ამირან გამყრელიძე: საქართველო COVID-19-ის მესამე ტალღის წინაშე დგას

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები კვლავ კლასტერებზე და საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა კვლავ კოვიდშეზღუდვების ამოქმედება გამოიწვიოს, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე მოქმედებდა

თბილისი, 4 აპრილი  – Sputnik. საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას უახლოვდება, უახლოეს დროს მოსალოდნელია ვირუსის საყოველთაო გავრცელება, ასეთია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თვალსაზრისი.

საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3%-იან ნიშნულს უახლოვდება - დღეს მან 2,97% შეადგინა, ბოლო 14 დღის - 1,85%, ბოლო 7 დღის - 2,01%.

„დაიწყო ე.წ. კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში საკონტროლო პუნქტები მოეწყო და წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს. სოფლებში ტარდება თერმოსკრინინგი და მასობრივი PCR-ტესტირება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 464-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 283.833-ს მიაღწია, გარდაიცვალა – 3.811 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 7).

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0