავადმყოფოებში არ იყო ადგილები, სასწრაფო დახმარება იგვიანებდა. ამ პერიოდის ერთ-ერთი გაკვეთილი იყო ის, რომ კარგი შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვენახა, რა არის ნამდვილი ტალღა, როდესაც საავადმყოფოები ძლივს უმკლავდებიან საქმეს.

კრიტიკული მედიცინა შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობდა. ეს აუცილებელი პრაქტიკა იყო. ყველა ქვეყანამ გამოიარა ეს ეტაპი. ალბათ მიღებული გამოცდილება გამოგვადგება. ასეთი ავადმყოფების მკურნალობის პრაქტიკა გვაქვს. მაგრამ მთავარი მაინც ის საკითხია, რამდენი ინფიცირებული გვეყოლება დღეში. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ რიცხვი კვლავაც დღეში 4-5 ათასს ან მეტს მიაღწევს. ქვეყანა და სამედიცინო სისტემა მზად უნდა იყოს.

- ვაქცინაცია „მესამე ტალღის“ შედეგების შემსუბუქებაში არ დაგვეხმარება?

- ვარიანტი, რომ „მესამე ტალღის“ გავლენას შევამცირებთ, თუ მეტი აცრილი გვეყოლება, უკვე ნამდვილად აღარ მუშაობს. უახლოეს 2-3 თვეში ბევრი აცრილი არ გვეყოლება.

  • ვფიქრობ, თუ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს გადააჭარბებს, „ლოკდაუნის“ გამოცხადება, ჩაკეტვა და შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს. არის რამდენიმე რაიონი, სოფელი, რომლებიც უკვე დავხურეთ. ვფიქრობ, ამ გზით უნდა წავიდეთ. ათასი ინფიცირებული საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს.

ჩვენთვის სერიოზული გამოწვევა იქნება აღდგომის დღესასწაული. ამიტომ შეზღუდვების გარკვეული გეგმა უნდა გვქონდეს. აღდგომა – ხალხის თავშეყრაა, რასაც ყოველთვის ახლავს ინფექციის გავრცელების რისკი. 2-3 კვირაში გაირკვევა, გვექნება „მესამე ტალღა“ თუ არა.

ან ადეკვატური ზომებით ვუპასუხებთ ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას, ან „მესამე ტალღას“ მივიღებთ, რაც ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, კრიტიკული მედიცინის განყოფილებებში ავადმყოფთა დიდ რაოდენობას, ლეტალური შედეგის დიდ რაოდენობას მოიტანს. შესაძლოა ჩვენი სისტემა გაუმკლავდეს კიდევ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს კატასტროფა იქნება.

- რატომ იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი?

- მიზეზი ნათელია. ნიღბებს თბილისშიც და რეგიონებშიც ერთეულები იკეთებენ. ყველამ იფიქრა, რომ პანდემია დასრულდა და წარსულს ჩაბარდა. ასე ვიფიქრეთ შარშანაც და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ნიღბების ტარება – ვირუსის შეკავების ერთადერთი მეთოდია. დისტანციასა და უსაფრთხოების სხვა ზომებზე აღარაფერს ვამბობ.

ჩვენთან ნიღბები ნიკაპზე უკეთიათ, ან მხოლოდ პირს იფარავენ, ასეთ პირობებში კი „მესამე ტალღას“ ვერ ავირიდებთ.

ნიღბები აბსოლუტურად ხელმისაწვდომია, იაფია. დასაწყისში იყო ძვირი. ადრე მათი გამოცვლა ყოველ ორ საათში ერთხელ იყო აუცილებელი. მოგვიანებით ჯანმომ შეცვალა რეკომენდაცია და ეს დრო ოთხ საათამდე გაზარდა. ამიტომ, თუ ქუჩაში ხართ, ორი ნიღაბი დღეში საკმარისია. განა ეს რთულია?! სამწუხაროდ, ეს ინფიცირებულთა ზრდის ძირითადი მიზეზია.

ლიზა შელია

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (1018)

მთავარი თემები